ხუშტლაუაკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნახატი 1

ხუშტლაუაკა (ესპ. Juxtlahuaca) — მღვიმე და არქეოლოგიური ძეგლი მექსიკაში, გერეროს შტატში; შეიცავს კედლის მხატვრობას, რომელიც დაკავშირებულია ოლმეკების იკონოგრაფიასთან. ახლომდებარე ოშტოტიტლანის მღვიმესთან ერთად, ხუშტლაუაკა მოიცავს მესოამერიკაში დღემდე ცნობილ ყველაზე ძველ, დახვეწილ მხატვრობას; ამავე დროს, ღრმა მღვიმის მხატვრობის ერთადერთი ნიმუშია მესოამერიკაში,[1] რომელიც მაიას ხალხთან არაა დაკავშირებული.[2]

მღვიმე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხუშტლაუაკა და ოლმეკებთან დაკავშირებული სხვა ძეგლები

ხუშტლაუაკის მღვიმე მდებარეობს გერეროს შტატის დედაქალაქ ჩილპანსინგოდან 45 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით, ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. მღვიმეთა მთლიანი სისტემა დაახლოებით 5 კმ-ზე ვრცელდება. მღვიმეები დამთვალიერებელთათვის ღიაა, თუმცა მხოლოდ ადგილობრივი გიდის თანხლებით.

ნახატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წითელი იაგუარი
ნახატი 1

მღვიმის მხატვრობიდან ყველაზე უკეთ ცნობილია ნახატი 1, რომელზეც ასახულია ლაბადამოსხმული, ახმახი წვეროსანი კაცი ზოლებიანი მუნდირითა და მუზარადით. ხელები და ფეხები იაგუარის ბეწვით აქვს დაფარული. მამაკაცს სამკაპი აქვს მიშვერილი მის წინ ჩაკუზული პატარა ფიგურისკენ, ასევე ატარებს გრძელ, გველისმაგვარ ნივთს. 2 მეტრის სიმაღლის აღნიშნული ნახატი ერთ-ერთი უიშვიათესი ოლმეკური სტილის გამოსახულებაა, რომელზეც ადამიანია ასახული; ზოგერთი მკვლევრის აზრით, კედელზე ადამიანის მსხვერპლშეწირვის სცენაა დახატული.

გარდა ამისა, მღვიმეში არსებობს წითელი ფრთოსანი გველის ნახატიც, რომელსაც მწვანე ბუმბულები აქვს, მის გევრდით კი გამოსახულია დიდთვალება, წითელი იაგუარი. ნახატები სტაგალმიტებზეა გამოსახული.[3]

მღვიმის მხატვრობის შესახებ ინფორმაცია 1920-იან წლებში არსებობდა, თუმცა პროფესიონალურად მისი დოკუმენტირება 1960-იან წლებში პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორმა და იტალიელმა ბიზნესმენმა მოახდინეს. არქეოლოგ მაიკლ კოს აზრით, ნახატები შესაძლოა ადრეულ პრეკლასიკურ პერიოდს მიეკუთვნებოდეს (ძვ. წ. 1200-900).[4] აღსანიშნავია ისიც, რომ ხუშტლაუაკა იმ პერიოდისათვის არსებულ არც ერთ დიდ ქალაქს არ უკავშირდება. ასევე უცნობია, როგორ გაჩნდა ოლმეკების გავლენის მქონე ნახატები ოლმეკთა სამშობლოდან ასობით კილომეტრის მოშორებით.

სხვა არტეფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მღვიმეში აღმოჩენილია დიდი რაოდენობით ჩონჩხები. ზოგიერთი მათგანი ემბრიონის პოზაშია და დაფარულია სტალაქტიტების ქერქით. ნახატებიდან 80 მეტრის მოშორებით, წითელი თიხის იატაკზე მიემართება არხი, რომლის დანიშნულებაც დღემდე უცნობია.[5]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Coe, Michael D. (1968) America's First Civilization, American Heritage Publishing, New York.
  • Coe, Michael D. (2002); Mexico: From the Olmecs to the Aztecs London: Thames and Hudson.
  • Coe, Michael D. (2005); "Image of an Olmec ruler at Juxtlahuaca, Mexico", Antiquity Vol 79 No 305, September 2005.
  • Diehl, Richard A. (2004) The Olmecs: America's First Civilization, Thames & Hudson, London.
  • Griffin, Gillett G. (1978) "Cresterías of Palenque", Third Palenque Round Table, eds. Robertson, Merle Greene; Jeffers, Donnan Call.
  • Grove, David C. (2000) "Caves of Guerrero (Guerrero, Mexico)", in Archaeology of Ancient Mexico and Central America: an Encyclopedia, ed. Evans, Susan; Routledge.
  • Lachniet, Matt; Slide show on Juxtlahuaca cave; University of Nevada - Las Vegas, accessed February 2007.
  • Stone, Andrea (1997) "Regional Variation in Maya Cave Art", Journal of Cave and Karst Studies, April 1997, p. 33-42.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Grove (2000).
  2. Stone (1997).
  3. Griffin, p.4.
  4. Coe (2005).
  5. Coe (1968), p. 99.