შეიხ ჰასინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
შეიხ ჰასინა
შეიხ ჰასინა
ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა6 იანვარი 2009
წინამორბედიფაჰრუდინ აჰმედი

ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
23 ივნისი 1996 – 15 ივლისი 2001
წინამორბედიჰაბიბურ რაჰმანი
მემკვიდრელატიფურ რაჰმანი

დაბადებული28 სექტემბერი, 1947 (1947-09-28) (72 წლის)
ტონგიპარა, ბანგლადეში
მამამუჯიბურ რაჰმანი
შვილებისაჯიბი, საიმა

შეიხ ჰასინა (დ. 28 სექტემბერი, 1947) — ბანგლადეშის პოლიტიკური მოღვაწე. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი 1996-2001 წწ. და 2009 წლიდან. პარტია „ავამი ლიგის“ ლიდერი. ბანგლადეშის პირველი პრეზიდენტის „ერის მამად“ წოდებული მუჯიბურ რაჰმანის შვილი.

1969 წელს მონაწილეობდა დაკის სტუდენტურ მღელვარებებში. 1971 წელს ბანგლადეშის დამოუკიდებლობისათვის ომის პერიოდში დააპატიმრა პაკისტანის საოკუპაციო არმიამ. 1975 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ ჰასინას მამა მუჯიბურ რაჰმანი და მისი ოჯახის 20 წევრი ამოხოცეს. თავად ჰასინა ამ პერიოდში იმყოფებოდა გფრ-ში. მთელი ოჯახიდან გადარჩა ჰასინა და მისი და, რომელიც ასევე არ იმყოფებოდა ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების პერიოდში.

1981 წელს, ჯერ კიდევ ემიგრაციაში მყოფი, აირჩიეს პარტია „ავამი ლიგის“ ლიდერად, პარტიისა, რომელსაც ხელმძღვანელობდა მამამისი. ამავე წელს დაბრუნდა ბანგლადეშში და ოპოზიციაში ჩაუდგა პრეზიდენტ ჰუსეინ მოჰამად ერშადის ხელისუფლებას. 1991 წელს ერშადის ხელისუფლებიდან წასვლისა და დემოკრატიული მმართველობის დამყარების შემდეგ არჩევნები წააგო ნაციონალურ პარტიასთან, რომელსაც ხელმძღვანელობდა ხალედა ზია.

პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1996 წლის მარტში შეიხ ჰასინამ ბოიკოტი გამოუცხადა რიგით არჩევნებს, ხალედა ზია იძულებული იყო ჩამოეყალიბებინა გარდამავალი მთავრობა და დაენიშნა განმეორებითი არჩევნები, რომელშიც შეიხ ჰასინამ გამარჯვებას მიაღწია და გახდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი 5 წლის ვადით. მისი პირველი პრემიერობის დროს გაუმჯობესდა ურთიერთობა ინდოეთთან, ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას განგის წყლის გაყოფის შესახებ. 1999 წელს ნაციონალურმა პარტიამ მოაწყო საყოველთაო გაფიცვა, მაგრამ ჰასინამ კატეგორიული უარი განაცხადა გადადგომაზე, მანამ სანამ არ გავიდოდა მისი მმართველობის ვადა.

2001-2008 წწ. შეიხ ჰასინა ოპოზიციაშია. 2007 წელს ემიგრაციაში წავიდა აშშ-ში. 2008 წელს ბრუნდება ქვეყანაში, რათა სათავეში ჩაუდგეს საკუთარი პარტიის საარჩევნო სიას. დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ 2009 წლის 6 იანვარს შეიხ ჰასინა კვლავ ქვეყნის პრემიერის თანამდებობას იკავებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]