ძუძუანას მღვიმე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ძუძუანას მღვიმე
კოორდინატები: 42°18′45″ ჩ. გ. 43°19′02″ ა. გ. / 42.31250° ჩ. გ. 43.31722° ა. გ. / 42.31250; 43.31722
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტი
აბსოლუტური სიმაღლე 515 მ
სიგრძე 175 მ
სიღრმე 160 მ
აღმოჩენის წელი 1966
ტიპი კარსტული
ამგებელი ქანები კირქვა
ძუძუანას მღვიმე — საქართველო
ძუძუანას მღვიმე
ძუძუანას მღვიმე — იმერეთის მხარე
ძუძუანას მღვიმე

ძუძუანას მღვიმეკარსტული წარმოშობის მღვიმე საქართველოში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სოფელ მღვიმევის ტერიტორიაზე, მდინარე ყვირილის მარჯვენა შენაკადის ნეკრისის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 515 მ სიმაღლეზე.[1] წარმოადგენს მრავალფენიან (ზედა პალეოლითიდან ადრინდელ ბრინჯაოს ხანამდე) მღვიმენამოსახლარს. აღმოაჩინეს 1966 წელს არქეოლოგ დავით თუშაბრამიშვილის ხელმძღვანელობით.[2]

ძუძუანას მღვიმის სიღრმეა 160 მ, შესასვლელის სიგანე 22 მ, სიმაღლე 10–15 მ. საერთო სიგრძე 175 მ. იგი მსოფლიომ გაიცნო მას შემდეგ, რაც აქ უძველესი, ადრეული ზედაპალეოლითური 34 000 წლის წინანდელი სელის ძაფი იპოვეს, რომელიც მსოფლიო მნიშვნელობისაა.[3] გათხარეს 8 ლითოლოგიური ფენა, რომლის საერთო სისქეა 3,5 მ. ქვედა ფენა სტერილური აღმოჩნდა, მომდევნო 4 ფენა შეიცავდა ზედა პალეოლითური ხანის კლასიკურ ნიმუშებს. V–VII ფენების მასალა არქაული ტექნიკითაა შესრულებული და ახლოს დგას დასავლეთ საქართველოს ზედა პალეოლითურ ძეგლებთან. მოპოვებულია აგრეთვე გვიანდელი პლეისტოცენური ფაუნის ნაშთებიც, მათ შორის: მურა დათვის, მღვიმური დათვის, ბიზონის, გარეული ცხენის, ჯიხვი და სხვა. ზედა 3 ფენა შეიცავდა ენეოლით-ადრინდელი ბრინჯაოს ხანის მასალას.[4]

1966–75 წლებში ძუძუანას მღვიმეში კვლევა-ძიებას აწარმოებდა არქეოლოგი დავით თუშაბრამიშვილი. ამ დროს მღვიმეში გაივლო ნულოვანი ხაზი და აიგეგმა 1 X 1 მ კვადრატები, გაკეთდა ორი საძიებო თხრილი. №1 (მღვიმის შიგნით) და №2 (მღვიმის შესასვლელთან), რომელთა მეშვეობით შესაძლებელი გახდა მღვიმის სტრატიგრაფიის დადგენა. დადასტურდა შემდეგი კულტურული ფენები: I ენეოლით-ადრებრინჯაოსა და II ზედაპალეოლითური პერიოდის. I კულტურული ფენა გაითხარა A-I 18–18. კვადრატებში, სადაც ფენის სისქე მერყეობდა 0,60 მ-იდან 1,0 მ-მდე.[2]

ახალი ეტაპი ძუძუანას შესწავლის საქმეში დაიწყო 1983 წელს თენგიზ მეშველიანის ხელმძღვანელობით, რომელიც შეეცადა შეემოწმებინა ადრე არსებული მონაცემები და ახლებულად განიხილა ძუძუანას და ზოგადად საქართველოს ზედაპალეოლითური კულტურა. 1987–89 წლებში მღვიმეში ჩატარდა გეოლოგიური და პალინოლოგიური კვლევები.[5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. წიქარიშვილი, კუკური, საქართველოს კარსტული მღვიმეები, თბ., 2013
  2. 2.0 2.1 თუშაბრამიშვილი დ., ყვირილის ხეობის არქეოლოგიური ექსპედიციის 1966 წელს ჩატარებული სამუშაოების ანგარიში. სსმე, ტ. I, 3-11, თბ. 1969
  3. ძუძუანას მღვიმე / ღირსშესანიშნაობები. kutaisipost.ge
  4. Тушабрамишвили Д., Векуа А. Палеолит Грузии, в «Четвертичная система Грузии», 178-197, Тб., 1982
  5. მეშველიანი თ., დასავლეთ საქართველოს ზედაპალეოლითის „ადრეული ხანის“ ძეგლების რაობისათვის, სსმმ, ტ. XL-B, „მეცნიერება“, 13-31, თბ., 1989