შინაარსზე გადასვლა

ჰელიქტიტი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰელიქტიტი
ჰელიქტიტი

ჰელიქტიტი (ბერძ. ηλικιτός — „დაკლაკნილი“) — ნაღვენთ-ნაწვეთი დანალექი კარსტულ მღვიმეებში.[1]

ჰელიქტიტი წარმოადგენს კალციტისა და არაგონიტის ზრდა-განვითარების ერთ-ერთ ფორმას. ჰელიქტიტებს მიეკუთვნება თავისებური აგრეგატები უცნაურად ნაღუნი ცილინდრული და კონუსური ტოტების, განტოტებული ბუსუსიანი კონუსების, რთული სპირალებისა და სხვათა სახით. ჰელიქტიტი ისე გამოიყურება, თითქოსდა უწონობის პირობებში ყოფილიყოს წარმოქმნილი.[2]

ჰელიქტიტები როგორც ჩანს, კაპილარული ძალების შედეგია, მათთვის დამახასიათებელია წვრილი შიდა ღერძული კაპილარი. ამ კაპილარის გავლით ხდება მკვებავი ხსნარის მოდინება ჰელიქტიტის წვერისაკენ, რომელიც იღვრება მის ზედაპირზე და ახორციელებს მზარდი აგრეგატის კვებას მასში შემცველი ბიკარბონატის კალციუმის დაშლის ხარჯზე. ჰელიქტიტები გვხვდება მღვიმეების სუსტადგაწყლოვანებულ ადგილებში, ჯგუფებადაა განლაგებული და გადაჭიმულია ქანების ნაპრალების გასწვრივ. არაგონიტის ჰელიქტიტი წარმოადგენს ორი ან სამი სფეროკრისტალის ექსცენტრულ შეზრდას.[2]

კალციტის ჰელიქტიტის აგებულება არსებითად არაგონიტული ჰელიქტიტის აგებულების ანალოგიურია, თუმცა გარეგანი ნიშნების მიხედვით, შეიძლება მისგან ძლიერ განსხვავდებოდეს.[2]

ჰელიქტიტების პირველი დეტალური აღწერა ეკუთვნის ოლაუს ვორმს (1665).[3]

ჰელიქტიტები გვხვდება საქართველოს კარსტულ მღვიმეებშიც, ამ მხრივ გამოსარჩევია ახალი ათონის, სათაფლიისა და პრომეთეს კარსტული მღვიმეები. ახალი ათონის მღვიმეში არსებობს ერთი დარბაზი, რომელიც „ჰელიქტიტების სალონის“ სახელწოდებითაა ცნობილი. ამ დარბაზმა სახელი მასში უხვად წარმოდგენილი ექსცენტრული ჰელიქტიტების გამო მიიღო. აქ ჰელიქტიტები მეტად უცნაური ფორმისანი არიან; წააგავენ ზამბარებს, კითხვის ნიშნებს, წრეებს, ხრახნებს და სხვა.[4]