ფერითი მხედველობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფერითი მხედველობაადამიანისა და ცხოველთა მრავალი სახეობის უნარი, გაარჩიონ საგანთა შეფერილობა ან განსხვავებები სინათლის სპექტრულ შედგენილობაში. თანამედროვე წარმოდგენები ადამიანის ფერით მხედველობაზე ემყარება ტ. იუნგისა და ჰ. ჰელმჰოლცი მიერ XIX საუკუნეში დამუშავებულ ფერთა აღქმის სამკომპონენტიან ანუ ტრიქრომატულ თეორიას, რომლის თანახმადაც, გარკვეული ტალღის სიგრძის მქონე სინათლე სხვადასხვა ძალით ააგზნებს თვალის ბადურაში მოთავსებულ სამი ტიპის ფოტორეცეპტორებს (კოლბებს), რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან თავიანთი უპირატესი მგრძნობელობით წითელი, მწვანე და ლურჯი სინათლისადმი. მათი აგზნების ხარისხზეა დამოკიდებული ამა თუ იმ ფერის შეგრძნება. რომელიმე ტიპის კოლბის მუშაობის მოშლა იწვევს დარღვევას ფერთა აღქმაში. ადამიანებში ყველაზე ხშირად გვხვდება წითელი და მწვანე ფერის გარჩევის უნარის მოშლა — ეგრეთ წოდებული დალტონიზმი. ძალზედ იშვიათია ფერთა მხედველობის სრული მოშლა — აქრომაზია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]