ქუთაისის თოჯინების თეატრი
ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი — თოჯინების თეატრი ქუთაისში. დაარსდა 1946 წელს ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრთან არსებული თოჯინების თეატრალური ჯგუფის ბაზაზე. დაარსების ინციატორი და დირექტორი იყო დოდო ანთაძე, პირველი სამხატვრო ხელმძღვანელი სეგო ცაგარეიშვილი (1946-1951). პირველი სპექტაკლი იყო ა. ბელიაშვილის „თეთრი ფინია“ (1946).[1]
1990 წელს ქუთაისის თოჯინების თეატრს იაკობ გოგებაშვილის სახელი მიენიჭა.
2018 წელს თეატრს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. პროექტის ღირებულება — 534 ათას ლარზე მეტი, საქართველოს კულტურის სამინისტრომ გამოყო. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში გამაგრდა თეატრის საძირკველი, კეთილმოეწყო შიდა ეზო, დამონტაჟდა გათბობა-გაგრილების სისტემა, გამოიცვალა სველი წერტილები და ელექტროგაყვანილობა, შეიცვალა სცენის კონსტრუქცია და დარბაზი ახალი განათების აპარატურით აღიჭურვა. თეატრი ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.
ახლადრებილიტირებული თეატრის გახსნაზე წარადგინეს ლაშა გაგოშიძის წიგნი-კატალოგი „თეჯირს მიღმა“, რომელშიც თეატრის 70-წლიანი ისტორიაა ასახული.[2] დაარსების დღიდან დღემდე 5 თაობა ემსახურა თეატრს და წიგნში ყველას წვლილია შესული.
დაარსების დღიდან ქუთაისის თოჯინების თეატრში 300-ზე მეტი წარმოდგენა დაიდგა. მათ შორისაა: „ჩექმებიანი კატა“, „ფისუნია“, „ვერცხლის ჩლიქი“, „ალუბლები ჰყვავიან“, „ცელქი ჯიმშერი“, „მაგდანას ლურჯა“, „კაცია ადამიანი?!“, „ორი ძმა“, „წითელქუდა“, „ქოჩორა“, „იავნანამ რა ჰქმნა?“, „დათუნიას სამართალი“, „არშინ მალ ალან“, „მახინჯი იხვის ჭუჭული“, „ჰერაკლეს გმირობანი“, „რწყილი და ჭიანჭველა“, „სამი გოჭი“, „ოქროს თევზი და მებადური“, „კოკროჭინა“ და სხვა. დღეისათვის 25-ზე მეტი მოქმედი თოჯინური სპექტაკლია. წარმოდგენები გათვლილია როგორც პატარა, ასევე, მოზრდილი ასაკის მაყურებლისთვის.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ცუცქირიძე, ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 572.
- შაფათავა, ე., ბუხნიკაშვილი, გ. ქუთაისის თოჯინების თეატრი, თბილისი, 1972