ქალის ციხე
ქალის ციხე, თამარის ციხე — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში, სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, თოხლიაურისხევის სათავეებთან, მანავის ცივის სამხრეთ კალთის ერთ-ერთ განშტოებაზე, სოფლიდან 10 კილომეტრზე. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს.
ციხის სახელწოდებას ლეგენდა თამარ მეფეს უკავშირებს. თითქოს ციხის მეფე ქალს აუშენებია და ამიტომ ჰქვია მას ქალის ციხე. სხვა ვერსიის მიხედვით კი, როდესაც მამაკაცები საომრად იყვნენ წასული, ციხეს ქალები იცავდნენ და სახელიც აქედან მომდინარეობს. ქართლის ცხოვრების მიხედვით, XIV საუკუნეში გიორგი ბრწყინვალემ ჰერ-კახთა და სომხეთის ერისთავნი, რომლებიც მონღოლებს მიემხრნენ, კახეთის ცივის მთაზე მიიწვია და ამოწყვიტა:
არსებობს ვარაუდი, რომ გიორგი ბრწყინვალემ მოღალატე ერისთავები სწორედ ქალის ციხეში დასაჯა სიკვდილით.
ციხე განლაგებულია ორი ღრმა ხევის შესაყართან, მაღალ ციცაბოფერდებიან მთაზე, ისე რომ ხევების მხრიდან იგი სრულიად მიუდგომელია. ერთადერთი მისადგომი ბილიკი მანავის ცივის მხრიდანაა. ციხის გეგმა არაწესიერი მოხაზულობისაა. ციხის სამხრეთით, ყველაზე დაბალ ადგილზე, გეგმით ნახევარწრიული კოშკია, რომელიც გალავანშია ჩართული და როგორც ჩანს ციხის მხარეს მთელ სიმაღლეზე იყო გახსნილი. ციხის ტერიტორია მთლიანად ტყითაა გადაფარული და უამრავი ქვაა მიმოფანტული.
ციხის ჩრდილოეთ ნაწილში, მცირე შემაღლებაზე, ძლიერ დაზიანებული, დარბაზული ტიპის ეკლესიაა, რომლისგანაც, მხოლოდ აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებია შემორჩენილი. თუმცა კედლები გარედან მიწითა და ქვითაა დაფარული. შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონია. კედლები ამ ადგილას განგრეულია. აღმოსავლეთით აფსიდია, რომლის ღერძზე თაღოვანი სარკმელია გაჭრილი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დვალი თ. ქოქიაშვილი გ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 133.