ყანობის მეორე კოშკური სახლი
ყანობის მეორე კოშკური სახლი — არქიტექტურული ძეგლი. მდებარეობს სოფელ ყანობის ცენტრში, ფერდობზე, ხელოვნურად მოსწორებულ მოედანზე. თარიღდება XVIII საუკუნით. სახლი აგებულია ითონიშვილების დაკვეთით და შიგ დღესაც მათი მოგვარეები სახლობენ. შენობა შედგება კოშკისა და საცხოვრებელი ნაწილისაგან. ნაგებია ნატეხი ქვით, ზოგან თლილი ქვაა გამოყენებული. გადაკეთებულია: საცხოვრებელი სახლის მესამე სართულის დიდი დარბაზი დაყოფილია ოთახებად, გაგანიერებულია სარკმელები. კოშკის ზედა სართული მონგრეულია და სახლის სახურავთანაა გაერთიანებული.
სახლი გეგმით სწორკუთხაა (10,4 x 9 მ), სამსართულიანი. პირველი და მეორე სართული თავდაპირველი სახითაა შემორჩენილი. მესამე სართული გადაკეთებულია. შესასვლელი პირველ სართულზეა დასავლეთიდან. სართული გრძივი კედლით შუაზეა გაყოფილი და განკუთვნილია საქონლის სადგომად. სათავსები ერთმანეთს სწორკუთხა კარით უკავშირდება. მეორე და მესამე სართული საცხოვრებელია. მეორე სართულის შესასვლელიც დასავლეთიდანაა. კარი აქაც თაღოვანია. სართულის ოთხივე კედელში სათოფურები და მცირე სწორკუთხა სარკმლებია გაჭრილი.
აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში ორ-ორი ბრტყლად გადახურული მცირე სარკმელი და თითო ცალმაგი სათოფურია. სამხრეთ კედელში — სამი სარკმელი და ერთი სათოფური. ჩრდილოეთ კედელში კი — ორი სარკმელი და ორი სათოფური. სართულებშუა გადახურვა ხისაა, ეყრდნობა პირველი სართულის გრძივ კედელზე დაშენებულ ქვის სწორკუთხა ერთ ბურჯსა და ხის ორ სვეტს. კოშკიც გეგმით სწორკუთხაა (4,9 x 3,5 მ), სამსართულიანი. საცხოვრებელ ნაგებობაზე მიდგმულია დასავლეთიდან, ისე რომ მათი ჩრდილოეთი კედლები ერთ ხაზზეა. კოშკის პირველი სართულის სწორკუთხოვანი შესასვლელი დასავლეთიდანაა, საცხოვრებელი ნაწილის შესასვლელის მოპირდაპირედ. სართულის დანარჩენი კედლები ყრუა. კოშკის მეორე სართულს შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარი თაღოვანია. შესასვლელის წინ ექვსსაფეხურიანი ქვის კიბეა. დასავლეთ კედელში საშუალო ზომის სწორკუთხა სარკმელია, რომელიც გარეთკენ ოდნავ ვიწროვდება
ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში ხის შიდა კიბეა მოწყობილი, იგი მესამე სართულზე ადის. კოშკის მესამე სართულის დასავლეთ და ჩრდილო კედლებში თითო სარკმელია. ამ სართულს სამხრეთიდან მთელ სიგანეზე ხის აივანი ეკვრის, რომელსაც სართული ფართო სწორკუთხა კარით უკავშირდება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზაქარაია პ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 485-486.