წბერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წბერი, წნეხი, ხარხიმიყურძნის საწური სამეურნეო საშუალება. წბერი გაწყობილია ცალმხრიანი ბერკეტის პრინციპზე. საქართველოში არსებობდა სამეურნეო ხელსაწყოს ორი სახეობა: ხრახნიან-ტვირთიანი და ხრახნიან უტვირთო. ის შედგებოდა სამუშაო ნაწილისა და ყურძნისათვის განკუთვნილი ფიცრის ჩალანგარისაგან.

ყურძენი საბოლოოდ სწორედ წნეხის საშუალებით მუშავდება. მისი ძირითადი ფუნქციაა, რომ ჭაჭადქცეული ყურძნიდან უკანასკნელი წვენი გამოიწუროს.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანამედროვე ყოფამდე მიღწეული წნეხების სახელწოდებებში აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი სამ ძირითად ტარმინს გამოჰყოფს: საწნეხს, საქაჯავსა და წბერს. „თვით ამ იარათის ზოგად სახელთაგან ორი საწნეხი და საქაჯავი უკვე თავუსუ აგებულებით მისი დანიშნულების მაუწყებელია“, წერს მეცნიერი.[1] ჯავახიშვილი ასევე განიხილავს წბერის ეტიმოლოგიას და წერს: „რაკი წბა საზრდოს შეთვისებას, ე. ი. შესათვისებლად ღეჭვა-დაჭყლეტას ნიშნავდა, ამიტომ წბერი ამის შემქმნელი სულდგმულის თუ იარაღის აღმნიშვნელი უნდა ყოფილიყო. მართლაც, წბერიც ხომ ყურძნის საჭყლეტი მანქანის სახელია, იმ იარაღისა, რომლის მოქმედებაც ყურძნის დაჭყლეტას წარმოადგენდა.“[2][3][4]

საქართველოში ცნობილ წნეხების სხვა სახელწოდებებს (ხარხინი, ჭახრაკი, დათვის საქაჩავი) ივანე ჯავახიშვილი „ტექნიკური თვისებების“ დამახასიათებელ ე. ი. ცალკეული ტიპების აღმნიშვნელ ტერმინებად მიიჩნევს. წნეხის სახელწოდება, თავის მხრივ, მის ტიპსა და გავრცელების არეალს უკავშირდება.[1]

ტერმინი წბერი/წკბერი ყველაზე ფართოდ რაჭაშია გავრცელებული და ის ქართულ ენაში დანადგარის ზოგად სახელწოდებად ჩამოყალიბდა. რაჭაში დამატებით გავრცელებულია წბერის ტიპების სახელწოდებები: ჭახრაკი და ჯამბარიანი.[1][5]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში წნეხის დამზადება-გამოყენება ძველი დროიდანვე იცოდნენ, რასაც ცხადყოფს ჩვენამდე მოღწეული წნეხის ტიპები და ისტორიულ-არქეოლოგიური მასალა.

უფლისციხეში აღმოჩენილი ელინისტური ტიპის საწნახელის მიმდებარედ არქეოლოგები ვარაუდობენ წნეხის არსებობასაც.[6][7] სამხრეთ საქართველოში აღმოჩენილი წბერის ნიმუშები თარიღდება X, XI და XII საუკუნეებით.[8][9][10][11][12][13][1]

უშუალოდ წნეხზე მიმანიშნებელი უძველესი წერილობითი ცნობა X საუკუნით თარიღდება: „ამის წმინდისა მამისა ჩუენისა ეპიფანეს თარგგმანებული ყოველივე კეთილად და განგებულად გჳიჩუენებს, თუ ვითარ არიან ზედა-წაწერილნი იგი... რაისთჳის თქმულ არიან, ანუ რა ძალი აქუს საწნეხელთასა მას“.173, 1, 100 [14][15][16][1]

ასევე შესაძლოა წნეხზე იყოს საუბარი X საუკუნის ხელნაწერიდან მოტანილ შემდეგ ამონაწერში: „...და იგი დასწნეხს საწნეხელსა მას ღვინისა მას გულისწყრომასა.[17][18][1]

ნიკორწმინდის XI საუკუნის ნაწერიდან ჩანს, რომ საწნეხი და საწნეხელი ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული ტერმინებია. პირველი იარაღი, დანადგარია წნეხვისათვის, ხოლო მეორე წურვისათვის განკუთვნილი სათავსოა.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ა. ლეკიაშვილი, ქართული ხალხური ღვინის წნეხები, მსე. ტXII-XIII, 1969.
  • ლ. ფრუიძე, მევენახეობა და მეღვინეობა საქართველოში, თბ, 1974

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 ლ. ფრუიძე, მევენახეობა და მეღვინეობა საქართველოში, თბ, 1974, გვ. 157
  2. ჯიქია ნ, ჭამა-სმის კომპლექსი ხევსურეთში, ხელნაწერი, თბ, 1963
  3. ბოხოჩაძე ალ, მევენახება-მეღვინეობა ძველ საქართველოში არქეოლოგიური მასალების მიხედვით (უძველესი დროიდან ახ. წ. II-III საუკუნეებამდე), თბ, 1963
  4. ბრეგაძე ნ, ხალხური მეტროლოგიის სისტემა სამიწათმოქმედო — რაჭა-ლეჩხუმში, სმასმგმ, N3, 1963
  5. ლ. ფრუიძე, მევენახეობა და მეღვინეობა საქართველოში, თბ, 1974, გვ. 158
  6. ჯავახიშვილი ი, მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისთვის, თბ, 1947
  7. კოტეტიშვილი ვ, ხალხური პოექზია, თბ, 1961
  8. ბოხოჩაძე ალ, მევენახება-მეღვინეობა ძველ საქართველოში არქეოლოგიური მასალების მიხედვით (უძველესი დროიდან ახ. წ. II-III საუკუნეებამდე), თბ, 1963
  9. კახიანი კ, გლეხის კარმიდამო იმერეთში, თბ, 1964
  10. მელითაური კ, ვარძიის სამშენებლო-ხუროთმოძღვრული შესწავლის საკითხები, თბ, 1961
  11. გეგეშიძე მ, სარწყავი მიწათმოქმედება საქართველოში, თბ, 1961
  12. გაფრინდაშვილი გ, კლდის სახლები ნასოფლარ ფიაში, თბ, 1959
  13. ბარდაველიძე ვ, ქართველი ხალხის რელიგიური აზროვნების ისტორიიდან (მრავალსულიანობის კონცეფცია), მიმომხილველი, 1, 1949
  14. ავალიანი მ, ღვინის ტექნოლოგია, თბ, 1960
  15. ჟორდანია თ, ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა, წ. I, ტფ, 1892; წ. II, 1897
  16. კაკაბაძე ს, დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები, წ. I, II, ტფ, 1921
  17. ბარაღაშვილი ს, ისტორია საქართველოსი, ალ. ჭყონიას ისტორიული ნარკვევი, ტფ, 1890
  18. ბარდაველიძე ვ, ქართველი ხალხის რელიგიური აზროვნების ისტორიიდან, მიმომხილველი, 1, 1949