ჩრდილოკავკასიური ცხვარი
ჩრდილოკავკასიური ცხვარი — წმინდამატყლიანი ცხვრის ჯიში. გამოყვანილია 1943-60 წლებში სტავროპოლის მხარის საბჭოთა მეურნეობა „ვოსტოკში“. სტავროპოლული ჯიშის ნერბებს ლინკოლნისა და რომნიმარშული ჯიშის ერკემლებს აჯვარებდნენ, ხოლო შემდეგ — პირველი თაობის ნაჯვარებს „თავისში“ ამრავლებდნენ. მოზრდილი ერკემლის მასაა 90-100 კგ (ზოგიერთისა — 150 კგ-მდე). ნერბისა 50-60. მატყლი ერთგვაროვანია, სიგრძითა და სიმსხოთი თანაბარი; სიგრძე 12-13 სმ-მდე აღწევს (უდიდესია 18 სმ). ერკემლის მატყლის ნაპარსი 9-13 კგ, ნერბისა 5,8-6,5 კგ. წმინდა მატყლის გამოსავალი 55-58%. მატყლს უმთავრესად ტრიკოტაჟის ნაწარმის დასამზადებლად იყენებენ. ჩრდილოკავკასიური ცხვრის ნაყოფიერება 100 ნერბზე 130-140 ბატკანია. მოშენებულია ჩრდილო კავკასიაში, ამიერკავკასიაში, რუსეთის ცენტრალურ ოლქებში, ბურიატეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ყაზახეთში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 164.