ალექსანდრეს ბაღი (მოსკოვი)
ალექსანდრეს ბაღი (რუს. Александровский сад) — პარკი მოსკოვში. მდებარეობს მოსკოვის ტვერის რაიონში, კრემლის დასავლეთის კედელთან. გადაჭიმულია რევოლუციის მოედნიდან კრემლის სანაპირომდე. პარკი დაარსდა 1812 წელს, მისი ფართობია 10 ჰექტარი და შედგება სამი ნაწილისაგან: ზემო, შუა და ქვემო ბაღებისაგან. პარკში მდებარეობს ისეთი ისტორიული ობიექტები, როგორიცაა კრემლის კუტაფიის კოშკი, იტალიური გამოქვაბული, რომანოვების მმართველობის 300 წლისთავისადმი მიძღვნილი ობელისკი და სხვა. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს 1812 წლის საფრანგეთ-რუსეთის ომისა და დიდი სამამულო ომისადმი მიძღვნილ ძეგლებს[1].
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XVIII საუკუნემდე ალექსანდრეს ბაღის ადგილზე მიედინებოდა მდინარე ნეგლინაია, რომელზეც გადებული იყო ოთხი ხიდი: კუზნეცკის ხიდი, პეტროვსკის ხიდი, აღდგომის ხიდი და სამების ხიდი. მდინარის ნაპირზე ისტორიულ ეპოქაშივე მოაწყეს სახალხო სასეირნო, მდინარის წყალი იყო სუფთა და მდიდარი თევზით[2]. დროთა განმავლობაში მდინარე დაჭუჭყიანდა და სანაპირო კი გაუქმდა. XVIII საუკუნის დასასრულს კი არხის ფუქნციები მიიღო. 1812 წლის სამამულო ომის შემდეგ იმპერატორმა ალექსანდრე I-მა მიიღო გადაწყვეტილება მდინარე სამი კილომეტრის მანძილზე მიწის ქვეშ მილებში მოექცია. სამუშაოებს ხელმძღვანელობდა ქართული წარმოშობის (ჭელიძე) მშენებელი ეგორ ჭელიევი. გამოთავისუფლებულ ადგილზე გააშენეს ბაღები არქიტექტორ ოსიპ ბოვეს პროექტის მიხედვით. ეს პროექტი იყო 1812 წლის ხანძრის შედეგად განადგურებული მოსკოვის აღდგენის პროექტის შემადგენელი ნაწილი[1][3]. ამ ბაღს აქვს მემორიალური მნიშვნელობა - იგი შეიქმნა სამამულო ომში გამარჯვების აღშანიშნავად.
ბაღის მშენებლობა მიმდინარეობდა 1819-1820 წლებში და თავდაპირველად ერქვა კრემლის ბაღი. 1820-1821 წლებში ოსიპ ბოვემ დააპროექტა ბაღის ნაწილი აღდგომის ხიდიდან სამების ხიდამდე ანუ ზედა ბაღი. მთავარ შესასვლელში დააყენეს თუჯის კარები სამამულო ომში გამარჯვების სიმბოლოს გამოსახულებით, ჭიშკარი დააპროექტა არქიტეტორმა ევგენი პასკალმა.
ალექსანდრე II-ის კორონაციის შემდეგ 1856 წელს ბაღს ალექსანდრეს ბაღი უწოდეს. ამავე პერიოდში ბაღის გარშემო შემოავლეს მცირე თხრილი და დაბალი მეტალის ღობე, რომელმაც ჩვენამდე ვერ მოაღწია.
თანამედროვეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2012-2013 წლის რეკონსტრუქციის პერიოდში ბაღში მოჭრეს ძველი ხეები და მათ ადგილზე დარგეს 200 ახალი ხე. 2016 წლიდან ბაღში უფასო Wi-Fi მოქმედებს[4].
ბაღში იმართება ქალაქის ღონისძიებები. ყოველწლიურად ქალაქის დღესთან და გამარჯვების დღესთან დაკავშირებით უცნობი ჯარისკაცის საფლავს ამკობენ ყვავილებით[5][6].
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზემო ბაღი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზემო ბაღი გაიხსნა 1821 წელს, მისი სიგრძეა 350 მეტრი და გრძელდება რევოლუციის მოედნიდან სამების კოშკამდე[7].
