ჭახათი (ნამოსახლარი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჭახათი.

ჭახათი, პალეოლითური ხანის ნამოსახლარი დასავლეთ საქართველოში, ქ. ქუთაისის მიდამოებში მდ. წყალწითელის ხეობის მარჯვენა ნაპირზე. მღვიმის სიღრმეა 7 მ, სიგანე — 9 მ, სიმაღლე თაღოვან ჭერამდე — დაახლოებით 4 მ.

ნამოსახლარი აღმოაჩინეს 1954 წ., გათხარეს 1960-62 წწ. (ხელმძღვანელი ნ.ზ. ბერძენიშვილი). დადგენილია 5 ლითოლოგიური ფენა (სისქე 1,75 მ). გვიანდელი მუსტიეს ხანის არქეოლოგიური მასალა გამოვლინდა II კულტურულ ფენაში (IV-V ლითოლოგიური ფენები). მასში მოპოვებულია ლევალუაზურ ანატკეც-ლამელებზე ნაკეთები წვეტანები, სახოკები, დაკბილული იარაღი. I კულტურულ ფენაში (I, II, III ლითოლოგიური ფენები) აღმოჩენილია ადრეული მეზოლითის დროის კაჟის ქვისგან ნაკეთები სხვადასხვა ტიპის საფხეკები, საჭრისები, გრავეტის ტიპის დანები, გეომეტრიული მოყვანილობის იარაღი, ძვლის სადგისი და სხვ. მოპოვებულია განათხარი ხარის, გარეული ღორის, მღვიმური დათვის, კავკასიური ჯიხვის, მგლის, წყლის თახვის, მაჩვის და მელას ძვლების ნაშთები.

ლიტერატურული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]