ჰენრიეტა სუონ ლივიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰენრიეტა სუონ ლივიტი
ინგლ. Henrietta Swan Leavitt
დაბ. თარიღი 4 ივლისი, 1868(1868-07-04)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი ლანკასტერი[4]
გარდ. თარიღი 12 დეკემბერი, 1921(1921-12-12)[1] [5] [3] (53 წლის)
გარდ. ადგილი კემბრიჯი[4]
დასაფლავებულია კემბრიჯის სასაფლაო[6]
მოქალაქეობა აშშ
საქმიანობა ასტრონომი[4]
მუშაობის ადგილი ჰარვარდის უნივერსიტეტი და ჰარვარდის კოლეჯის ობსერვატორია[4]
ალმა-მატერი რედკლიფის კოლეჯი[4] , ჰარვარდის უნივერსიტეტი და ობერლინის კოლეჯი[4]
მამა Rev. George Roswell Leavitt :))[7]
დედა ჰენრიეტა სვენ კენდრიკი[7]
ნათესავ(ებ)ი ჯონ ლივიტი და ერასმუს დარვინ ლივიტი

ჰენრიეტა სუონ ლივიტი (ინგლ. Henrietta Swan Leavitt ; დ. 4 ივლისი, 1868 — გ. 12 დეკემბერი, 1921) — ამერიკელი ასტრონომი. დაკავებული იყო ცვლადი ვარსკვლავების შესწავლით. მისმა აღმოჩენამ, შორეულ გალაქტიკებამდე მანძილის გაზომვის შესახებ ცვლილება შეიტანა სამყაროს ბუნების გაგებაში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლივიტი დაიბადა 1868 წელს მასაჩუსეტსის შტატის პატარა ამერიკულ ქალაქ ლანკასტერში. 1892 წელს დაამთავრა რედკლიფის კოლეჯი ბაკალავრის ხარისხით. გადაიტანა მძიმე ავადმყოფობა, რის გამოც შეექმნა პრობლემები სმენასთან დაკავშირებით: თითქმის სრულიად დაყრუვდა. თუმცა, ამან ხელი არ შეუშალა დაეწყო მუშაობა ჰარვარდის კოლეჯის ობსერვატორიაში 1893 წელს, სადაც მიიღო ასტრონომიის პროფესორის ედუარდ ჩარლზ პიკერინგის თანაშემწის თანამდებობა. დაკავებული იყო გამოთვლებით. 1902 წლიდან დაიწყო ვარსკვლავების გამოსახულებიანი ფოტოგრაფიული ფირფიტების კატალოგის მოწესრიგება, ადგენდა მათ სიკაშკაშეს ვარსკვლავურ სიდიდეებში.

ლივიტმა აღმოაჩინა 2400-ზე მეტი ცვლადი ვარსკვლავი (ძირითადად მაგელანის ღრუბლებში 1893 წლიდან გადაღებულ სურათებზე დაყრდნობით, პერუში, არეკიპას ობსერვატორიაში) . მან 1908 წელს გამოაქვეყნა თავისი პირველი კატალოგი, რომელშიც შედიოდა 1777 ცვლადი ვარსკვლავი. ცეფეიდების შესწავლამ მიიყვანა იგი სიკაშკაშის ცვლილების პერიოდსა და ვარსკვლავის სიკაშკაშეს შორის კავშირის აღმოჩენამდე, რაც შემდგომში დაეხმარა ასტრონომებს მანძილების გაზომვაში როგორც ჩვენს გალაქტიკაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. [8] პიკერინგთან ერთად მან ასევე შეიმუშავა ვარსკვლავური სიკაშკაშის ფოტოგრაფიული გაზომვის სტანდარტი, რომელმაც მიიღო საერთაშორისო აღიარება 1913 წელს და ეწოდა ჰარვარდის სტანდარტი.

ჰენრიეტა ლივიტი სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ჰარვარდის კოლეჯის ობსერვატორიაში. გარდაიცვალა კიბოთი 1921 წელს. მის საპატივსაცემოდ ასტეროიდ (5383) -ს დაარქვეს ლივიტი, ასევე მთვარეზე კრატერს უწოდეს ლივიტის კრატერი.