უცნობი ჯარისკაცის საფლავი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1967 წლის 8 მაისს, ზემო ბაღში, უცნობი ჯარისკაცის საფლავზე გახსნეს არქიტექტურული ანსამბლი „უცნობი ჯარისკაცის საფლავი“, რომელიც შეიქმნა არქიტექტორების დ. ბურდინის, ვ. კლიმოვისა და ი. რაბაევის პროექტის მიხედვით. მუდმივი ცეცხლი აანთო ლეონიდ ბრეჟნევმა, რომელმაც ჩირაღდანი მიიღო საბჭოთა კავშირის გმირის ალექსი მარესევისაგან.
1997 წლის 12 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად საპატიო ყარაულის პოსტი № 1 ლენინის მავზოლეუმიდან გადაიტანეს უცნობი ჯარისკაცის საფლავზე. დაცვა ხორციელდება საპრეზიდენტო პოლკის სამხედრო მოსამსახურეების მიერ. ყოველ საათში ხდება დაცვის მხარის შეცვლა.
რუსეთის პრეზიდენტის 2009 წლის 17 ნოემბრის № 1297 ბრძანებულების თანახმად ძეგლს მიენიჭა სამხედრო დიდების საერთოეროვნული ძეგლის სტატუსი.
სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული სამუშაოების პერიოდში 2009 წლის 16 დეკემბრიდან 2010 წლის 19 თებერვლამდე საპატიო ყარაული არ იცავდა მემორიალს. ამავე პერიოდში აკრძალული იყო ყვავილებისა და თაიგულების მიტანა.
2010 წლის 8 მაისს რეკონსტრუქციის შემდეგ რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის პრეზიდეტების მონაწილეობით მოხდა კომპლექსის საზეიმო გახსნა. ახალ მემორიალურ კომპლექსს დაემატა სტელა. მისი გახსნის უფლება მოიპოვა სსრკ-ის ორგზის გმირმა მიხაილ ოდინცოვმა და რუსეთის გმირმა ვიაჩესლავ სივკომ.
2014 წლის 24 ოქტომბერს რუსეთის სახელმწიფო დუმამ 3 დეკემბერი გამოაცხადა უცნობი ჯარისკაცის დღედ, აღნიშნული თარიღი დაამთხვიეს უცნობი ჯარისკაცის ალექსანდრეს ბაღში დაკრძალვის დღეს. მემორიალი არის ტურისტებისა და ახალგაზრდების სტუმრობის ადგილი.
იტალიური გამოქვაბული
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გამოქვაბულის მშენებლობა დაიწყო 1820 წელს არქიტექტორ ოსიპ ბოვეს პროექტის მიხედვით, ბაღის ზედა ნაწილში.
გამოქვაბული ხელოვნურ გორაკზეა მოთავსებული არსენალის შუა კოშკის ქვეშ. ეს კოშკი არის ბასტიონი, რომელიც შვედების თავდასხმისათვს მოამზადეს. გამოქვაბულის რომანტიკული სილუეტი ვიზუალურად ყოფს კრემლის კედლის ერთიან ხაზს[8].
ჩაფიქრებული იყო, როგორც 1812 წლის დანგრეული ქალაქის მემორიალი[9], გამოქვაბული სიმბოლურად აღნიშნავს მოსკოვის აღორძინებას ფერფლიდან[10].
დორიულ სვეტებზე დაფუძნებული არქიტრავზე გამოსახულია საბრძოლო დიდების სიმბოლოები და ბერძნული მითოლოგიის ზღვის ცხენის, ჰიპოკამპუსის ფიგურები.
გამოქვაბულის ასაშენებლად გამოიყენეს ფრანგების მიერ 1812 წელს დანგრეული ქალაქის შენობების მასალები (ა. სმირნოვა ამას ლეგენდას უწოდებს[11]), თუმცა მასალებს შორის შესაძლებელია დაინახოთ დეტალები ცალკე მდგომი არსენალის შენობის ფასადიდან. ასევე გამოყენებულია სხვა სამშენებლო ნაგავიც. ყველაზე საოცარია, შუა საუკუნეების ქვის ბირთვი, რომელსაც 60 სმ დიამეტრი აქვს.
