ჭალის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჭალის წმინდა გიორგის ეკლესია
Chala St. Georges church (1).jpg

ჭალის წმინდა გიორგის ეკლესია

ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
რაიონი საჩხერის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა სოფ. ჭალა
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ერთნავიანი ბაზილიკა
თარიღდება 1510 წ.

ჭალის წმინდა გიორგის ეკლესია ასევე ცნობილი როგორც აბაშიძეების ეკლესიაეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი იმერეთის მხარეში, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში.

ჭალის წმინდა გიორგის ეკლესია 1510 წლით თარიღდება. ერთნავიანი ბაზილიკა მდინარე ყვირილას მარჯვენა მხარეს მდებარეობს. შუა საუკუნეების მცირე ზომის ეკლესია აბაშიძეების საკუთრებას წარმოადგენდა. ტაძარი დაფარულია ფრესკული წარწერებით. ჩრდილოეთ კედელზე კანკელის მახლობლად აბაშიძეების გამოსახულებები გაირჩევა: „აბაშა აბაშიძის — ეკლესიის აღმშენებლის, მისი მეუღლის, კეკლუცის – საწვერელა ჩიჟავაძის ქალიშვილისა, რაჭის ერისთავის კახაბერ III–ის შთამომავლისა, ლომინ აბაშიძის მეუღლის − გულნარასი, დადიანის ასულისა, ძმა იანიკოსთან და შერმაზან აბაშიძესთან ერთად“.

ეკლესიის დასავლეთ შესასვლელის ტიმპანზე 8 სტრიქონად ასომთავრულად სამშენებლო წარწერაა ამოკვეთილი. ტიმპანი ყვითელი ქვიშაქვის ნახევარწრიულ ფილას წარმოადგენს, რომლის ზომებია: 140 X 70 X 21 სმ. ტიმპანს ზემოდან სხვა ქვების მაღალი წარბი შემოუყვება, რომელსაც წარწერა ჩამორეცხვისგან დაუცავს. წარწერის პირველი შვიდი სტრიქონი ნახევარწრიულად, ხოლო ბოლო ჰორიზონტალურადაა ამოკვეთილი. წარწერაში დასმული თარიღის ქორონიკონი - რჟმ, მეცამეტე მოქცევაში ჩასმისას 1510 წელს უტოლდება.

ეკლესიის სამხრეთი შესასვლელის ტიმპანზე ასომთავრული დამწრელობით ხუთი სტრიქონია ამოკვეთილი. ფილის ქვედა მარცხენა ნაწილი წარწერითურთ გადარეცხილია. წარწერის სტრიქონები ნახევარწრიულადაა ამოკვეთილი. პალეოგრაფიული ნიშნებითა და წარწერაში მოხსენიებული პირების მოღვაწეობის ხანის მიხედვითაც, ტაძარი XVI საუკუნის I ნახევრით თარიღდება

ეკლესიას ირგვლივ მარადმწვანე ტყე აკრავს. ტაძარი დღემდე მოქმედია.

2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, ჭალის წმინდა გიორგის ეკლესიას ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია მიენიჭა.[1]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სილოგავა, ვ. (1972). დასავლეთ საქართველოს ქართული ლაპიდარული წარწერების კრებული, X-XVIII სს.. კორნელი კეკელიძის ხელნაწერთა ინსტიტუტი. თბილისი. გვ, 291-292.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]