შინაარსზე გადასვლა

ფერეიდანი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მთა, რომელიც ბუნებრივი კედელივით არის აღმართული ფერეიდანში არსებულ დასახლებულ პუნქტებს (სამხრეთში მდებარე მარტყოფი, ვაშლოვანი, ჩუყურეთი და ჯაყჯაყი და ჩრდილოეთში მდებარე თორელი, რუისპირი, ტაშისკარი და აღჩა) შორის
ქართველების სამოსახლეები ფერეიდანში
ფერეიდნის მდგომარელბა ირანის რუკაში
ქართული დარბაზი ფერეიდანში, მას სპარსულად „გორჯი ფუში“ ეწოდება, რომელიც ნიშნავს „ქართულად დაფარულს“

ფერეიდანი — პროვინცია ცენტრალურ ირანში, ბახთიარის მთებში, ქალაქ ისპაანიდან დაახლოებით 100 კმ-ზე. XVII საუკუნის დასაწყისში (1614-1617 წწ.) ირანის შაჰმა აბას I-მა საქართველოდან აყრილი 200 ათასი ქართველი გადაასახლა და საკმაოდ დიდი ნაწილი ფერეიდანში დაასახლა. ასე შეიქმნა შუა ირანში ქართული სოფლები: ზემო მარტყოფი, ქვემო მარტყოფი, ჩუღურეთი (ჩოღიურეთი), აფუსი (რუისპირი), სიბაქი (ვაშლოვანი) და სხვა. ფერეიდანის ერთ უბანში (გურჯი-ნაჰიე — „ქართველთა უბანი“) ცხოვრობენ ქართველები, დანარჩენ 3 უბანში (ნაჰიე-ჩადეგუნი, ნაჰიე-ფარსაღი, ნაჰიე-თოჰმაჰლუ) — სპარსელები, ქურთები, ლურები, ბახთიარები, სომხები. ფერეიდანში ქართველების ჩასახლებით შაჰ-აბას I-ს მიზნად ჰქონდა დედაქალაქ ისპაანის დაცვას მომთაბარეთა (ბახთიარები, ლურები, ქურთები და სხვა) თავდასხმისგან.

ფერეიდანში მცხოვრები ქართველები პირველ ხანებში ინარჩუნებდნენ რჯულს და ზნე-ჩვეულებებს, მაგრამ შემდეგ მათ იძულებით შეუცვალეს სარწმუნოება, რამაც გარკვეულად შეცვალა მათი ზნე-ჩვეულებები, თუმცა დღემდე შეინარჩუნეს ქართული ენა და ზოგიერთო ქრისტიანული ჩვევა. უკანასკნელ წლებში გამოქვეყნებული მასალებით, ქართველობა 12—14 ათას კაცს შეადგენს.

ფერეიდანი ერთადერთი ირანული რაიონია, სადაც იძულებით გადასახლებულმა ქართველობამ დღემდე შეინარჩუნა ქართული ენა და ქართული ადათ-წესები. სხვა რაიონებში (ხორასანი, მაზანდარანი, ფარსი) ქართული მეტყველება აღარ ისმის. იქაური ქართველები თანდათან აითქვიფნენ ირანის სხვა ტომებში. ისინი ფერეიდნულ კილოზე მეტყველებენ.

დაბრუნება სამშობლოში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ფერეიდნელი, რომელიც საქართველოში 1871 წელს ჩამოვიდა იყო ათამ ონიკაშვილი. შემდეგ ყოლამ-რეზა ხუციშვილი და ყოლამ-ჰუსეინ ონიკაშვილი ჩამოსულან აქ ჯერ 1896 წელს, ხელმეორედ კი — 1907 წლის იანვარში. მათი ჩამოსვლის მიზანი და ერთადერთი სურვილი იყო „აქაურ ქართველობას როგორმე მუდმივი კავშირი ჰქონოდა სპარსეთის ქართველებთან, რომ ფერეიდანში ქართული სკოლა გახსნილიყო და იქიდან ჩამოეყვანათ რამდენიმე ყმაწვილი აქ, საქართველოში აღსაზრდელად და მოსამზადებლად“. ის გეგმა რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით გაეხსნათ პირველი ქართული სკოლა. ხოლო მოგვიანებით 1972 წელს 18 ოჯახი ჩამოასახლეს საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად. ფერეიდნიდან დაბრუნებულ ქართველებს გადაეცათ საცხოვრებლები. რეპატრირებულებს სათანადო პირობები შეუქმნეს. ზრუნავდნენ მათ დასაქმებაზე და განათლებაზე. გარდა ამისა, ხშირად ახორციელებდნენ მათ მატერიალურ დახმარებას. თუმცა, მოგვიანებით რამდენიმე ოჯახი უკან დაბრუნდა. დღეს ფერეიდნელები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობენ: ახაშენში, ვაზისუბანში, საგარეჯოში და თბილისში. გასულ წლებში ფერეიდნელების ერთი ნაკადი კვლავ ჩამოვიდა საქართველოში. ზოგიერთმა მათგანმა აქვე შექმნა ოჯახი და დამკვიდრდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • აღნიაშვილი ლ., სპარსეთი და იქაური ქართველები (მგზავრის წერილები), ტფ. 1896;
  • შარაშენიძე ზ., ფერეიდნელი „გურჯები“, თბ., 1979
  • ცაგარეიშვილი თ., ფერეიდნელები საქართველოში, თბ., 1981
  • ჭელიძე ა., ფერეიდნელი ქართველები, თბ., 1951
  • ჭიპაშვილი გ., ფერეიდნელი ქართველები, თბ., 1963
  • ჭიპაშვილი გ., ირანის ქართველი მოსახლეობა, თბ., 1990
  • http://tsimashvili.blogspot.com/2014/02/1907-1910.html?spref=fb ფერეიდნელი ქართველები - ონიკაშვილი და ხუციშვილი, და ქართული პოლიტიკური პარტიები 1907-1910