2004 წელს დაიწყო გამოქვაბულის სარესტავრაციო სამუშაოები, რომელშიც მონაწილეობდნენ არქოლოგებიც. მიწის ანალიზმა სულ სხვა, მოულოდნელი აღმოჩენები აჩვენა: XV საუკუნის ადამიანის ნარჩენებიდან დაწყებული (შესაძლებელია მიწის ნაკვეთის ნაწილი ძველ სასაფლაოზე მდებარეობდა) XVIII საუკუნის დროინდელი თიხის ქოთნების ნაწილებით დამთავრებული, რომელშიც შეიმჩნეოდა ვანადიუმის კვალი. არქეოლოგებმა ამ ნივთიერების ჭარბი რაოდენობა დაუკავშირეს ამანიტას გვარის სოკოებს.
ალექსანდრეს ბაღის ობელისკი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვლასიევის შესრულებულმა ობელისკის პროექტმა მეორე პრემია დაიმსახურა რომანოვების 300 წლისთავისადმი მიძღვნილი პროექტების კონკურსზე. მისი დამომნტაჟების თანხა ქალაქის ბიუჯეტიდან გაიღეს[12].
საზეიმო საფუძვლის ჩაყრა გაიმართა 1914 წლის 18 აპრილს. პირველი ქვა ჩადო ვიქტორ ბრიანსკიმ, მეორე - ალექსანდრე ადრიანოვმა, მესამე - თავადმა ნიკოლოზ ოდოევსკი-მასლოვმა. ობელისკის საზეიმო გახსნა კი გაიმართა 1914 წლის 10 ივნისს (მასში სამეფო ოჯახს წარმომადგენლებს მონაწილეობა არ მიუღიათ).
ობელისკი დადგეს ზემო ბაღში მთავარი შესსვლელის მოედანზე[12]. იგი შედგებოდა ორი ნაწილისაგან. ოთხკუთხა ფინური გრანიტის ობელისკი სრულდებოდა ორთავიანი არწივის გამოსახულებით, ხოლო სტელის თავში რომანოვების გერბი იყო გამოსახული. ქვემოთ კი ეწერა რომანოვების დინასტიის წარმომადგენელი მეფეებისა და იმპერატორების სახელები მიხეილ თედორეს ძიდან დაწყებული ნიკოლოზ II-თი დამთავრებული (არ ეწერა მხოლოდ ივანე VI, იმპერატრიცა ანას შემდეგ ეგრევე იმპერატრიცა ელისაბედი ეწერა). კუბის ფორმის პოსტამენტზე გამოსახული იყო წმინდა გიორგი და რუსეთის იმპერიის გუბერნიების გერბები.
ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებამ მიიღო მონუმენტალური პროპაგანდის ლენინური გეგმა, რომლის საფუძველზეც გაანადგურეს ყველა ის ძეგლი, რომელიც მეფის ხელისუფლებასთან იყო დაკავშირებული. ალექსანდრეს ბაღის ობელისკი არ დაუნგრევიათ, იგი გადააკეთეს და იგი იქცა სოციალისტური და კომუნისტური მოძრაობის ლიდერების ძეგლად.
1918 წლის აგვისტო-სექტემბერში მოსკოვის აღასკომის დადგენილების საფუძველზე არქიტექტორმა ნიკოლაი ვსევოლოჟსკიმ ობელისკი ასე გადააკეთა: წვერში არსებული არწივი მოხსნა[12][13]; გერბები მოხსნა (გერბის ფარები შეინარჩუნეს); წმინდა გიორგის მაგივრად წააწერეს „Р. С. Ф. С. Р.“, მის ქვემოთ კი დევიზი „პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთდით“; მეფეთა სახელები მოაშორეს და მათ ადგილზე 19 სოციალისტისა და კომუნისტის სახელი დააწერეს. გვარები ქრონოლოგიურად არ არის დალაგებული. ჯერ წერია მარქსი და ენგელსი, შემდეგ გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის სამი დამაარსებელი (ვილჰელმ ლიბკნეხტი, ფერდინანდ ლასალი და ავგუსტ ბებელი), ხოლო შემდეგ XVI საუკუნისა და შემდეგი პერიოდის სოციალისტური უტოპიზმის მოღვაწეები. სია მთავრდება ხუთი რუსული გვარით, ესენი არიან სხვადასხვა პოლიტიკური მიმდინარეობების წარმომადგენლები, მათ შორის ბლშევიზმის ოპოზიციენერებიც (მაგალითად: ნაროდნიკი ნიკოლაი მიხაილოვსკი, ანაქრისტი მიხეილ ბაკუნინი და მენშევიკი გიორგი პლეხანოვი). არცერთი ბოლშევიკის გვარი სტელაზე არ იყო.
