ჭალაშვილისეული ქართლის ცხოვრება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ჭალაშვილისეული ქართლის ცხოვრება
ქართლის ცხოვრება.jpg
გადამწერი ერაჯ ჭალაშვილი
თარიღი 1731 წლის 29 ივლისი
გამოკვლევა და ანალიზი ივანე ჯავახიშვილი

ჭალაშვილისეული ქართლის ცხოვრება — XVI საუკუნეში გადაწერილი ,,ქართლის ცხოვრების" ხელნაწერი, რომელიც ეკუთვნის ერაჯ ჭალაშვილს.[1] მკვლევარების აზრით ხელნაწერს ვახტანგ მეექვსის ხელში გამოუვლია. ფიქრობენ, რომ ხელნაწერი ვახტანგის პირად საკუთრებას შეადგენდა და მის ბიბლიოთეკაში ინახებოდა. 1724 წელს, როცა ქართლის სამეფო სახლი ვახტანგის მეთაურობით რუსეთში გადაიხვეწა, ეს ხელნაწერიც ალბათ სამეფო ბიბლიოთეკის სხვა წიგნებთან ერთად წაიღეს რუსეთში. იქ, საფიქრებელია, ვახტანგმა ეს წიგნი ხელის შესავლებად შესავსებად და სარესტავრაციოდ გადასცა თავის ერთ-ერთ თანამშრომელს ერაჯ ჭალაშვილს.[2]

ივანე ჯავახიშვილის კვლევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1923 წლის მაისის ერთ დღეს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის წიგნთსაცავის გამგემ მ. შევარდნაძემ შესთავაზა ივანე ჯავახიშვილს,[3] ხომ არ გნებავთ ერთი ქართული დიდტანიანი ხელნაწერი გადაათვალიეროთ, რომლის არც პატრონია ცნობილი და არც შინაარსიო. მუზეუმის ბიბლიოთეკაში, ჩვეულებრივ, ხელნაწერები არ ინახებოდა, ამიტომ ივანე ჯავახიშვილი არც ელოდა, რომ რაიმე მნიშვნელოვან ხელნაწერთან ექნებოდა საქმე, მაგრამ უარი მაინც არ უთქვამს. ჭალაშვილისეული ქართლის ცხოვრება ზომითაც და სისქითაც უზარმაზარი იყო და უკვე ამითაც მიიპყრო მისი ყურადღება. ყდა დაზიანებული ჰქონდა და ყუა მოცილებული.

ეს აღმოჩნდა „ქართლის ცხოვრების“ მრავალმხრივ საინტერესო ხელნაწერი, რომელიც ამჟამად ჭალაშვილისეულის სახელით არის ცნობილი. ივანე ჯავახიშვილმა დაადგინა, რომ გადაწერის დროის თვალსაზრისით ჭალაშვილისეული „ქართლის ცხოვრება“ ორ ნაწილად იყოფა: ერთი ნაწილი, ქაღალდისა და ნაწერის სტილის მიხედვით, XVI საუკუნის მეორე ნახევარს მიეკუთვნება, მაგრამ იგი დაზიანებული და თავ-ბოლო-ნაკლული ყოფილა და შეუვსიათ XVIII საუკუნეში, კერძოდ 1731 წელს.

ანალიზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერაჯ ჭალაშვილმა ჭალაშვილისეული ქართლის ცხოვრების ნაკლული თავი და ბოლო შეავსო ვახტანგის ხელმძღვანელობით მომზადებული „ქართლის ცხოვრების“ ახალი რედაქციის მიხედვით. ამისათვის მას დასჭირვებია თავში 41 გვერდის დამატება, ბოლოში კი გაცილებით მეტისა (272 გვერდიდან მოყოლებული). ჭალაშვილისეული „ქართლის ცხოვრების“ ძველი ნაწილი, რომელიც XVI საუკუნეშია გადაწერილი, შეიცავს თამარ მეფის ეპოქის ამსახველ თხზულებას, დაწერილს ბასილი ეზოსმოძღვრის მიერ. ეს თხზულება ამ ერთადერთი ხელნაწერით არის ცნობილი და ჭალაშვილის ნუსხას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. გარდა ამისა, ხელნაწერის ბოლო ნაწილიც, რომელიც ჭალაშვილის მიერ არის გადაწერილი, აქ მთლიანი სახით არის წარმოდგენილი, მაშინ, როცა ამ ტექსტის შემცველი სხვა ხელნაწერები ნაკლულია.

