ზურაბ ტატაშიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ზურაბ ტინტილოზოვი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზურაბ ტატაშიძე
Zurab tatashidze.jpg
დაბ. თარიღი 24 სექტემბერი 1928(1928-09-24)
დაბ. ადგილი საჩხერე, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 2011
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
სამეცნიერო სფერო გეოგრაფია
მუშაობის ადგილი ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები ღირსების ორდენი და სსრკ-ის სახელმწიფო პრემია

ზურაბ ტატაშიძე, აგრეთვე ზურაბ ტინტილოზოვი (დ. 24 სექტემბერი 1928, ქალაქი საჩხერე ― გ. 2011) ― ქართველი გეოგრაფი. გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი (1973), პროფესორი (1979). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1997). ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი (1992-2006), საქართველოს ეროვნული სპელეოლოგიური საზოგადოების პრეზიდენტი (1998-2004). დიდია მისი ღვაწლი საქართველოს მაღალმთიანი კარსტული მღვიმეების კვლევაში. გამართლდა ტატაშიძის არაერთგზის გამოთქმული მოსაზრება საქართველოს მაღალმთიან კირქვულ მასივებზე ზეღრმა კარსტული მღვიმეების არსებობის შესახებ.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზურაბ ტატაშიძე დაიბადა დასავლეთ საქართველოს ქალაქ საჩხერეში. 1951 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი. 1955 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ყვირილის აუზის გეომორფოლოგიისათვის“. 1954-1957 წლებში მუშაობდა ქალაქ გორში პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1957 წელს გადაინაცვლა ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში, სადაც დიდი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სპელეოლოგია-კარსტოლოგიის განყოფილებას. გარკვეული ხანი მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც გეომორფოლოგიის კათედრას ხელმძღვანელობდა.

1954-1957 წლებში ნ. ბარათაშვილის სახელობის გორის პედაგოგიური ინსტიტუტის უფროსი მასწავლებელი; 1957-1958 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1958-1960 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1975-1990 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის კარსტოლოგია-სპელეოლოგიის განყოფილების გამგე; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეომორფოლოგიის კათედრის გამგე; 1990-1993 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი;

სამეცნიერო მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზურაბ ტატაშიძის სამეცნიერო მოღვაწეობის სფერო იყო: სპელეოლოგია, კარსტოლოგია და გეომორფოლოგია. ავტორია 300-მდე სამეცნიერო ნაშრომისა. იგი თავიდანვე იჩენდა დიდ ინტერესს საქართველოს კარსტული მღვიმეების მიმართ. მოაწყო მრავალი სამეცნიერო ექსპედიცია.

ზურაბ ტატაშიძემ არაერთი საყურადღებო კვლევა ჩაატარა სამეგრელოში, იმერეთსა და აფხაზეთში. გამოიკვლია ამ კარსტული მხარეების გეომორფოლოგიური საკითხები, აღწერა მრავალი მღვიმე, ჭა, უფსკრული. სპეციალური გამოკვლევები მიუძღვნა საქართველოს კარსტულ მღვიმეებში არსებულ სპეციფიურ წარმონაქმნებს. ტატაშიძემ და მისმა კოლეგებმა საქართველოს კარსტული მღვიმეების შესწავლა ინტენსიურად 1960-იანი წლებიდან დაიწყეს. არის ახალი ათონის მღვიმის ერთ-ერთი აღმომჩენი, რომელიც საბოლოოდ კომპლექსურად ვახუშტი ბატონიშვილის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტმა შეისწავლა. ტატაშიძემ ახალი ათონის მღვიმეს ცალკეული სამეცნიერო შრომები უძღვნა. სენსაციური იყო 1980-იანი წლების აღმოჩენები, როცა მისი აქტიური მონაწილეობით ჩატარდა ექსპერიმენტული გამოკვლევები და გამოვლინდა მსოფლიოს ერთ-ერთი უღრმესი „ნაფრა-მჭიშთას“ (2345 მ) კარსტულ-ჰიდროლოგიური სისტემა. ეს აღმოჩენა იყო საერთაშორისო მნიშვნელობის, ხოლო საქართველოს კარსტულმა ფენომენებმა უცხოელ მკვლევართა საყოველთაო ყურადღება მიიპყრო.[1] დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს კარსტული მღვიმეების კვლევისა და პოპულარიზაციის საქმეში. ტელევიზიით და რადიოთი გადაიცემოდა მის მიერ მომზადებული სიუჟეტები, კითხულობდა ლექციებს საქართველოს უნიკალური მღვიმური სისტემების პრაქტიკული მნიშვნელობის შესახებ, ჩატარებულმა ღონისძიებებმა დიდი როლი ითამაშა ქართველი ახალგაზრდების მღვიმეებით დაინტერესების საქმეში.

იგი ხშირად სამეცნიერო ნაშრომებს სხვა გამოჩენილ მკვლევარებთან (ლევან მარუაშვილთან, არსენ ოქროჯანაშვილთან და სხვ.) ერთად აქვეყნებდა. მისი შრომები გამოქვეყნებულია უცხო ენებზეც. ხშირად მოგზაურობდა, იმყოფებოდა მრავალ ქვეყანაში. ნაყოფიერად თანამშრომლობდა ქართულ საბჭოთა ენცილკოპედიასთან და საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებასთან.

ზურაბ ტატაშიძეს მინიჭებული აქვს სსრკ სახელმწიფო პრემია (1977). დაჯილდოებულია საქართველოს ღირსების ორდენითა (1999) და საქართველოს საპატრიარქოს სიგელით (2008).

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არს., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966;
  • ტინტილოზოვი ზ., მღვიმეებსა და უფსკრულებში, „ნაკადული“, თბ., 1964;
  • ტატაშიძე ზ., ბზიფის მასივის კარსტი და მღვიმეები, თბ. 1988;
  • ტატაშიძე ზ.,ბზიფის მასივის კარსტი და მღვიმეები. თბ., მეცნიერება, 1988;
  • ტატაშიძე ზ., საქართველოს კარსტული მღვიმეების რელიეფის დინამიკა და მათი ფერდობების ევოლუცია, 1997.
  • Таташидзе З.К. Анакопийская пропасть (опыт комплексной спелеологической характеристики). Тб., «Мецниереба», 1963;
  • Таташидзе З.К Спелеологические исследования глубинного карста ГССР. Материалы VI съезда географического общества СССР., 1975;
  • Таташидзе З.К Карстовые пещеры Грузии (морфологический анализ. Тб., «Мецниереба», 1976;
  • Tatashidze S. Sources of Terrigenous Material and Sedimentation Regularities in Karst Caves of West Georgia. INQA, XIII, China, 1993

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]