სტელის ამ სახით გახსნა მოხდა 1918 წლის ოქტომბერში, რევოლუციის წლისთავზე.
1966 წელს ძეგლი გადაიტანეს ზემო ბაღის ცენტრში, მის ადგილზე კი დადგეს რობესპიერის ძეგლი. მაგრამ მალევე ძეგლი ააფეთქა უცნობმა პირმა.
2013 წელს რომანოვების 400 წლისთავთან დაკავშირებით მონუმენტი აღადგინეს, თუმცა თავდაპირველი ძეგლი პრაქტიკულად დაიკარგა.
პატრიარქ გერმოგენის ძეგლი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძეგლის დადგმის იდეა დაიბადა ჯერ კიდევ XIX საუკუნის დასაწყისში, მას შემვეგ, რაც წითელ მოედანზე დადგეს მინინისა და პოჟარსკის ძეგლი. ჩანაფიქრის მიხედვით, გერმოგენის ძეგლი, რომლის როლიც რუსეთის ისტორიის არეულობის ხანაში, თავისი მასშტაბებით ახლოს იყო კუზმა მინინისა და დიმიტრი პოჟარსკის წვლილთან, უნდა დაედგათ იმ ტერიტორიაზე, სადაც დღეს განთავსებულია ლენინის მავზოლეუმი.
ძეგლის დადგმის საკითხმა მეროედ თავი იჩინა 1910-იანი წლების დასაწყისში, როდესაც პატრიარქ გერმოგენის ძეგლის დადგმას 1910 წელს დათანხმდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდი. 1913 წელს გერმოგენი წმინდანად შერაცხეს. იდეის რეალიზაციას ხელი შეუშალა ჯერ პირველმა მსოფლიო ომმა, ხოლო შემდეგ ოქტომბრის რევოლუციამ.
2008 წლის 27 ივნისს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომლის ორგანიზატორი იყო საზოგადოებრივი მოძრაობა „სახალხო კრება“, ლიტერატურულ-ფილოსოფიური ჯგუფი „ბასტიონი“, რეგიონალური საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ბოროდინო-2012“ და კონსერვატიული ჟურნალისტიკის ლიგა. მრგვალ მაგიდაზე მოხდა გერმოგენის ძეგლის დადგმის ინიციირება. მაშინვე დაიწყო პირველი ნაბიჯების გადადგმა მონუმენტის დასადგმელად ფინანსური მხარდაჭერისთვის.
2012 წლის 3 მარტს ძეგლის მომავალ ადგილზე პატრიარქმა კირილემ დააყენა მემორიალური ქვა. ამის შემდეგ გამოაცხადეს კონკურსი ძეგლის საუკეთესო ვარიანტის გამოსავლენად. კონკურსზე სულ წარმოადგინეს 79 ვარიანტი. პროექტის კონკურსში გაიმარჯვა შემოქმედებითმა კოლექტივმა რუსეთის სახალხო მხატვრის სალავათ შჩერბაკოვისა და რუსეთის დამსახურებული არქიტექტორის იგორ ვოსკრესენსკის ხელმძღვანელობით[14].
დაფინანსების წყარო გახდა ქველმოქმედებისა და ქვეყნის ხელმძღვანელობის შემოწირულობა. შეიქმნა რეგიონალური საზოგადოებრივი ფონდი, რომელიც გამოვიდა პატრიარქ გერმოგენის ძეგლის დადგმის ინიციატივით. ფონდის შექმნაში მონაწილეობა მიიღო საზოგადოებივმა მოძრაობამ „სახალხო კრება“ და ქალთა მართლმადიდებლ-პატრიოტთა საზოგადოებამ. ფონდის შემადგენლობაში შევიდა 250 საზოგადოებრივი ორგანიზაცია რუსეთის სხვადასხვა რეგიონებიდან[15].