ჭალაშვილისეული ქართლის ცხოვრების ერთ-ერთ მინაწერში ერაჯ ჭალაშვილი გვაუწყებს:[4]

ესე მე ერაჯ ჭალაშვილს დამიწერია ესე წიგნი და რუსულადაც დავსწერე. ეს არს, რომელიც ითარგმნება რუსულისა ენითა: ღირს არს და ჭეშმარიტი, სწერია ეგე ქორონიკონი ჩღლა, თვესა ივლისსა კთ. ერაჯ ჭალაშვილი დათუნას ძე არს.

იქვე რუსულადაც არის მიწერილი: «Герасим Давидич Лесников - я писал сей книга». აქ ნახსენები თარიღი უდრის 1731 წლის 29 ივლისს.[5] ამ დღეს დაუმთავრებია ჭალაშვილს ჭალაშვილისეული ქართლის ცხოვრების გადაწერა.

ერაჯ ჭალაშვილს რუსულად წერაში ხელი კარგად ჰქონია გავარჯიშებული, რუსული ენა კი სუსტად სცოდნია, მაგრამ იმ დროს რუსულის ასეთი ცოდნაც დიდ ღირსებად ითვლებოდა ქართველ ემიგრანტთა შორის. ამიტომ ჭალაშვილი თავს იწონებს: რუსულადაც დავწერეო და თავის სახელს, მამის და სახელსა და გვარს გერასიმ დავიდიჩ ლესნიკოვად თარგმნის.

შემდგომში, 1740 წლის 30 აპრილს, ერაჯ ჭალაშვილს, ვითარცა რიგით აზნაურს, ვხედავთ პოლტავის ოლქის ქართველ ჰუსართა პოლკში დავით გურამიშვილთან, ელისე ქობულაშვილთან, ოთარ ერისთავთან და ფავლენიშვილებთან ერთად.

„ქართლის ცხოვრების“ ჭალაშვილისეულ ხელნაწერს ვახუშტის ხელშიც გამოუვლია და სწავლულ ბანოტიშვილს წიგნის კიდეებზე მიუწერია იმათი სახელები, ვის შესახებაც არის ტექსტში საუბარი, რათა ამ გზით მკითხველს შეშველებოდა და საჭირო ადგილის პოვნა გაეადვილებინა. ჭალაშვილისეული ქართლის ცხოვრების შემდგომი ბედი ერთხანობას უცნობია. არ ვიცით, ვინ და როდის ჩამოიტანა ის საქართველოში. ვიცით მხოლოდ, რომ 1871 წლის 21 მაისს ეს ხელნაწერი ვინმე გრიგოლ შადინოვს უჩუქნია ისტორიკოს პლატონ იოსელიანისთვის. შემდეგ ჭალაშვილისეული ქართლის ცხოვრება როგორღაც საქართველოს ბიბლიოთეკაში მოხვედრილა და როგორც ვთქვით, ამ ბიბლიოთეკის გამგემ მ. შევარდნაძემ მიაქცევინა მასზე ყურადღება ივანე ჯავახიშვილს და როგორც ზემოთ აღვნიშნე, ისიც დაინტერესებულა ჭალაშვილისეული ქართლის ცხოვრებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. I, 1955; II, 1959; IV, 1973.
  • ექ. თაყაიშვილი, სამი ისტორიული ხრონიკა. 1890.
  • ს. ჯანაშია. ქართლის ცხოვრების ძველი და ასალი ფურცლები, 1942.
  • კ. გრიგოლია, ახალი „ქართლის ცხოვრება“, 1954.
  • კ. გრიგოლია, რას მოგვითხრობს ქართლის ცხოვრება, მე-2 გამ., 1971.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]