ფაუსტი (ტრაგედია)
„ფაუსტი“ | |
---|---|
Faust. Eine Tragödie. | |
ფაუსტის პირველი გამოცემა, 1808 | |
ავტორი | იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე |
ქვეყანა | გერმანია |
ენა | გერმანული |
ჟანრი | ტრაგედია |
გამოცემის თარიღი | 1774-1831 |
წინამორბედი | Urfaust და Faust. A fragment |
ფაუსტი (ტრაგედია) ან გოეთეს ფაუსტი ან უბრალოდ ფაუსტი 一 იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს ტრაგედია ორ ნაწილად. პირველი ნაწილის უმეტესობა და მეორე ნაწილი მთლიანად რითმული შეთავსებულობითაა დაწერილი. მიუხედავად იმისა, რომ, მთლიანობაში, იშვიათად იდგმება, ის გერმანულენოვან სცენებზე ყველაზე დიდი აუდიტორიის მქონე პიესაა. ფაუსტი საყოველთაოდაა აღიარებული, როგორც გოეთეს მაგნუმ ოპუსი და გერმანულენოვანი ლიტერატურის შედევრი. [1]
პიესა შთაგონებულია შუა საუკუნეების გერმანელი ალქიმიკოსის 一 იოჰან გეორგ ფაუსტი 一 მოდელით, რომელიც იქამდე ისეთი ცნობილი დრამატურგებისთვის ქცეულა ინსპირაციის წყაროდ, როგორებიც გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგი და კრისტოფერ მარლო იყვნენ.
გოეთემ თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი სწორედ აღნიშნულ პიესას მიუძღვნა, მისი მსგავსი შრომა შემდეგში დაფასდა და დღესდღეობით ზემოხსენებული ტრაგედია გერმანული ლიტერატურის მთავარ ნაწარმოებადაა მიჩნეული. პიესის პირველი ნაწილი, საბოლოო სახით, 1808 წელს გამოქვეყნდა, (მისი ორიგინალი დღემდე დაკარგულია, თუმცა 1886 მისი ხელნაწერი აღმოაჩინეს) ხოლო მეორე ნაწილი, რომელიც მის გაგრძელებას წარმოადგენს, ავტორის გარდაცვალებიდან მალევე, 1832 წელს გამოიცა. [2] ეს უკანასკნელი, კრიტიკოსთა აზრით, გაცილებით უფრო რთულ შინაარსს შეიცავს, ვიდრე მისი პირველი ნაწილი. თავად ავტორი ნაწარმოებზე საუბრისას აღნიშნავდა, რომ მისი პირველი ნაწილი „წარმოადგენს ვნებით შეწუხებული არსების ნამუშევარს, რომელსაც ადამიანის გონების დაბინდვაც კი ძალუძს“, ხოლო მეორე ნაწილი „ნაკლებადაა ორიენტირებული ვნებით სამყაროზე“. სწორედ მეორე ნაწილის პროლოგში წარმოგვიდგინა გოეთემ სულის გადარჩენის საკითხი საკმაოდ აზარტულ ჭრილში. ამრიგად, ნაწარმოები შეიძლება აღვიქვათ, როგორც იგავი ტანჯული კაცობერიობის შესახებ, რომელიც აზროვნებასა და მოქმედებას შორის არსებული დისონანსით არის დაკნინებული.