ძეგლის საზეიმო გახსნა გაიმართა 2013 წლის 25 მაისს. გახსნაში მონაწილეობა მიიღო მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ, იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე III-მ, სტაროობრიადელების ეკლესიის წარმომადგენელმა, მიტროპოლიტმა კორნელიმ (ტიტოვი). ასევე მოსკოვის სასულიერო საზოგადოებამ. ოფიციალური ხელისუფლების წარმომადგენელი იყო რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ივანოვი და რუსეთის პრეზიდენტის საქმეთა მმართველი ვლადიმირ კოჟინი[16]. გახსნის დროს აღავლინეს საზეიმო გალობა[17].
შადრევნების კომპლექსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შადრევნების კომპლექსი მდებარეობს მანეჟის მოედნის მხარეს. შადრევნები დააყენეს 1996 წელს. კომპლექსი შედგება ექვსი ნაწილისაგან, რომლებიც დამზადებულია ზურაბ წერეთლის ქანდაკებების მიხედვით. შადრევნებიდან ყველაზე დიდია „მდინარე ნაგლინაია“ და კომპოზიცია „ზღაპრის გმირები“, ხოლო დანაჩენები არიან პატარები და ასრულებენ ძირითადი ნაწილის დამატებით ფუნქციებს[18][19].
რობესპიერის ძეგლი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბეტონის ძეგლი იყო XVIII საუკუნის პოლიტიკური მოღვაწის რეალური გამოსახულება, შესაბამის ტანსაცმელში და პარიკში.
ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებამ მიიღო მონუმენტალური პროპაგანდის ლენინური გეგმა, რომლის საფუძველზეც გაანადგურეს ყველა ის ძეგლი, რომელიც მეფის ხელისუფლებასთან იყო კავშირში.
სახვითი ხელოვნების განყოფილებამ შეადგინა იმ პირების სია, რომლის ძეგლების შეიძლება დადგმულიყო. ამ სიაში შეიყვანეს არა მარტო რუსი რევოლუციონერები, არამედ უცხოელი პოეტები, ფილოსოფოსები, სწავლულები, მხატვრები, კომპოზიტორები და მსახიობები, სულ 69 პირი.
რობესპიერი, როგორც საფრანგეთის რევოლუციის მნიშვნელოვანი ფიგურა, ბუნებრივია ამ სიაში მოხვდა. მისი დადგმა ალექსანდრეს ბაღში, მოხდა რომანოვების ობელისკის აღებისა და გადაკეთების პარალელურად.
რობესპიერის ძეგლის გახსნა მოხდა 1918 წლის 3 ნოემბერს. შემორჩენილია 18-წამიანი ვიდეო მასალა გახსნის შესახებ.
1918 წლის 7 ნოემბერს დილით ქანდაკება დანგრეული დახვდათ. ოფიციალური ვერსიით, რომელიც გაზეთმა „პრავდამ“ გამოაქვეყნა 9 ნოემბერს, ძეგლის განადგურება მოხდა დამნაშავის ხელით, ანუ ძეგლი ააფეთქეს, მაგრამ იქვე მიუთითებენ, რომ კვარცხლბეკი გადარჩა. ერთ-ერთი არცთუ საფუძველს მოკლებული ვერსიის მიხედვით ბეტონი იყო დაბალი ხარისხის, ღამით მოყინა და ძეგლი ჩამოიქცა[20].
შუა ბაღი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შუა ბაღი გაიხსნა ზედა ბაღის გახსნიდან ერთი წლის შემდეგ, 1822 წელს. იგი გრძელდება სამების კოშკიდან კრემლის ბოროვიცკის კოშკამდე. მისი სიგრძეა 382 მეტრი[1]. XVI-XVII საუკუნეებში აქ მდებარეობდა სააფთიაქო ბაღი, სადაც ამრავლებდნენ სამკურნალო მცენარეებს. 2017 წლის მონაცემებით ბაღის ამ ნაწილში მდებარეობს მოსკოვის კრემლის მუზეუმის სალაროები[2].
