ჰეკატე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჰეკატე, სტეფან მალარმეს ნახატი 1880

ჰეკატე, ჱეკატა — ღმერთქალი ბერძნულ მითოლოგიაში, პერსეს ასული და მეუღლე აჲეთისა. უყვარდა ნადირობა. თუ ნადირი არ შეხვდებოდა, ხოცავდა კაცებს. ყველაზე მეტად შეისწავლა წამლების გაკეთება და აღმოაჩინა წამალი aconitum. მოიგონა-რა წამლები, მოწამლა თავისი მამა და დაიპყრა მისი სამეფო და მერე ააგო ტაძარი არტემიდისა, რომელსაც სწირავდა ყველა უცხოელს, რომელიც გაბედავდა მის ქვეყანაში შემოსვლას. ჱეკატას პატივად ააგეს ბრწყინვალე ტაძარი. მას იცავდნენ გველები ნორჩ მუხის ტოტების ჩდილში. ლამპრები ანათებდნენ არემარეს. მის გარშემო ძაღლების საშინელი ყეფა ისმოდა. ველები ირყეოდნენ მის ფერხთ ქვეშ და ყუოდნენ წყლის ალები, მცხოვრებნი ამარანთის ფაზისის ჭაობებში (შეადარე: Amaranta ქართულს ამირან-თა, ამირანის მთა)[1]. მას მოიხსენებიან მაგიის, ჯადოქრობის, სინათლისა და სულების ქალღმერთად.

დახასიათება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იდუმალებით მოცულ ქვესკნელის ძალთა განსახიერება, საბერძნეთში ხორცშესხმული და დიდ ქალღმერთად ცნობილი. მართალია ჰომეროსი არ ახსენებს, მაგრამ ან მაშინ ჯერ კიდევ არ იყო საბერძნეთში განდიდებული, ან ეს შემთხვევით მოხდა, მით უფრო, რომ თავის ჰიმნში ჰომეროსი ადიდებს სულით ნაზ ჰეკატეს, „მშვენიერსამოსიანს“ (25). ჰესიოდესთან კი შესაძლოია ეს სახე გამოჩნდა იმავე ორფიკების ჩანართიდან, რომელთაც მოგვიანებით ჰეკატე უაღრესად განადიდეს. აქ (თეოგ. 411-452) ის ტიტან პერსეს (ან პერსეოსის) და ასტერიას ასულია, ან ზევსის და დემეტრეს, ტარტაროზის და ასე შემდეგ. ეს უკანასკნელი უფრო ლოგიკური უნდა იყოს, რადგან თავისი ბუნებით ის უფრო ქვესკნელის, მიწის წიაღის ზარდამცემი ხთონიური ღვთაებაა, ვიდრე ზევსის ნათელი, ამაღლებული შვილები (არტემიდე, ჰებე და სხვა). ამასთან აპოტროფიული ღვთაებაცაა (სიძვისაგან დამცველი). ორფიკული მოძღვრებით, რაც თავისთავად, თეოგონიაშიც ასახულია, ბევრი ფუნქცია ეკისრება. ტიტანიდებს შორის ყველაზე მეტად პატივდებულია, ვითარცა მბრძანებელი ცათა, მიწისა და ზღვის წიაღისა, მცენარეთა ნაყოფიერებისა, მეჯოგეობისა, სიჭაბუკისა, მონადირეთა, მეზღვაურთა და მიწის მაშვრალთა, მშობიარეთა მფარველი, სიბრძნის მეტყველი და მრჩეველი ოლიმპიელთა სამართალსა და საკრებულოზე, ბედნიერებისა და გამარჯვების მომნიჭებელი. ყოველივე ეს ჰერას და ათენას სიმაღლეზე აყენებს. მეზღვაურებს ქარკეთილს უგზავნის, მესაქონლეს საქონელს უმრავლებს, მეთევზეს ბადეს უვსებს, პოეტს დაფნით აგვირგვინებს, მშობიარეს ტკივილებს უმსუბუქებს. მართალია, ტიტანიდაა, მაგრამ არ მოხვედრილა ტარტაროზში, ზევსმა ძალაუფლება შეუნარჩუნა და ასევე ყველა ღმერთი პატივსა სცემს. ეს ნათელია. მაგრამ ჰეკატეს ნამდვილი პოეტური სახე, რასაც თუნდაც არგონავტიკაში ვხედავთ, მაინც უფრო ბნელის, ზარდამცემის იერს ატარებს და მთლიან ასპექტში ეძლევა ის სახე, რაც ორფიკებმა მიანიჭეს: მისტიკური, იდუმალებით მოცული, შემაძრწუნებელი, რამდენიმე ჯუფთი და გაიგივებულიც კი ისეთ ქალღმერთებთან, როგორიც არიან პერსეფონე, რეა კიბელე, დემეტრა. როგორც ახალი თაობის გამომზრდელი (კოიროტროფოსი), ჰეკატე გაიგივებულია არტემიდესთან, ორივე ერთად კი — სელენესთან, მთვარის ქალღმერთთან, ამ სახით, ნადირთა ქალღმერთიცაა (პოტნია თერონ).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მ. გ. ჯანაშვილი „საქართველოს ისტორია უძველეს დროითგან 985 წლ. ქრ. შ.“: ბ. ღმერთ-კაცნი. ჱ. ჱეკატა. ტომი I, გვერდები: 94, 95.