შოთა ჭალაგანიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შოთა ჭალაგანიძე (დ. 21 მაისი, 1933, თბილისი, — გ. აგვისტო, 2018) — ქართველი თანამდებობის პირი, ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი. ინჟინერ-მექანიკოსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1956 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ფაკულტეტი ინჟინერ- მექანიკოსის კვალიფიკაციით.

მუშაობდა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, ხოლო შემდეგ საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში რიგითი ტექნიკოსიდან ლაბორატორიის ხელმძღვანელამდე. იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის განყოფილების ინსტრუქტორი 1962 წლიდან, შემდეგ, სოფლის მეურნეობის მეცნიერებისა და ტექნიკის სექტორის გამგე, განყოფილების გამგის მოადგილე. 1973 წლიდან კი ბორჯომის რაიკომის პირველი მდივანი. საქართველოს სსრ სატყეო მეურნეობის მინისტრი 1977-1988 წლებში, ხოლო 1988-1991 წლებში - საქართველოს სსრ ბუნების დაცვისა და სატყეო მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე. 1991 წლიდან იყო სახელმწიფო კონცერნ "საქსოფლმანქანათმშენის" უფროსი და სასოფლო-სამეურნეო მანქანათმშენებლობის სამეცნიერო-კვლევითი და საკონსტრუქტორო ტექნოლოგიური ინსტიტუტის "საქაგრომანქანის" გენერალური დირექტორი. ასევე იყო საქართველოს მრეწველობის სამინისტროს მრეწველობის სტრატეგიული განვითარებისა და სამეცნიერო-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი 1997 წლიდან, 2002 წლიდან კი ახლად შექმნილი "საქინოვაციის" გენერალური დირექტორი. სხვადასხვა დროს ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს აგრარულ და ტექნიკურ უნივერსიტეტებში, სადაც მუშაობდა პროფესორის თანამდებობაზე. 2004 წლიდან - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაის, ვიცე-პრეზიდენტი. 2005–2012 წლებში უკვე პრეზიდენტი. არჩეული იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს მრავალი მოწვევის დეპუტატად. დაჯილდოებულია მთავრობის ჯილდოებით, მიღებული აქვს "წლის საუკეთესო ინჟინერის" წოდება. ნაყოფიერი მუშაობა აქვს ჩატარებული სამთო მიწათმოქმედების მექანიზაციის ტექნიკურ საშუალებათა კვლევის, დამუშავებისა და გამოყენების მიმართულებით. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩაის მოვლა-მოყვანის მანქანათა კომპლექსის შექმნასა და წარმოებაში ფართოდ დანერგვის საქმეში, აგრეთვე მის მიერ დამუშავებული იქნა კლდოვანი ფერდობების გატყევების სამუშაოთა ახალი ტექნოლოგიები და ტექნიკური საშუალებები, რის საფუძველზედაც ჩატარდა კლდოვანი ფერდობების გატყევება რამდენიმე ათას ჰექტარზე. გამოქვეყნებული აქვს 233 სამეცნიერო ნაშრომი, 60-მდე ნაშრომი კი საზღვარგარეთ, არის 14 წიგნის, 2 მონოგრაფიისა და 10 გამოგონების ავტორი.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1998 - ღირსების ორდენი
  • ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სამთო სოფლის მეურნეობა : განვითარების სტრატეგია და პრიორიტეტები - თბ., არეალი, 2008, გვ. 48
  • მეცხოველეობის ფერმების ტექნოლოგიური მოწყობილობის მონტაჟი, ექსპლოატაცია და რემონტი - თბ., საბჭ. საქართველო, 1969, გვ. 187
  • მანქანათა დეტალების აღდგენა მონიკელებით - თბ., საბჭ. საქართველო, 1968, გვ. 54
  • ავტო-სატრაქტორო სასტარტერო აკუმულატორთა ბატარეების ექსპლოატაცია და რემონტი - თბ., საქსოფლტექნიკა, ტექ. ინფორმაციის ბიურო, 1967, გვ. 32
  • მანქანათა დეტალების აღდგენა დაფოლადებით - თბ., მეცნიერება, 1967, გვ. 54
  • მანქანათა დეტალების აღდგენა დაქრომვით - თბ., სამეცნ-ტექნ. ინფორმაციისა და პროპაგანდის ინ-ტი, 1965, გვ. 40

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები : ირინა ჯაფარიძე - თბ., 2012, გვ. 253

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]