გოეთეს ფაუსტი ართულებს მარტივ ქრისტიანულ მორალს ლეგენდის ორიგინალისა. ჰიბრიდი პოემისა და პიესისა, გოეთეს ორი ნაწილი „ჩაკეტილი დრამასა“ არის ეპიკური, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ის ერთად უყრის თავს ქრისტიანულ, შუა საუკუნეების, რომაულ, აღმოსავლურ, ელინურ პოეზიას, ფილოსოფიასა და ლიტერატურას.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტრაგედია იწყება სამი შესავალი ტექსტით. პირველი 一 ეს არის ლირიკული მიძღვნა ახალგაზრდობის მეგობრებისადმი, რომელთაგან ზოგი გარდაიცვალა, ზოგიც სადღაც შორს იმყოფება: „თქვენ ისევ აქ ხართ, აჩრდილებო გარდასულ დღეთა, ოდითგანვე რომ მიშფოთდებდით სულს და გონებას, იქნება შევძლო კვლავ შევიგრძნო სინაზე ფერთა, თუ უკვე დროა დავუბრუნდე ძველ მოგონებებს“. ამას მოსდევს „თეატრალური შესავალი“. თეატრის დირექტორი, პოეტი და კომედიური მსახიობი მხატვრული შემოქმედების პრობლემებზე საუბრობენ. რას უნდა ემსახურებოდეს ხელოვნება 一 უსახურ ბრბოს თუ მაღალ იდეალებს? აქ, ისევე როგორც მიძღვნაში, დროის წარმავლობასა და უკვე წარსულში დარჩენილ სიჭაბუკის წლებზეა საუბარი, რომლებიც ასაზრდოებენ შემოქმედებით პროცესს. ბოლოს, დირექტორი მიმართავს პოეტსა და მსახიობს, უფრო გაბედულად იმოქმედონ ჭეშმარიტი ხელოვნებისა და მაღალი იდეალების დამკვიდრებისთვის.
პირველი ნაწილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ერთ სტრიქონში მოქცეულ ცის, დედამიწისა და ჯოჯოხეთის პრობლემატიკას ენაცვლება „პროლოგი ცაში“, სადაც გამოჩნდებიან ღმერთი, მთავარანგელოზები და მეფისტოფელი. მთავარანგელოზები ღმერთს ადიდებენ, მაგრამ მეფისტოფელის გამოჩენისთანავე დუმდებიან. ის პირველივე რეპლიკიდან 一 „მე შენს წინაშე წარვსდექ, უფალო“ 一 თითქოსდა გაჯადოვებს თავისი სკეპტიკური მომხიბვლელობით. საუბარში პირველად გაისმის ფაუსტის სახელი, რომელსაც ღმერთი თავის უერთგულეს მონად მიიჩნევს. მეფისტოფელიც ეთანხმება, რომ „ეს ესკულაპი“ ყოველთვის მზადაა, დაძლიოს წინააღმდეგობანი და გაიმარჯვოს, ჯილდოდ კი „ციურ ვარსკვლავებსა და მიწიერ ტკბობას მოელის“. ღმერთი ნებას რთავს მეფისტოფელს, ფაუსტს არაერთი განსაცდელი მოუვლინოს. დარწმუნებულია, რომ ის გამოსავალს მაინც მოძებნის. და აი, იწყება დაუნდობელი ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას, სიდიადესა და არარაობას შორის.
