შინაარსზე გადასვლა

უცნობი ჯარისკაცის საფლავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უცნობი ჯარისკაცის საფლავი
რუს. Могила Неизвестного Солдата
კოორდინატები 55°45′17″N 37°36′58″E / 55.754722° ჩ. გ. 37.616111° ა. გ. / 55.754722; 37.616111
მდებარეობა მოსკოვი, რუსეთი
დაწყების თარიღი 1966
დასრულების თარიღი 1967
თარიღდება 8 მაისი, 1967
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7710413002

უცნობი ჯარისკაცის საფლავი (რუს. Могила Неизвестного Солдата) — მემორიალური არქიტექტურული ანსამბლი მოსკოვში, მდებარეობს ალექსანდრეს ბაღში, კრემლის კედელთან.

საფლავის ფილაზე დამონტაჟებულია ბრინჯაოს კომპოზიცია - ჯარისკაცის ჩაფხუტი, დაფნის ტოტი და საბრძოლო დროშა.

მემორიალის ცენტრში ნიშაა წარწერით „შენი სახელი უცნობია, გმირობა კი უკვდავი“. მემორიალის ცენტრში ხუთქიმიანი ვარსკვლავია მარადიული ცეცხლით.

1966 წლის 3 დეკემბერს ფაშისტური გერმანიის თავდასხმიდან 25-ე წლისთავზე, უცნობი ჯარისკაცის ნეშტი გადაასვენეს ალექსანდრეს ბაღში და საზეიმოდ დაკრძალეს[1].

1967 წლის 8 მაისს უცნობი ჯარისკაცის საფლავზე გახსნეს არქიტექტურული ანსამბლი „უცნობი ჯარისკაცის საფლავი“, რომელიც შეიქმნა არქიტექტორების დ. ბურდინის, ვ. კლიმოვისა და ი. რაბაევის პროექტის მიხედვით. მუდმივი ცეცხლი აანთო ლეონიდ ბრეჟნევმა, რომელმაც ჩირაღდანი მიიღო საბჭოთა კავშირის გმირის ალექსი მარესევისაგან.

1997 წლის 12 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად საპატიო ყარაულის პოსტი № 1 ლენინის მავზოლეუმიდან გადაიტანეს უცნობი ჯარისკაცის საფლავზე. დაცვა ხორციელდება საპრეზიდენტო პოლკის სამხედრო მოსამსახურეების მიერ. ყოველ საათში ხდება დაცვის მხარის შეცვლა.

რუსეთის პრეზიდენტის 2009 წლის 17 ნოემბრის № 1297 ბრძანებულების თანახმად ძეგლს მიენიჭა სამხედრო დიდების საერთოეროვნული ძეგლის სტატუსი.

სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული სამუშაოების პერიოდში 2009 წლის 16 დეკემბრიდან 2010 წლის 19 თებერვლამდე საპატიო ყარაული არ იცავდა მემორიალს. ამავე პერიოდში აკრძალული იყო ყვავილებისა და თაიგულების მიტანა.

2010 წლის 8 მაისს რეკონსტრუქციის შემდეგ რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის პრეზიდეტების მონაწილეობით მოხდა კომპლექსის საზეიმო გახსნა. ახალ მემორიალურ კომპლექსს დაემატა სტელა. მისი გახსნის უფლება მოიპოვა სსრკ-ის ორგზის გმირმა მიხაილ ოდინცოვმა და რუსეთის გმირმა ვიაჩესლავ სივკომ.

2014 წლის 24 ოქტომბერს რუსეთის სახელმწიფო დუმამ 3 დეკემბერი გამოაცხადა უცნობი ჯარისკაცის დღედ, აღნიშნული თარიღი დაამთხვიეს უცნობი ჯარისკაცის ალექსანდრეს ბაღში დაკრძალვის დღეს. მემორიალი არის ტურისტებისა და ახალგაზრდების სტუმრობის ადგილი.

  • Криворучко М. Г., Мишин П. И., Смирнов И. Г. Москва — героям Великой Отечественной: (Путеводитель). — М.: Московский рабочий, 1977. — С. 43-46. — 384 с. — 30 000 экз. (обл.)
  • Муравьёв В. Б. Могила Неизвестного Солдата. — М.: Московский рабочий, 1987. — 64 с. — (Биография московского памятника). — 50 000 экз. (обл.)
  • Абрамов, А. С. У Кремлёвской стены. — 6-е, доп. — М.: Политиздат, 1984. — С. 339—353. — 368 с. — 100 000 экз.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]