ჯიჯეთის მეორე ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჯიჯეთის ეკლესია.

ჯიჯეთის მეორე ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიჯეთის სამხრეთ-დასავლეთით, 1,5 კილომეტრზე, ტყეში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (5,1 x 4,6 მეტრი), უაფსიდო. ნაგებია ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. ძლიერ დაზიანებულია: შენობის დასავლეთით ორივე კუთხე და საპირე წყობის უმეტესი ნაწილი ჩამოშლილია. ნახევარწრიული თაღით დასრულებული შესასვლელები გაჭრილია სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში და დასავლეთ კედლის ღერძზე აღმოსავლეთ კედლის შუაში მცირე ზომის სწორკუთხა სარკმელია, რომლის ქვემოთ, კედელზე, ოთხკუთხა ტრაპეზია მიდგმული. სარკმლის ორივე მხარეს თითო კვადრატული ნიშია სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში. შიგნით ეკლესია ნახევარწრიული კამარითაა გადახურული. ნახევარწრიულია აფსიდის თაღიც. ეკლესიაზე დაშენებულია ნატეხი ქვით ნაგები, მოზრდილი ზომის რვაწახნაგოვანი სამრეკლო. სამრეკლოს თითოეულ წახნაგში თითო ვიწრო და მაღალი ნახევარწრიული თაღოვანი ღიობია, რომელთა თაღები გარედან კედლის სწორკუთხა შეღრმავებაშია ჩასმული, სამრეკლო შიგნიდან ნახევარსფერული გუმბათითაა გადახურული, ხოლო გარედან პირამიდული ფორმის რვაწახნაგოვანი სახურავი აქვს. ეკლესიას ირგვლივ წრიული გალავანი ერტყა (შემორჩენილია ფრაგმენტულად). გალავნის ირგვლივ მრავლადაა სხვა ნაგებობათა ნაშთებიც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]