უჯარმის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უჯარმის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია
უჯარმის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის წარწერა

უჯარმის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია, ავალიშვილების ეკლესია, ავალიანთ საყდარი — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის ჩრდილოეთ-დასავლეთით ექვსიოდე კილომეტრზე. გომბორის უღელტეხილისკენ მიმავალი გზის პირას. აგებულია 1755 წელს ზაალ ავალიშვილის მიერ.

ეკლესია დარბაზულია (11,7 x6,5 მეტრი) ნაგებია რიყის ქვითა და კირის დუღაბით. კონსტრუქციული ნაწილები (კონქი, კამარა, საბჯენი თაღები) აგურისაა. შენობის გარეთა კუთხეები, კარ-სარკმლების საპირეები, ცოკოლი და ლავგარდანი, კარგად გათლილი ქვიშითაა ნაწყობი. აგურის წყობა ისევე, როგორც ქვისა. მაღალ, პროფესიულ დონეზეა შესრულებული. შესასვლელი ორია დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. ორივე კარი სწორკუთხაა. აღმოსავლეთით ღრმა ნახევარწრიული აფსიდია. ტრულის გვერდებში ერთმანეთის მოპირდაპირე, გეგმით ნახევარწრიული საშუალო სიმაღლის თითო თაღოვანი ნიშაა. აბსიდში გრძივი კედლების აღმოსავლეთ ნაწილში და დასავლეთ კედელში შესასვლელი ასწვრივ, თითო თაღოვანი სარკმელია გაჭრილი.საკურთხევლის და გრძივ კედლებში გაჭრილი სარკმლების ქვედა ნახევარი ქვიშაქვის ნათალი ქვითაა გამოყვანილი. ზედა ნახევარი კი აგურით. დასავლეთ სარკმლის ღიობი მთლიანად აგურისაა. დარბაზის გრძივ კედლებზე ქვიშაქვის ნათალი ქვით ნაწყობი, ორსაფეხურიანი წყვილი პილასტრია. რომლებიც მათ ორ თანაბარ ნაწილად ჰყოფს. პილასტრების გვერდებზე შეისრული თაღით დასრულებული თითო ბრტყელი ნიშაა. რომელთა თავები პილასტრების გვერდით საფეხურს ეყრდნობა. წინა საფეხურზე კი კამარის საბჯენი თაღია გადაყვანილი. საბჯენი თაღი რუსეთან გამოყოფილია ქვიშაქვის იმპოსტები. მათ პროფილს თარო და ირიბი სიბრტყე შეადგენს. მსგავსი პროფილისაა სატრიუმფო თაღის და დასავლეთ კედლის მიმდებარე საბჯენი თაღის იმპოსტებიც. ეკლესიის კედლები, გარედანგასწორებულია წმინდა დუღაბით. თვითდუღაბის ფენა ძალიან სქელია და ქვები მასში თითქმის მთლიანად არის ჩაძირული. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმელს გარს ეკვრება ორმაგი ლილვით გამოყვანილი ჩარჩო. რომლებზე დაყრდნობილია ორმაგი ლილვითვე გამოსახული ჯვარი. ჯვრის მკლავების გადაკვეთის ადგილზე, განივი მკლავების და ზედა მკლავის ბოლოებში, ლილვშემოვლებული ბურთულებია. ჯვრის ქვედა მკლავის ლილვებში უშუალოდ ერწყმის სარკმლის მოჩარჩოების გარეთა თაღს. თაღოვანი, ორმაგი ლილვითვე გამოსახული ჯვარი. ჯვრის მკლავების გადაკვეთის ადგილზე, განივი მკლავების და ზედა მკლავის ბოლოებში ლილვშემოვლებული ბურთულებია. ჯვრის ქვედა მკლავის ლილვები უშუალოდ ერწყმის სარკმლის მოჩარჩოების გარეთა თაღს. ფახულანი ორმაგი ლილვით შედგენილი ჩარჩო ბევრი და ეკლესიის სამხრეთ და ჩრდილოეთ სარკმლისაც. დასავლეთ სარკმლის მოჩარჩოების პროფილი ოდნავ განსხვავებულია. მას ორ ლილვს შორის მოქცეული, ოდნავ ამობურცული, სადა ზედაპირი შეადგენს. დასავლეთ შესასვლელის არქიტრავის თავზე, ქვიშაქვის ნათალი ქვებით გამოყვანილი ოდნავ შეღრმავებული, სწორკუთხა არია, რომელშიც მხედრული დამწერლობით შესრულებული, ვრცელი წარწერაა ამოკვეთილი, წარწერა დაზიანებულია. მისი ნაწილი დაღუპულია. გ. ჩუბინაშვილის 1922 წლის გადმონაწერისა და თ. ბარნაველის 1959 წლის გადმონაწერის მიხედვით წარწერა შემდეგი შინაარსისაა:

ვიკიციტატა
„ქ. ინდიქტონისა მეფობისა ჩვენისა პატრულის პერიკლეა მე-11 სა, მრავალცმა არიან [წელნი] ბერებისა მათისანი, ხოლო ჩვენ ეშიკაღასბაშმან ავალიშვილმან ზაალ აღვაშენე საყდარი ესე წმინდისა, ყოვლად პატიოსნისა ნიკოლოზ მღრდელთ მოძრვარისა; შეიწირე ყოვლად მბადო ღმერთო მცირე შრომა გულისმოდგინება ესე ჩვენი, რათა ორთავე შინა ცხოვრებასა მცველ, მფარველ და მლხენელ გექმნეს მეუღლით ჩვენითურთ ჯორჯაძის ქართლის სახლის უხუცესის პაპუას ასულის თამარსა, ჩვენ ორთავე მოგვევლინე [...]ძილ სასურველნი წყალობასა შინა [დღესა] მას დიდსა განკი[თხვისასა].“

მოჩარჩოებაზე:

ვიკიციტატა
„ვინც წაიკითხოთ შენდობას ბრძანებდეთ, თქვენცა.“

ეკლესია დგას ერთსაფეხურიან ცოკოლზე. კედლები დასრულებულია მაღალი ლავგარდნით. (შემორჩენილი იყო რამდენიმე ქვა). რომელის პროფილს შეადგენს: თარო შეზნექილი ზედაპირი და ლილვი. 2006 წელს საქართველოს ისტორიის ძეგლთა დაცვის და გადარჩენი ფონდის დაფინანსებით ეკლესიას ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. (პროექტის ავტორი არქიტექტურული რესტორატორი მ. კბილაშვილი, შემსრულებელი ი/მ მიხეილ გელაშვილი). აღდგა გარეთა კუთხეების მონგრეული ნაწილები და ლავგარდანი, განაგე და სამხრეთ კედლის საძირკველი, კამარის ქუსლის დონეზი მოეწყო რკინაბეტონის სარტყელი, აღდგა იატაკიდან და კამერის ჩამოშლილი მონაკვეთები, ეკლესია გადაიხურა ღარისებრის კამარით. კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]