შინაარსზე გადასვლა

გრიგოლ ცეცხლაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ცეცხლაძე, გრიგოლ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ცეცხლაძე.

გრიგოლ ცეცხლაძე (დ. 6 აპრილი, 1894, ჩანჩეთი — გ. 23 ნოემბერი, 1976, თბილისი) — ქართველი მწერალი, პოეტი და მთარგმნელი.

დაიბადა სოფლის მასწავლებლის, მოსე ცეცხლაძის ოჯახში. შემდეგ დაამთავრა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1915-1917 წლებში იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის ბიბლიოთეკის ინსპექტორი. 1917 წელს დაიწყო ლექსების ბეჭდვა. პირველი ლექსი „განთიადის სიმღერა“ დაბეჭდა გაზეთ „მეგობარში“. განიცდიდა მოდერნისტული ლიტერატურული სკოლის გავლენას. 1918-1920 წლებში იყო გაზეთ „მეგობრის“, ხოლო 1920-1921 წლებში გაზეთ „სახალხო გაზეთის“ რეპორტიორი. 1919 წელს მისი რედაქტორობით გამოდის ლიტერატურული ჟურნალი „თოლაბულისის სარტყელი“, რომლის სამი ნომერი გამოიცა. მასში იბეჭდებოდა ცისფერყანწელების შემოქმედება. 1921-1923 წლებშმი მუშაობდა გაზეთ „წითელარმიელში“, 1924 წელს გამოსცა დადაისტური კრებული „პოეტის ყეფა“ 1924-1927 წლებში იყო ჟურნალ „ხელოვნების“ რედაქციის, 1927-1929 წლებში გამომცემლობა „ქართული წიგნის“ მდივანი. 1928 წელს გამოსცა ალმანახი „მოქმედება“. 1935 წელს გახდა საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, 1939-1941 წლებში იყო საქართველოს რადიოკომიტეტის ლიტერატურული მუშაკი, 1942-1947 წლებში ჟურნალ „ნიანგის“ ლიტმუშაკი, 1948-1949 წლებში საქლიტფონდის დირექტორის მოადგილე. 1950-იან წლებში იყო ქვიშხეთის შემოქმედებითი სახლის დირექტორი.

მისი თავისუფალი ლექსები („დიხაშხო“, „ოქტომბერი - ფრაგმენტი“ და სხვ.) ახალი ფორმის ძიების ნიშნითაა აღბეჭდილი. გამოსცა შემდეგი წიგნები: „ფერად-ფერადი ლექსები“ (1925), „ოთხი მაუზერი“ (1931) „საკუთარი ხმა“ (1935), „რჩეული“ (1939), „ახალი ლექსები“ (1944-1961), „ლექსები, პოემა“ (1957), საბავშვო წიგნები „ტოლები“ (1958) და „გულკეთილა“ (1966). თარგმნა - ალექსანდრე პუშკინის „ევგენი ონეგინი“, ესენინის „ანნა სნეგინა“, მაიაკოვსკის ლექსები და პოემები, ნეკრასოვის „ვინ ცხოვრობს რუსეთში კარგად“. ს. ცერეკიძესა და შ. აფხაიძესთნ ერთად, ქართული ვერლიბრის პირველ თეორიტიკოსად ითვლება. იყო ქართული დადა მანიფესტის ავტორი.

  • შველიძე დ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 511.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]