ფატი გოკიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოკიელი.

ფატი (ფატმან) გაბრიელის ასული გოკიელი-ანთაძე (დ. 25 ივლისი, 1901, ქუთაისი — გ. 8 დეკემბერი, 1973, თბილისი) — ქართველი პედაგოგი, მეცნიერი და მთარგმნელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1919 წელს დაამთავრა ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებელი და შევიდა თბილისის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, რომელიც 1924 წელს დაამთავრა. ერთდროულად სწავლობდა იურიდიულ და ეკონომიკურ ფაკულტეტებზე.

1926 წელს ფ. გოკიელი გახდა ასპირანტი სამოქალაქო სამართლის განხრით. 1927 წელს ტოვებს უნივერსიტეტს. ამის შემდეგ იგი მარჯანიშვილის თეატრშია, სადაც სამუდამოდ დაუკავშირდა ამ თეატრის რეჟისორს, შემდეგში ცნობილ თეატრალურ მოღვაწეს, დოდო ანთაძეს და მასთან ერთად უბრუნდება ქუთაისს.

1932 წლიდან ისევ თბილისშია, ეწევა სამეცნიერო პედაგოგიურ მოღვაწეობას, ხოლო 1938–1941 წლებში სწავლობს თბილისის უნივერსიტეტის ასპირანტურაში ფრანგული ლიტერატურის სპეციალობით. 1938–1952 წლებში მოღვაწეობს ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, შემდეგი ათი წელი თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტში, ხოლო 1960 წლიდან გარდაცვალებამდე აქვე, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში.

ფატი გოკიელი სრულყოფილად ფლობდა ფრანგულსა და გერმანულ ენებს, იყო ფართო განათლების ლექტორი და მაღალკვალიფიციური მკვლევარი. მის კალამს ეკუთვნის არა ერთი საყურადღებო შრომა საზღვარგარეთული ლიტერატურის ისტორიიდან და კრიტიკული წერილები ქართული და რუსული ლიტერატურის საკითხებზე. არანაკლებ ნაყოფიერი იყო ფ. გოკიელის მთარგმნელობითი მოღვაწეობა. ქართველ მკითხველს გააცნო ელ. ტრიოლეს რომანი „ვარდები ნისიად“, კალაშნიკოვის ნარკვევი „სტანისლავსკის თეატრალური ეთიკა“, მ. ცვაიგის „ლეგენდა მესამე მტრედზე“, გორკის „მტრები“, ა. ოსტროვსკის „ტალანტები და თაყვანისმცემლები“, ფრ. ვოლფის „პროფესორი მამლოკი“, კ. სიმონოვის და სხვა რუსი თუ უცხოელი დრამატურგის პიესები.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]