ფაუსტი თავის მყუდრო, გოთიკურ ოთახში წევს და ძილი არ ეკარება. აქ, თავის სამუშაო კელიაში, მრავალი წლის განმავლობაში ეუფლებოდა ამქვეყნიურ სიბრძნეს. მერე ეცადა, ზებუნებრივ მოვლენათა არსს ჩასწვდომოდა. მაგიასა და ალქიმიას მიმართა, მაგრამ კმაყოფილების ნაცვლად სულიერ სიცარიელეს გრძნობს. ბევრი რამ შეისწავლა: ღვთისმეტყველება, ფილოსოფია, იურისპრუდენცია, მედიცინა, მაგრამ ხვდება, რომ ამაოდ გაისარჯა. მიუხედავად არნახული გონებრივი შესაძლებლობებისა, კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ ყველაფერს ვერ შეიმეცნებ, ისევე როგორც ბოლომდე ვერ ამოხსნი სამყაროს ყველა საიდუმლოს. ფაუსტს ღიმილს ჰგვრის ვაგნერის პედანტიზმი, რომელიც მზადაა, დღედაღამ პერგამენტს ჩაჰკირკიტებდეს, იმის ნაცვლად, რომ ფაუსტივით უმთავრეს პრობლემებზე იფიქროს. როდესაც ვაგნერი თავდაჯერებულად ამბობს, რომ ადამიანს უკვე თითქმის ყველაფერზე აქვს პასუხი, გაღიზიანებული ფაუსტი წყვეტს კამათს. მარტოდ დარჩენილი, ის კვლავ ღრმა ფიქრში იძირება. გული სწყდება, რომ ამაოდ იცხოვრა, ცხოვრების უმშვენიერესი წლები მხოლოდ წიგნებსა და ექსპერიმენტებს შეალია. სასოწარკვეთილი გადაწყვეტს, საწამლავი დალიოს და მარადისობას შეუერთდეს. უეცრად ზარების რეკვა და გალობა ისმის. აღდგომის ღამე ახლოვდება, მწუხრის ზარები ფაუსტს თვითმკვლელობისგან იხსნის. დილით ვაგნერთან ერთად საზეიმო სვლას უერთდება. ხალხი პატივს სცემს ფაუსტს 一 მანაც და მამამისმაც ხომ არაერთი ადამიანის სიცოცხლე იხსნეს. ისინი არც შავ ჭირს უფრთხოდნენ და სნეულთა ბანაკებში უშიშრად შედიოდნენ. უბრალო ხალხი მოწიწებით ეგებება ფაუსტს, მას კი ესეც არ ახარებს. სულიერი წონასწორობის აღსადგენად ახალი აღთქმის თარგმნას იწყებს. სწორედ ამ დროს გამოჩნდება მეფისტოფელი, რომელიც მოხეტიალე სტუდენტის სახით წარუდგება მას. როდესაც სახელს ჰკითხავს, სტუმარი უპასუხებს, რომ ის იმ ძალის ნაწილია, რომელიც „თესავს სიკეთეს, თუმც სიავისთვის იმეტებს ყველას“. ვაგნერისგან განსხვავებით, ახალი თანამოსაუბრე ფაუსტივით გონებამახვილი და არაორდინალურია. ის ერთგვარი ქედმაღლობით საუბრობს ადამიანურ სისუსტეებზე, რითაც კიდევ უფრო დამაინტრიგებელი ხდება ფაუსტისთვის. მეცნიერს ჩათვლემს, ამით მეფისტოფელი ისარგებლებს და გაუჩინარდება. მომდევნო ვიზიტისას საგანგებოდ გამოწყობილი გამოეცხადება და სთავაზობს ისიც ლამაზად შეიმოსოს და ამქვეყნიურ სიამეს მიეცეს. და თუკი იმასაც შეძლებს, რომ ათქმევინოს 一 „შეჩერდი, წამო, მშვენიერი ხარ!“ 一 ჩათვლის, რომ ფაუსტი საბოლოოდ დაიმორჩილა და თავის ყურმოჭრილ მონად აქცია. გარიგება შედგა და ახლა სამოგზაუროდ მიდიან 一 მეფისტოფელის ფართე მოსასხამით ზეცას მიაშურებენ.