კუტაფიის კოშკი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუტაფიის კოშკი ააგეს 1516 წელს მილანელი არქიტექტორის ალევიზ ფრიაზინის (უფროსის) ხელმძღვანელობით[21]. დაბალ, მდინარე ნეგლინაიით და თხრილით გარშემორტყმულ კოშკს ერთადერთი კარი ჰქონდა, რომელიც საფრთხის შემთხვევაში იკეტებოდა ხიდის საშუალებით. კოშკი იყო მრისხანე დაბრკოლება ციხესიმაგრის ალყის შემოსარტყმელად. კოშკს ჰქონდა სათოფურები და მაშიკულები.
ძველ დროში კუტაფიის კოშკი, ისევე როგორც კრემლის სხვა კოშკები, სრულდებოდა ორრქიანი კბილანებით და კარვისებური სახურავით. 1685 წელს მას დაადგეს ბადისებრი გვირგვინი - პარაპეტი თეთრი ქვის გვირგვინით. XVIII საუკუნეში დაანგრიეს კოშკის კამარა.
XVI-XVII საუკუნეებში მდინარე ნაგლინაიაში წყლის დონემ მოიმატა და კოშკი ყველა მხრიდან წყალში მოექცა. კოშკში შესვლა მხოლოდ ქალაქის მხრიდან მხოლოდ ხიდის საშუალებით შეიძლებოდა. ამჟამად კოშკის ქვევა ნაწილი ამოვსებულია. მისი თავდაპირველი სიმაღლე დედამიწის ზედაპირის დონიდან იყო 18 მეტრი, ამჟამად მხოლო 13,5 მეტრია მისი სიმაღლე.
სახელწოდება კუტაფიის წარმოშობაზე არსებობს ორი, ერთმანეთისაგან განსხვავებული ვერსია. ერთი ვერსიის თანახმად სიტყვა „кут“ ნიშნავს თავშესაფარს, კუთხეს, ან მეორე ვერსიის თანახმად სიტყვა „кутафья“ აღნიშნავს სრულ, მოუქნელ ქალს. თუმცა პირველი საეჭვო ჩანს, რადგან სიტყვა „кут“-ისაგან მიიღება სახელწოდება „Кутовая“ და არა „Кутафья“.
2001 წელს კოშკის ნაპირებზე დაიწყო თანამედროვე პავილიონის მშენებლობა, რომელიც სპეციალისტების შიშის მიხედვით, რომლებიც იცავენ კულტურულ მემკვიდრეობას, დაამახინჯებდა ძეგლის ისტორიულ სახეს[22][23][24].
სამების ხიდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოსკოვის ისტორიკოსის ივან ზაბელინის აზრით, სამების ხიდის პირველი ქვის ვარიანტი სავარაუდოდ ააგეს ჯერ კიდევ 1367 წელს, კრემლის კედლის აგების თანადროულად. მისი ვარაუდი დაფუძნებულია 1475 წლის ისტორიულ დოკუმენტზე, რომელშიც მოხსენიებულია „დიდი ქვის ხიდი“.
ცხრათაღოვანი აგურის ხიდი ააგეს 1516 წელს იტალიელი არქიტექტორის ალევიზ ფრიაზინის პროექტის მიხედვით, თანამედროვე კრემლის კედლების ამოყვანის პარალელურად. მას მაშინ ეწოდებოდა რიზოპოლოჟენის ხიდი. ეს სახელი ამჟამად სამების ჭიშკარს ეწოდება.
სამების ხიდი აკავშირებდა მოსკოვის კრემლის რაიონს სავაჭრო და ხელოსანთა ცენტრ ბელი-გოროდიბელი-გოროდთან.
XVI-XVIII საუკუნეებში სამების ხიდის ახლოს განთავსებული იყო დიდი რაოდენობით სავაჭრო მაღაზიები.
1812 წლის ხანძრის შემდეგ დაიწყო ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოები კრემლის მთელ მიმდებარე ტერიტორიაზე. სამუშაოებს ხელმძღვანელობდა არქიტექტორი იოსიპ ბოვე. მდინარე ნეგლინაია მოაქციეს მიწის ქვეშ, რის შედეგადაც ხიდმა დაკარგა თავისი წინანდელი დანიშნულება და მოექცა ალექსანვრეს ბაღის ცენტრალურ ნაწილში.
