ქალაქური ფოლკლორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ქალაქური ფოლკლორიქალაქის მოსახლეობის ზეპირსიტყვიერი და მუსიკალური შემოქმედება, რომელიც ჩასახვას იწყებს ფაქტობრივად ქალაქების ჩამოყალიბებასთან ერთად. ქალაქური ფოლკლორისთვის დამახასიათებელია რამდენიმე, ზოგჯერ ძალზე განსხვავებული კულტურის შერწყმა.

ქალაქური ფოლკლორი საქართველოში 2 ძირითად შტოდ — აღმოსავლურად და დასავლურად იყოფა. განსაკუთრებით ეს მუსიკალურ ფოლკლორზე ითქმის. გაცილებით ადრინდელია ქალაქის ქალაქური ფოლკლორის აღმოსაცლური შტო, რომელიც, ქართული წყაროების მიხედვით, აღმოცენდა XVII საუკუნის შუა წლებიდან (უკავშირებენ გამაჰმადიანებული ქართველი მეფის როსტომის სახელს — 1632—1638). მის ცენტრად იქცა თბილისი. ქალაქური ზეპირსიტყვიერება ძველი თბილისის მოქალაქეთა, წვრილი ვაჭრებისა და ხელოსნების წრეში ჩამოყალიბდა,, ის მკვეთრად განსხვავდება ტრადიციულია, ე. წ. „სოფლური“ ფოლკლორისაგან. წარმოდგენილია დალოცვა-სადღეგრძელოებით, გამოცანებით, ლირიკული ლექსებით, ანეკდოტებით. მთქმელ-შემსრულებელთა ეროვნული სიჭრელე გავლენას ახდენდა ქალაქური ფოლკლორის ენასა და მხატვრულ ფორმაზე. თბილისურ ხალხურ ლექსებს ემჩნევა აშუღური პოეზიის (აშუღი) ზეგავლენა. ქართული ხალხური პოეზიის ტრადიციათა შერწყმამ აღმოსავლური პოეტური კულტურის გავლენასთან სრულიად თავისებური სახე მიანიჭა ქალაქურ ფოლკლორს, რომელიც განსაკუთრებით განვითარდა ერეკლე II-ის მეფობის დროს. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს საიათნოვას მოღვაწეობა. ქართულ ყოფაში შემოიჭრა აღმოსავლური საკრავებიც: საზი, თარი, ქამანჩა. ქალაქური ფოლკლორის აღმოსავლური შტოსათვის დამახასიათებელია მოჭარბებული მგრძნობელობა. კილოურ-ინტონაციური წყობისათვის დამახასიათებელია გადიდებული სეკუნდის ხმოვანება. საქართველოში მთელ რიგ შემთხვევებში მოხდა აღმოსავლური მელოდიების გამრავალხმიანება. ქალაქური ფოლკლორის დასავლური შტოს წარმოშობა დაკავშირებულია დასავლეთ ევროპული მუსიკის (იტალიური ოპერა) და რუსული რომანსის გავრცელებასთან (XIX საუკუნუის შუა წლებიდან). ქალაქური ფოლკლორის დასავლური შტოს ცენტრად ითვლება ქ. ქუთაისი. აქ ფართოდ გავრცელდა როგორც ევროპული მაჟორულ-მინორულ სისტემაზე აგებული, ასევე გიტარის თანხლებით შესრულებული ერთ- და მრავალხმიანი სიმღერები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მშველიძე ა., ქართული ხალხური ქალაქური სიმღერა, თბ., 1970
  • ბარდაველიძე ჯ., ჟორდანია ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 447-448, თბ., 1986 წელი.