ამრიგად, ამ ტრაგედიის დეკორაცია დედამიწა, ცა და ჯოჯოხეთია, რეჟისორები 一 ღმერთი და ეშმაკი მრავალრიცხოვან ანგელოზებთან ერთად, ჯადოქრებთან და სულებთან ერთად. მათგან ყველაზე მიმზიდველი მთავარი მაცდუნებელი მეფისტოფელია 一 ოქროსფერ კამზოლში გამოწყობილი, თავზე ქუდითა და უცნაური ჩლიქით, რის გამოც ოდნავ კოჭლობს. არც თანამგზავრი ჩამოუვარდება: ფაუსტი ახლა ახალგაზრდაა და ლამაზი, ჯან-ღონითა და სურვილებით აღსავსე 一 მან ხომ ჯადოქრის მიერ მომზადებულ წამალსაც გაუსინჯა გემო. ახლა სისხლი უდუღს და მზადაა ყველა ცდუნება იგემოს. ნეტავ რას უმზადებს უშიშარ ექსპერიმენტატორს მისი კოჭლი კომპანიონი? და აი, პირველი საცდუნებელიც. მას მარგარიტა ჰქვია, ან გრეტხენი, თხუთმეტი წელი უსრულდება და ბავშვივით უმანკოა. ერთ უბადრუკ ქალაქში დაიბადა, სადაც ენაჭარტალა დედაკაცები დღედაღამ ქუჩაში სხედან საჭორაოდ. მამა ადრე დაეღუპა, ძმა ჯარში მსახურობს, უმცროსი და კი ახლახან გარდაეცვალა. ეს მიამიტი არსება უნდა გახდეს ფაუსტის მსხვერპლი. პირველი დანახვისთანავე საოცარმა ვნებამ შეიპყრო. ეშმაკმაც არ დააყოვნა და თავისი სამსახური შესთავაზა. და აი, მარგარიტაც შეყვარებულია. მეფისტოფელი აქეზებს ფაუსტს, რომ საქმე ბოლომდე მიიყვანოს, ისიც წინააღმდეგობას ვერ უწევს. ის მარგარიტას ბაღში ხვდება. ადვილი მისახვედრია, რა ხდებვა ქალიშვილის გულში. მას ხომ მთელი არსებით, სრულიად უანგაროდ უყვარს ფაუსტი და არა მარტო დანებდება, შეყვარებული რჩევით დედას საძილე წამალს მისცემს, რათა მათ ღამეულ შეხვედრებს ხელი არ შეუშალოს.
მაინც რა იზიდავს ფაუსტს ამ უბრალო და გულუბრყვილო არსებაში? ალბათ ის, რასაც უწინ ასე ეთაყვანებოდა 一 მიწიერ სილამაზეს, სიკეთესა და ჭეშმარიტებას. გამოუცდელობის მიუხედავად, მარგარიტა თავიდანვე ამოიხნობს მეფისტოფელში ბოროტ ძალას და გაურბის მის საზოგადოებას.
სიყვარული მათ წარმოუდგენელ ნეტარებას ჰგვრის, თუმცა დიდი განსაცდელის მიზეზიც ხდება. ვალენტინი, მარგარიტაც ძმა, შემთხვევით მის „თაყვანისმცემლებს“ გადაეყრება და ჩხუბს აუტეხს. მეფისტოფელი ხმალს იშიშვლებს, მის ნიშანზე ჩხუბში ფაუსტიც ჩაებმება და ვალენტინს კლავს. ფაუსტი იძულებულია, ქალაქიდან გაიქცეს. მარგარიტა უნებლიედ მკვლელი ხდება 一 წამლის მორიგი ულუფის შემდეგ დედამისი ვეღარ გამოიღვიძებს. მოგვიანებით, ქალიშვილი შეეძინება და ხალხის რისხვა რომ აიცილოს, ბავშვს მდინარეში გადააგდებს. ახლა ციხეში ზის სასიკვდილო განაჩენის მოლოდინში.
მისი შეყვარებული კი შორსაა და თავის განუყრელ მეგობართან, მეფისტოფელთან ერთად ბროკენის მთისკენ მიჰქრის. აქ, ვალპურგიის ღამეს, კუდიანების შეკრება იწყება და ამ ვაკხანალიაში ალქაჯები, ეშმაკები და ჭინკები მონაწილეობენ. ეს სატანის მეჯლისია. ფაუსტი ახალგაზრდა ლამაზმანს ეცეკვება. უეცრად, ქალის პირიდან ვარდისფერი თაგვი ამოხტება, შემცბარ ფაუსტს კი მეფისტოფელი ასე მიმართავს: „მადლობა თქვი რომ ვარდისფერია და ნუ შეგიპყრობს შიში ამისთვის“.