სამების ხიდი არაერთხელ გადააკეთეს. პირველი მნიშვნელოვანი ცვლილებები ხიდმა განიცადა 1793 წელს. 1876 წელს ხიდი გაარემონტეს. 1901 წელს კიდევ ერთხელ გადააკეთეს და მიიღო ის სახე რა სახიტაც ჩვენამდეა შემორჩენილი. 1975 წელს ხიდი გაარემონტეს და გაათავისუფლეს სამხრეთ-დასავლეთის ფასადი მიშენებებისაგან[25].
დიდი სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს XX საუკუნის 70-იან წლებში და ასევე 2000 წლიდან.
ალექსანდრე I-ის ძეგლი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალექსანდრე I-ის პირველი ძეგლის მოსკოვში[26]. მასზე გამოსახულია ალექსანდრე I სააღლუმე ფორმაში, რომელიც კვარცხლბეკზე დგას. იმპერატორს ხელში უჭირავს დაშნა, მის ფერხთით კი დევს მტრის იარაღი, იმპერატორს მხარზე მოგდებული აქვს მოსასხამი. მონუმენტის პირდაპირ აღმართულია ბრინჯაოს ბარელიეფი, რომელზეც გამოსახულია ბოროდინოს ბრძოლა, ასევე საფრანგეთ-რუსეთის ომის სხვა ბრძოლები და მხედართმთავრები, ასევე თავად ალექსანდრე I, სერაფიმ საროველი და აგრეთვე ორი ტაძარი - მოსკოვის მაცხოვრის ტაძარი და სანქტ-პეტერბურგის ყაზანის ტაძარი[27].
მონუმენტის პროექტი შეარჩიეს კონკურსის შედეგად, რომელშიც მონაწილეობდა რვა მოქანდაკე, მათ შორის ზურაბ წერეთელი. კონკურსანტებმა წარმოადგინეს ძეგლის რამდენიმე ვარიანტი. 2014 წლის აგვისტოში გამოავლინეს კონკურსის ფინალისტები. პროექტის გამარჯვებული დახურული კენჭისყრით საშუალებით გახდა სალავათ შჩერბაკოვის, ანდრია კოვალჩუკისა და ალექსანდრე რუკავიშნიკოვის ნამუშევარი[28].
ძეგლის საზეიმო გახსნა გაიმართა 2014 წლის 20 ნოემბერს. გახსნის ცერემონიალს ესწრებოდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე, რუსეთის ფედერაციის კულტურის მინისტრი ვლადიმირ მედინსკი და მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი[29].
ქვემო ბაღი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქვემო ბაღი ალექსანდრეს ბაღის ყველაზე მოკლე ნაწილია. მისი სიგრძეა 132 მეტრი. იგი გაიხსნა 1823 წელს და გრძელდება ბოროვიცკის კოშკიდან კრემლის სანაპირომდე. 1930-იან წლებში ბაღს ნაწილი ჩამოაჭრეს დიდი ქვის ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებით. ქვემო ბაღში არ არის სასერინო ხეივანი, 2017 წელს ქვემო ბაღი გახსნეს დამთვალიერებლებისათვის[1].
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Романюк С. К. Кремль и Красная площадь: Путеводитель. — М.: АНО ИЦ “Москвоведение”, 2004. — 381 с. — ISBN 5-7853-0434-1.
- Покровская З. К. Осип Бове. — М.: Стройиздат, 1991. — 311 с. — ISBN 5-274-00592-6.
- Архитектура Москвы 1933—1941 гг. / Броновицкая Н. Н.. — М.: Искусство—XXI век, 2015. — 320 с. — (Памятники архитектуры Москвы). — 2500 экз. — ISBN 978-5-98051-121-0.
- Бусева-Давыдова И. Л., Нащокина М. В., Астафьева-Длугач М. И. Москва: Архитектурный путеводитель. — М.: Стройиздат, 1997. — 512 с. — ISBN 5-274-01624-3.
