შინაარსზე გადასვლა

სერგი ჯიქია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჯიქია, სერგი)
სერგი ჯიქია
დაბ. თარიღი 20 ოქტომბერი, 1898(1898-10-20)
დაბ. ადგილი ონოღია
გარდ. თარიღი 6 დეკემბერი, 1993(1993-12-06)[1] (95 წლის)
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 სსრკ
 საქართველო
საქმიანობა აღმოსავლეთმცოდნე და თურქოლოგი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები შრომის წითელი დროშის ორდენი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი და ლენინის ორდენი

სერგი ჯიქია (დ. 20 ოქტომბერი, 1898 — გ. 6 დეკემბერი, 1993) — ქართველი აღმოსავლეთმცოდნე, საქართველოში თურქოლოგიის ფუძემდებელი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი ენათმეცნიერების სპეციალობით. 1936 წლიდან იყო თბილისის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა კათედრის გამგე და ყველა თურქოლოგიური დასციპლინის საუნივერსიტეტო კურსის პირველი ლექტორი, 1945–1953 წლებში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის პირველი დეკანი, 1960 წლიდან გარდაცვალებამდე გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის თურქოლოგიის განყოფილების გამგე.

სერგი ჯიქიას სამეცნიერო მოღვაწეობა მრავალმხრივი იყო: თურქული ფილოლოგია, თურქული ენების დიალექტოლოგია, თურქული ენის ისტორია, თურქულ-ქართული ენობრივი კონტაქტები, თურქული დოკუმენტებისა და ისტორიული წყაროების პუბლიკაცია.

სერგი ჯიქიას ფუნდამენტური ნაშრომებია: „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი“, „იბრაჰიმ ფეჩევის შრომები საქართველოსა და კავკასიის შესახებ“, „თურქულ-ლაზური ენობრივი ურთიერთობანი“. სერგი ჯიქიამ დიდი ამაგი დასდო ქართულ-თურქული და თურქულ-ქართული ლექსიკონების შედგენა-რედაქტირებას, აზერბაიჯანული სკოლებისათვის ქართული ენის სახელმძღვანელოების შედგენას. ის არის ლენინგრადსა და საქართველოში გამოცემული თურქული ქრესტომათიების ავტორი.

თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

რესურსები ინტერენტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Library of Congress AuthoritiesLibrary of Congress.