მაგრამ ფაუსტი არ უსმენს მეფისტოფელს. ერთ-ერთ აჩრდილში საპყრობილეში გამომწყვდეულ მარგარიტას შეიცნობს და შეძრწუნებული მეფისტოფელს სთხოვს დახმარებას, ის კი ყველაფერში ფაუსტს ადანაშაულებს. ბოლოს მაინც თანხმდება და ორივენი, კუდიანების თანხლებით, ქალაქისკენ მიჰქრიან.
მარგარიტა ამდენ ტანჯვასა და დამცირებას ვერ უძლებს და გონებას კარგავს. თმაგაწეწილი და ფეხშიშველი ერთ წერტილს მიშტერებია. ფაუსტის დანახვაზე კუთხეში მიიყუჟება, თუმცა ვერ იცნობს. უაზროდ ლაპარაკობს, დაღუპულ ჩვილს ახსენებს და შველას ითხოვს. ფაუსტი მის წინ მუხლებზე ეცება, სახელით მიმართავს და ბორკილებს შეხსნის. მარგარიტა ბოლოს და ბოლოს იცნობს ფაუსტს. ის უზომოდ ბედნიერია. ფაუსტი სთხოვს, დროზე დატოვონ აქაურობა, მაგრამ ქალი არ ჩქარობს, სთხოვს, მოეფეროს, მერე თავის ცოდვებს იხსენებს, დაღუპულ შვილსა და დედას. ბოლოს კი ფაუსტს ასე მიმართავს: „გთხოვ, ერთმანეთის შორიახლოს, მიწურულს დღისას, სამი ცხედარი მიაბარო მშობლიურ მიწას, დეს და ძმისა, და ამითი დამშვიდებულმა, მეც განვისვენო, ჩემს პირმშოსთან ჩახუტებულმა“. მარგარიტას კვლავ გარდაცვლილი ახლობლები ელანდება და ციხის დატოვებაზე უარს ამბობს. ფაუსტს მასთან დარჩენა სურს, მაგრამ ქალიშვილი სთხოვს იქაურობა დატოვოს. ფაუსტი და მეფისტოფელი მიდიან. მეფისტოფელი ამბობს, რომ მარგარიტა საკუთარი ცოდვების გამო დაისაჯა, ზეციური ხმა კი შეუსწორებს 一 „კი არ დაისაჯა, სული გადაირჩინა, რადგან გაქცევას მონანიება და მოწამეობრივი სიკვდილი არჩია“.
მეორე ნაწილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეორე ნაწილი ასე იწყება: მწვანე მდელოზე წამოწოლილ ფაუსტს ჩათვლემს. ტყის მფრინავი სულები მის ტანჯულ სულს სიმშვიდეს ჰპირდებიან. მალე სრულიან განკურნებული იღვიძებს და მზის ამოსვლას ეგებება. ახლა კი ხვდება, რომ მიზანი მაშინაა მიუღწეველი, როცა ის შესაძლებლობებს აღემატება. ბუნების წიაღში განმარტოებამ ახალი ძალები შესძინა და სჯერა, რომ გამოცდილება ნებისმიერი სირთულის დაძლევაში დაეხმარება. ამჯერად, მეფისტოფელს იმპერატორის კარზე მიჰყავს. ხაზინა ცარიელია, რის გამოც სახელმწიფოში განხეთქილებაა. არავინ იცის, რა მოიმოქმედოს, მეფისტოფელის გარდა, რომელიც ხაზინის შევსების გეგმას შეიმუშავებს და განახორციელებს კიდევაც. ბრუნვაში ფასიან ქაღალდებს გაუშვებს, თანაც ირწმუნება, რომ იქაური მიწები ოქროს საბადოებითაა სავსე, რომლებსაც, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მიაკვლევენ. გაბრიყვებული მოსახლეობა დიდი ენთუზიაზმით იძენს აქციებს. ცხადია, რომ სიყალბე მალე გამომჟღავნდება, მანამდე კი სამეფო კარი ეიფორიას მოუცავს. იმართება წვეულებები, სადაც ფაუსტი, როგორც სასურველი სტუმარი, დიდ პატივშია.
