თბილისის წმინდა გიორგის კარის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან წმინდა გიორგის კარის ეკლესია)

წმინდა გიორგის კარის ეკლესიაქართული მართლმადიდებული ეკლესია თბილისში (კრწანისის რაიონი), დგას ერეკლე II-ს მოედნის ჩრდილო-დასავლეთით.

ეკლესია ააშენა ქართლის ჯანიშინის ვახტანგ VI-ის ძმამ სიმონმა 1710 წელს (ვახუშტის 1735 წლის გეგმაზე — № 3, „კარის საყდარი“). პლატონ იოსელიანის გადმოცემით, თემურლენგს, 1398 წლის შემოსევის დროს, დაუნგრევია მთავარანგელოზის ეკლესია, რომელიც კარის ეკლესიის ადგილას მდგარა. ქართლის მეფე როსტომმა 1640 წელს ნანგრევებიდან ააგო სამი ეკლესია: იოანე ნათლისმცემლისა, როსტომის სასახლის წინ, ხარებისა — სასახლის მოედნის შუაგულში; და წმინდა გიორგისა, რომლის მშენებლობის დასრულება როსტომმა ვერ მოასწრო და სიმონ ბატონიშვილმა განახორციელა. პლატონ იოსელიანისგან განსხვავებით, უფრო სარწმუნო ჩანს დ. კარიჭაშვილის კატალოგი, რომელიც ეკლესიის აგების თარიღად ასახელებს 1712 წელს. XIX საუკუნეში ეკლესიის კედლის მხატვრობა შეუსრულებითა თბილისელ მხატვრებს — გეგელიძეებს. 1992 წელს ტაძარი რესტავრირდა და მასში ღვთისმსახურება აღდგა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]