კარიერა ასტრონომიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლივიტი ჰარვარდის კოლეჯის ობსერვატორიას შეუერთდა მოგზაურობის შემდეგ 1903 წელს. იმის გამო, რომ ჰენრიეტა განკარგავდა დამოუკიდებელ სახსრებს, თავდაპირველად პიკერინგს არ უწევდა მისთვის ხელფასის გადახდა. მოგვიანებით მას დაენიშნა 0.30 აშშ დოლარი (2020 წლის მიხედვით 8.64 აშშ დოლარის ექვივალენტი) საათობრივად ჯამურად 10.50 აშშ დოლარი (302.44 აშშ დოლარის ექვივალენტი 2020 წელს) კვირაში. მოგონებების მიხედვით, ის იყო „შრომისმოყვარე, სერიოზული..., ნაკლებად მიდრეკილი არასერიოზული საქმიანობისკენ. თავდადებული ოჯახზე, ეკლესიასა და კარიერაზე“. ერთ-ერთი ქალი, რომელთანაც ლევიტი მუშაობდა ჰარვარდის ობსერვატორიაში, იყო ენი ჯამპ ქენონი. პიკერინგმა ლივიტს დაავალა მცირე და დიდი მაგელანის ღრუბლების ცვლადი ვარსკვლავების შესწავლა. მან მოახდინა 1777 ცვლადი ვარსკვლავის იდენტიფიცირება. 1908 წელს გამოაქვეყნა თავისი შედეგები ჰარვარდის კოლეჯის ასტრონომიული ობსერვატორიის ქრონიკაში, სადაც აღნიშნა, რომ ნათელ ცვლადებს უფრო გრძელი პერიოდები ჰქონდათ. 1912 წელს გამოქვეყნებულ სხვა ნაშრომში, ლივიტმა კარგად შეისწავლა ურთიერთობა პერიოდებსა და სიკაშკაშეს შორის 25 ცეფეიდის ცვლადის ნიმუშის მცირე მაგელანის ღრუბელში ეს დოკუმენტი ხელის მოსაწერად გადაეცა ედუარდ პიკერინგს,თუმცა აღინიშნა, რომ ის "მომზადებული იყო მისის ლევიტის მიერ".

მან გამოიყენა გამარტივებული თეორია, რომ ყველა ცეფეიდი პატარა მაგელანის ღრუბელში მდებარეობდა დაახლოებით ერთსა და იმავე მანძილზე, ამგვარად, მათი შინაგანი სიკაშკაშე შეიძლება განისაზღვროს ფოტოგრაფიულ ფირფიტებზე დაფიქსირებული მათი აშკარა სიკაშკაშიდან, მასშტაბის ფაქტორამდე, რადგან მანძილი მაგელანის ღრუბლებამდე ჯერ კიდევ უცნობი იყო. მან გამოთქვა ვარაუდი, რომ ზოგიერთი ცეფეიდის პარალაქსები გაიზომებოდა, რაც მალევე მოხდა და რამაც მისი აბსოლუტური სიდიდის შკალის დაკალიბრება გახადა შესაძლებელი. ამ გადაწყვეტილებამ საშუალება მისცა ლივიტს დაედგინა, რომ პერიოდის ლოგარითმი წრფივად არის დაკავშირებული ვარსკვლავის საშუალო შინაგანი ოპტიკური სიკაშკაშის ლოგარითმთან (რომელიც წარმოადგენს ვარსკვლავის მიერ ხილულ სპექტრში გამოსხივებული ენერგიის რაოდენობას). [9]

ლივიტმა ასევე შეიმუშავა და განაგრძო ფოტოგრაფიული გაზომვების ჰარვარდის სტანდარტის დახვეწა, ლოგარითმული მასშტაბი, რომელიც აწესრიგებს ვარსკვლავებს 17 მაგნიტუდაზე მაღალი სიკაშკაშის მიხედვით. მან თავდაპირველად გააანალიზა 299 ფირფიტა 13 ტელესკოპიდან საკუთარი შკალის ასაგებად, რომელიც საერთაშორისო კომიტეტმა მიიღო 1913 წელს.

1913 წელს ლივიტმა აღმოაჩინა T კომპასი, განმეორებითი ახალი ვარსკვლავი კომპასის თანავარსკვლავედში და ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განმეორებადი ახალი ვარსკვლავი ცაში, დაფიქსირებული 1890, 1902, 1920, 1944, 1967 და 2011 წლებში.

ლივიტი იყო Phi Beta Kappa-ს საზოგადოების, უნივერსიტეტის ქალთა ამერიკული ასოციაციის, ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების, მეცნიერების განვითარების ამერიკული ასოციაციის წევრი და ცვლად ვარსკვლავებზე დამკვირვებელთა ამერიკული ასოციაციის საპატიო წევრი. 1921 წელს, როდესაც ჰარლოუ შეპლიმ დაიკავა დირექტორის თანამდებობა, ჰენრიეტა ლივიტი დაინიშნა ვარსკვლავური ფოტომეტრიის განყოფილების უფროსად. იმავე წლის ბოლოს, იგი გარდაიცვალა კიბოთი და დაკრძალეს ლივიტების საოჯახო სასაფლაოზე, კემბრიჯის სასაფლაოზე, კემბრიჯში, მასაჩუსეტსი.

