წყალკვეთია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წყალკვეთია

შავი წყალკვეთია (Rynchops niger)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Rynchops (Bonaparte, 1838)

წყალკვეთია (ლათ. Rynchops) — ფრინველთა გვარი მეჭვავიასნაირთა რიგისა.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მათი სხეულის სიგრძეა 36–48 სმ, მასა 110–360 გრამი, მამლები ტანად დედლებზე დიდები არიან. ზრდასრული ფრინველების შებუმბვლის შეფერილობა ზურგზე შავი ან მურა-შავია; შუბლი და სხეულის ქვედა ნაწილი თეთრია. ნისკარტი ნარინჯისფერი ან წითელია, მისი წვერი კი ყვითელი ან შავი; გრძელი, მაღალი, გვერდებიდან შებრტყელებული; ქვედა ნისკარტი ¼-ით გრძელია ზედაზე. ფეხები — წითელია, მოკლე და აპკიანი. კისერი გასქელებული, კარგად განვითარებული მუსკულატურით. ფრთები გრძელი და წამახვილებული. კუდი მოკლე და ამოკვეთილი.

გავრცელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილია 3 ახლომონათესავე სახეობა. ბინადრობენ ზღვების სანაპიროებზე, შიდა წყალსატევებში, მდინარეების შესართავებში ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. შავი წყალკვეთია (R. niger) გავრცელებული ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში; აფრიკული წყალკვეთია (R. flavirostris) — აფრიკაში; ინდური წყალკვეთია (R. albicollis) — სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.

კვება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იკვებებიან მცირე ზომის თევზებითა და კრევეტებით. ჩვეულებრივ წყალმარჩხ ადგილებში ნადირობენ, ხშირად შებინდებისას და მთვარიან ღამეს. დაფრინავენ რა საკმაოდ ახლოს წყლის დონესთან, ქვედა ნისკარტით კვეთენ წყალს (აქედან სახელწოდება) და იჭერენ ნადავლს.

გამრავლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბუდობენ კოლონიებად ქვიშიან კუნძულებსა და ცელებზე, რომელშიც რამდენიმე ათეულიდან რამდენიმე ათას წყვილამდეა გაერთანებული. ბუდე — ორმო ქვიშაში ან ნიჟარებს შორის. დედალი 1–5 (ძირითადად 3–4) კვერცხს დებს, რომლებზეც ორივე მშობელი ზის კრუხად დაახლოებით 3 კვირის განმავლობაში. ბარტყები დაფარული არიან ხშირი მოწითურო ღინღლით; სიცოცხლის პირველივე დღიდან კარგად დარბიან და ცურავენ. ხუთი კვირის ასაკში ფრენის უნარსაც იძენენ.

სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]