შინაარსზე გადასვლა

ფარისებრი ჯირკვალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფარისებრი ჯირკვალი (ლათ. glandula thyreoideae) — ხერხემლიანების ენდოკრინული ჯირკვალი, რომელიც არეგულირებს ორგანიზმში ენერგიისა და ნივთიერებათა ცვლას. ვითარდება პირველადი ნაწლავის ( ხახა ) ლაყუჩოვანი ჯიბეების ეპითელიუმისაგან და ამიტომ ფარისებრახლო და მკერდუკანა ჯირკვლებთან ერთად განეკუთვნება ბრანქიოგენური ჯგუფის ჯირკვლებს.

ადამიანის ფარისებრი ჯირკვალი ყველაზე მსხვილი ენდოკრინული ჯირკვალია; მისი მასაა 25 — 40 გ, აქვს ნალისებრი ფორმა; ეხება ფარისებრ ხრტილს (აქედან მოდის სახელწოდება). შედგება ორი გვერდითი წილისა და მათი შემაერთებელი ყელისაგან, საიდანაც ზევითკენ წაიზრდება ე.წ. პირამიდული მორჩი. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე დამოკიდებულია ორგანიზმის ზრდა და ქსოვილების დიფერენცირება. მისი ჰორმონები უზრუნველყოფს ენერგეტიკული და ბიოსინთეზური პროცესების ოპტიმალურ დონეს.

ფარისებრი ჯირკვლის აგებულების თავისებურების მიხედვით, ძირითადი ფუნქცია იოდის შემცველი ჰორმონების – ტრიიოდთირონინის (T3), თიროქსინის (T4) და ცილოვანი ჰორმონის კალციტონინის გამომუშავებაა. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები მონაწილეობენ თითქმის ყველა ორგანოთა სისტემის შესასრულებელ ფუნქციონირებაში და განსაზღვრავენ ნივთიერებათა ცვლისა და ორგანიზმში მინდინარე პროცესების სიჩქარეს. [წყარო არ არის მითითებული 385 დღე]