- Старая Москва. Рассказы из былой жизни первопрестольной столицы / Вступит. статья Ю. Богомолова / Пыляев М. И.. — СПб.: Паритет, 2007. — 608 с. — ISBN 978-5-93437-116-7.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Романюк С. К. Москва за Садовым кольцом. — М.: Астрель, 2007. — 896 с. — ISBN 978-5-17-044643-8.
- ↑ 2.0 2.1 Александровский сад. Узнай Москву. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-03. ციტირების თარიღი: 2017-08-02.
- ↑ Москва. Энциклопедический справочник. — М.: Большая Российская Энциклопедия 1992
- ↑ Управделами президента опровергло вырубку Александровского сада. Lenta.ru (2015-04-18). ციტირების თარიღი: 2017-09-19.
- ↑ Акция "Путь солдата" прошла в Александровском саду. Москва24 (2017-04-25). ციტირების თარიღი: 2017-09-19.
- ↑ История празднования Дня города в Москве. РИА Новости (2017-09-09). ციტირების თარიღი: 2017-09-19.
- ↑ Александровскому саду вернут первоначальный вид ко Дню Победы. Москва24 (2015-04-12).
- ↑ Бове Осип Иванович. // Кто есть кто в мире. ОЛМА Медиа Групп, 2003. С. 150.
- ↑ Джанджугазова Е. А. Александровский сад как символ возрождения Москвы. // Современные проблемы сервиса и туризма 4 (2011).
- ↑ Молокова, Т. А. Восстановление Москвы после пожара 1812 г.: новый облик города დაარქივებული 2016-04-19 საიტზე Wayback Machine. . Вестник МГСУ. Архитектура и градостроительство. Реконструкция и реставрация. (2012).
- ↑ Смирнова, А. Г. «Пожар способствовал ей много к украшенью…» Восстановление и реконструкция Москвы после пожара 1812 года. // Труды Коми отделения Академии военно-исторических наук. Сыктывкар (2012). С. 166.
- ↑ 12.0 12.1 12.2 С. Самохвалов. Изувеченная память. О Романовском обелиске в Александровском саду
- ↑ Виноградов Н. Д. Воспоминания о монументальной пропаганде в Москве. //«Искусство»- № 1 — М., Л., 1939 — с.32, с.34.
- ↑ ИТАР-ТАСС (2013-05-23). „У стен Кремля будет открыт памятник патриарху Гермогену“. Телеканал "Культура". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-05. ციტირების თარიღი: 2013-06-24.
- ↑ О Фонде. Региональный общественный фонд содействия инициативе общественных организаций по постановке памятника «Патриарху Гермогену». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-29. ციტირების თარიღი: 2013-06-24.
- ↑ Гранцев Дмитрий. (2013-05-27). „Радуга как нимб. В Москве открыт памятник патриарху Гермогену“. Аргументы и факты. ციტირების თარიღი: 2013-06-24.
- ↑ Дорофеева Е. (2013-05-25). „У стен Кремля открыт памятник великому патриоту России патриарху Гермогену“. ИТАР-ТАСС. ციტირების თარიღი: 2013-06-24.[მკვდარი ბმული]
- ↑ Александровский сад в Москве. Голос Правды (2017-04-23). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-28. ციტირების თარიღი: 2017-08-27.
- ↑ Манежная площадь. Тонкости туризма. ციტირების თარიღი: 2017-09-06.
- ↑ Прогулки по старой Москве. Тверская. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-27. ციტირების თარიღი: 2018-04-09.
- ↑ Московский Кремль. Путеводитель. — М.: «Московский рабочий», 1990. — С. 40.
- ↑ Московский Кремль могут исключить из списка шедевров ЮНЕСКО — Известия.
- ↑ Архнадзор » Архив » Реконструкция Кутафьи-башни.
- ↑ Архнадзор » Архив » Кремль не сразу строился…
- ↑ Романюк С.К. Москва. Вокруг Кремля и Китай-города: Путеводитель, М. 2008, с. 19.
- ↑ Около Кремля открыли памятник Александру I ru. Lenta.ru (2014-11-20).
- ↑ У стен Кремля открыли памятник Александру I ru. Интерфакс (2014-11-20).
- ↑ Путин примет участие в открытии памятника Александру I в Москве ru. РИА Новости (2014-11-20).
- ↑ Открытие памятника Александру I ru. Сайт Президента России (2014-11-20).