წვლილი მეცნიერებაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეცნიერის მწერლის ჯერემი ბერნშტეინის თქმით, „ცვლადი ვარსკვლავები მრავალი წლის განმავლობაში იწვევდნენ ინტერესს, მაგრამ როდესაც ამ ფირფიტებს სწავლობდა, მეეჭვება, ლივიტს ეფიქრა მნიშვნელოვანი აღმოჩენის გაკეთებაზე, რომელიც საბოლოოდ შეცვლიდა ასტრონომიას“. ცეფეიდებში პერიოდისა და სიკაშკაშის ურთიერთობამ, რომელიც ახლა ცნობილია როგორც "ლივიტის კანონი", ასტრონომიაში შექმნა მანძილის შკალა, რომელიც მეცნიერებს საშუალებას აძლევდა გამოეთვალათ შორეული მანძილი ვარსკვლავებამდე, ვარსკვლავურ პარალაქსზე დაკვირვებები სასარგებლო რომ ყოფილიყო. ლევიტის მიერ გამოცხადებული შედეგებიდან ერთი წლის შემდეგ, ეინარ ჰერცპრუნგმა დაადგინა მანძილი ირმის ნახტომის რამდენიმე ცეფეიდამდე, ასევე განსაზღვრა, რომ მანძილის დადგენა ნებისმიერ ცეფეიდამდე შეიძლებოდა ზუსტად ამ კალიბრაციის გამოყენებით. ამრიგად, ლივიტის აღმოჩენამ სამუდამოდ შეცვალა ჩვენი სამყაროს სურათი, რადგან მან "დიდი დებატების" დროს (1920) აიძულა ჰარლოუ შეპლი ჩვენი მზე გადაეტანა გალაქტიკის ცენტრიდან ", ხოლო ედვინ ჰაბლი — ჩვენი გალაქტიკა გადაეტანა სამყაროს ცენტრიდან.

ლივიტის მანძილების ზუსტად გაზომვის აღმოჩენამ გალაქტიკათშორისი მასშტაბით გაუხსნა გზა თანამედროვე ასტრონომიის მიერ სამყაროს სტრუქტურისა და მასშტაბის გაგებას. ედვინ ჰაბლის, ამერიკელი ასტრონომის მიღწევები, რომელმაც დაადგინა, რომ სამყარო ფართოვდება, ასევე შესაძლებელი გახდა ლივიტის პიონერული კვლევის შედეგად. ჰაბლი ხშირად ამბობდა, რომ ჰენრიეტა ლივიტი თავისი ნამუშევრებისთვის ნობელის პრემიას იმსახურებდა. მათემატიკოსმა მიტაგ-ლეფლერმა, შვედეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრმა 1925 წელს სცადა მისი წარდგენა ნობელის პრემიაზე, მაგრამ შეიტყო, რომ ლივიტი გარდაიცვალა კიბოთი სამი წლით ადრე წარდგენამდე. (ნობელის პრემია გარდაცვალების შემდგომ არ გაიცემა.)

ცეფეიდების ცვლადები ასტრონომებს საშუალებას აძლევს გაზომონ მანძილი დაახლოებით 20 მილიონი სინათლის წლის მანძილზე. ახლა კიდევ უფრო დიდი მანძილის გაზომვა შესაძლებელია თეთრი ჯუჯების თეორიული მაქსიმალური მასის გამოყენებით, რომელიც გამოითვლება სუბრამანის ჩანდრასეხარის მიერ .

ავადმყოფობა და გარდაცვლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰარვარდში ლივიტის კვლევით სამუშაოებს ხშირად აფერხებდა ავადმყოფობა. ასტრონომის ადრეული გარდაცვალება 53 წლის ასაკში კუჭის კიბოთი კოლეგებმა ტრაგედიად აღიქვეს. მისმა კოლეგამ სოლონ ბეილიმ თავის ნეკროლოგში დაწერა, რომ "იგი ფლობდა ბედნიერ, მხიარულ ნიჭს დაეფასებინა ყველაფერი, რაც სხვებში ღირსეული და მიმზიდველი იყო, და მასში ბუნებრივად იყო ისეთ მზის სხივი, რომელიც მის ცხოვრებას აზრიანს და ლამაზს ხდიდა".

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  2. დეპორტივო ლა-კორუნია — 1906.
  3. 3.0 3.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 Ogilvie M. B. The Biographical Dictionary of Women in Science: Pioneering Lives From Ancient Times to the Mid-20th CenturyRoutledge, 2003. — Vol. 2. — P. 759. — 798 p. — ISBN 978-1-135-96342-2
  5. SNAC — 2010.
  6. Find a Grave — 1996.
  7. 7.0 7.1 Pas L. v. Genealogics — 2003.
  8. Тоточава А. Г.. Дочери Урании. Астронет. ციტირების თარიღი: 2012-02-11.
  9. Собел 2024.