მეფისტოფელი მეგობარს ჯადოსნურ გასაღებს გადასცემს, რომლის საშუალებითაც ის ანტიკური ღმერთებისა და გმირების სამყაროში შეღწევას ახერხებს. ფაუსტს წვეულებაზე პარისი და ელენე მიჰყავს. მშვენიერი ელენე ქალბატონების კრიტიკის ობიექტი ხდება: ზოგი მომცრო თავს უწუნებს, ზოგიც 一 სიარულის მანერას. ფაუსტისთვის კი ელენე სულიერი და ფიზიკური სრულყოფილების განსახიერებაა, თუმცაღა მისთვის მიუწვდომელი. ელენეს ხატი თანდათან ბუნდოვანი ხდება და ბოლოს ქრება. ისმის აფეთქების ხმა, ფაუსტი მიწაზე დაენარცხება.
ამჯერად, ფაუსტი ელენას პოვნის იდეითაა შეპყრობილი. წინ დაბრკოლებებით სავსე გზა ელის. ეს გზა მისი სამუშაო ოთახიდან იწყება, სადაც მეფისტოფელის წყალობით გამოჩნდება. ჩვენ კვლავ შევხვდებით პედანტ ვაგნერს, რომელიც ამჯერად კოლბაში ხელოვნური ადამიანის შექმნაზე მუშაობს. ბოლოს და ბოლოს, ფაუსტი პოულობს ელენეს და ცოლად ირთავს. მალე მათ ვაჟი, ევფორიონი შეეძინებათ, რომელიც მზადაა ნებისმიერ სირთულეს გაუმკლავდეს.: „მწამს, ვერ გავდგები განზე ვერასდროს, მე ბობოქარი სტიქია მიხმობს“. ევფორიონი საკუთარი ნებით ტოვებს დედამიწას და ზეციურ სამყაროში გადაინაცვლებს.
ელენეც ტოვებს ფაუსტს, გამომშვიდობებისას კი ეუბნება: „ახლა კი ვხვდები, რარიგ სწორია, და შეგახსენებ ძველ გამონათქვამს: მშვენიერებასა და სილამაზეს ბედნიერება არასდროს ახლავს“. ფაუსტს ხელში მხოლოდ მისი სამოსიღა რჩება 一 სხეული კი ქრება, როგორც სილამაზე დროსთან ჭიდილში.
მეფისტოფელი ფაუსტს დიდების მოსაპოვებლად უამრავ ხერხს სთავაზობს, მაგრამ ამაოდ. ფაუსტს საკუთარი გეგმები აქვს და მათ მეგობარსაც გაანდობს: გადაწყვიტა, ზღვის მოქცევის შედეგად გამოფიტულ მიწის ვრცელ მონაკვეთზე კაშხალი ააგოს. მეფისტოფელი უარზეა და ეუბნება, რომ ჯერ იმპერატორს უნდა დაეხმარონ. ორივენი წარმატებულ სამხედრო ოპერაციას შეიმუშავებენ. და განახორციელებენ კიდეც. ახლა ფაუსტი საკუთარ გეგმებს მიუბრუნდება, მაგრამ მოულოდნელ წინააღმდეგობას წააწყდება. მომავალი მშენებლობის ადგილას ქოხი დგას, რომელშიც ღარიბი ცოლ-ქმარი ცხოვრობს. ჯიუტი მოხუცები აქაურობის დატოვებაზე უარს ამბობენ, ამიტომ ფაუსტი დახმარებისთვის მეფისტოფელს მიმართავს. მოხუცები იღუპებიან, ქოხს კი ცეცხლი წაეკიდება. შეძრწუნებული ფაუსტი წყელვა-კრულვას უთვლის მეფისტოფელს.
