ჩვეულებრივი წიწკანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩვეულებრივი წიწკანა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Cyanistes caeruleus (Linnaeus, 1758)
სინონიმები
  • Parus caeruleus
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 103761667
გავრცელება

  ჩვეულებრივი წიწკანა
  Cyanistes teneriffae, რომლის სტატუსი საკამათოა

ჩვეულებრივი წიწკანა,[1] ან უბრალოდ წიწკანა[2][3] (ლათ. Cyanistes caeruleus) — ფრინველი წივწივასებრთა ოჯახისა.

შეფერილობისა და ზომების დიდი გეოგრაფიული ცვალებადობის გამო ცნობილია მისი 15-მდე ქვესახეობა. მისი სხეულის სიგრძეა 11–14 სმ, მასა ჩვეულებრივ 9–11 . ნისკარტი და ბოლო მოკლეა. ფრთებისა და ბოლოს შეფერილობაში დამახასიათებელია ღია ცისფერი ტონები; აგრეთვე ლაჟვარდოვან-ცისფერი ან მოლურჯო-შავი ლაქა თხემზე, რომელიც გარშემორტყმულია თეთრი ზოლით. თავის გვერდები თეთრია; ნისკარტიდან თვალის გავლით კეფის ქვემო მხარისაკენ გასდევს ვიწრო შავი ზოლი; კისრის ლურჯი და მოცისფრო-შავი ბუმბულები ერწყმის ნიკაპისა და ყელის შავ ლაქას. ზურგი მომწვანოა; მკერდი და გვერდები ყვითელია; მუცლის ცენტრალური ნაწილი თეთრია; მკერდისა და მუცლის შუაში ჩასდევს წარეცხილი მუქი ზოლი, რომელიც მამალს უფრო მცირედ შესამჩნევი აქვს. ახალგაზრდა ფრინველები ფერად მოყვითალო-მომწვანოები არიან, ყელის მუქი ლაქის გარეშე.

ჩვეულებრივი წიწკანა ბინადრობს ევროპის (ჩრდილოეთით ჩ. გ. 65–67°-მდე სკანდინავიაში, ჩ. გ. 58°-მდე ურალში), დასავლეთ ციმბირის სამხრეთი ნაწილის (აღმოსავლეთით ირტიშამდე), კანარის კუნძულების, ჩრდილოეთ აფრიკისა და წინა აზიის მთიანეთების ვაკისა და მთის ტყეებში. ზამთარში ფრინველები არეალის ჩრდილოეთი ნაწილიდან მომთაბარეობენ სამხრეთისაკენ. უპირატესობას ანიჭებს ფართოფოთლოვან და შერეულ ტყეებს, უმთავრესად ჭალისას; გვხვდება ბაღებსა და ქალაქის პარკებში. გვხვდება საქართველოშიც.[3] აფრიკულ ინდივიდებს ზოგიერთი წყარო ცალკე სახეობად (Cyanistes teneriffae) გამოჰყოფს.[4]

ძირითადად იკვებება მცირე ზომის მწერებითა და ობობებით, აგრეთვე ეტანება თესლებსა და კენკრას.

ჩვეულებრივ ბუდობს ფუღუროებში. ბუდეს დედალი აშენებს, დებს 7–14 (ზოგჯერ 16-მდე) კვერცხს; ინკუბაცია 13–15 დღე-ღამე გრძელდება, რა დროსაც მამალი კვებავს კრუხს. არეალის სამხრეთ ნაწილში სეზონზე ორჯერ ბუდობენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. blue tit — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  2. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 50, 174.
  3. 3.0 3.1 ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 316.
  4. Illera, Juan Carlos; Spurgin, Lewis G.; Rodriguez-Exposito, Eduardo; Nogales, Manuel; Rando, Juan Carlos (June 2016). „What are We Learning about Speciation and Extinction from the Canary Islands?“. Ardeola (ინგლისური). 63 (1): 15–33. doi:10.13157/arla.63.1.2016.rp1. ISSN 0570-7358.