ფიზიკურად და სულიერად გამოფიტული ფაუსტი აღსასრულის მოახლოებას გრძნობს. ამჯერად, მთელი მისი ძალისხმევა კაშხლის მშენებლობისკენაა მიმართული, მაგრამ განგება ახალ დარტყმებს უმზადებს 一 ფაუსტი ბრმავდება. მიუხედავად ამისა, ენერგიის საოცარ მოზღვავებას გრძნობს და სჯერა, რომ დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევს. ვერ ხვდება, რომ მეფისტოფელის მახეში აღმოჩნდა. ფაუსტის ირგვლივ მშენებლების ნაცვლად ლემურები ირევიან, ავი სულები, რომლებიც ეშმაკის მითითებით ფაუსტისთვის საფლავს თხრიან.
ფაუსტის ბოლო მონოლოგში კონცენტრირებულია მის მიერ განვლილ ტრაგიკულ ცხოვრების გზაზე შეძენილი გამოცდილება. ახლა ხვდება, რომ მთავარი არც ძალაუფლებაა და არც ძალაუფლებით მოპოვებული სიმდიდრე 一 მხოლოდ საყოველთაო, დიადი საქმენი ანიჭებენ ცხოვრებას აზრს და სისავსეს. განა ამასვე არ ადასტურებს ფაუსტის აღმოჩენა 一 „ჯერ იყო საქმე“, რომელიც ჯერ კიდევ მეფისტოფელთან შეხვედრამდე გააკეთა და რომელიც ახლა ასე ეხმიანება მის სულიერ განწყობას?!
ფაუსტი კვდება და მეფისტოფელიც მზადაა, მის სულს დაეპატრონოს. უეცრად ანგელოზები გამოჩნდებიან და ფაუსტის სულს ცხვირწინ ააცლიან. გამწარებული მეფისტოფელი საკუთარ თავს წყევლას უთვლის და იქაურობას გაეცლება.
ფაუსტის სული გადარჩენილია, მისი არსებობა და ცხოვრება 一 გამართლებული. და აი, ფაუსტისა და გრეტხენის სულები ერთად მიიკვლევენ გზას ზეციურ სამყაროში.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „Faust, Part 1“ — Project Gutenberg-ზე (German)
- „Faust, Part 2“ — Project Gutenberg-ზე (German)
- „Faust, Part 1“ — Project Gutenberg-ზე (1912 English translation by Bayard Taylor)
- Faust, Part 1 and 2 (English translation from Project Gutenberg in a modern design). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-03. ციტირების თარიღი: 2023-02-16.
- Faust full text in German and English side-by-side (translations: Priest, Brooks and Coleridge). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-31. ციტირების თარიღი: 2023-02-16.
- Faust available at the Internet Archive, scanned illustrated books
- Faust, Part II available at digbib.org (German)
- Faust, Pt. 1 available at Google Books (1867 English translation by John Wynniatt Grant)
- Faust, Pt. 1 available at Google Books (1908 English translation by Abraham Hayward with illustrations by Willy Pogany)
- Kierans, Kenneth (2003). „Faust, Art, Religion“ (PDF). Animus. 8. ISSN 1209-0689. ციტირების თარიღი: August 18, 2011.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Portor, Laura Spencer (1917). The Greatest Books in the World: Interpretative Studies. Chautauqua, New York: Chautauqua Press, გვ. 82.
- ↑ Goethe's Plays, by Johann Wolfgang von Goethe, translated into English with Introductions by Charles E. Passage, Publisher Benn Limited 1980 ISBN 0510000878, ISBN 978-0510000875