უნიონი (მევენახე-მეღვინეთა გაერთიანება)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მევენახე-მეღვინეთა გაერთიანება „უნიონი“ (1908-1941) — მევენახე-მეღვინეთა გაერთიანება, რომელსაც ეკუთვნოდა ღვინისა და სპირტიანი სასმელების ქარხანა, რომელიც 1908 წელს გაიხსნა თბილისის გუბერნიაში, კატარინენფელდში. კავშირი აერთიანებდა ღვინის და ალკოჰოლური სასმელებით დაინტერესებულ დაახლოებით 50 გერმანელ მეწარმეს.

საზოგადოება „უნიონი“ დაკავებული იყო საკუთარი ვენახებიდან მოწეული ყურძნის გადამუშავებით, სხვადასხვა ღვინოების და დისტილირებული ღვინის სპირტის რეალიზაციით. 1910-1913 წლებში საზოგადოებამ სწრაფ ეკონომიკურ აღმავლობას მიაღწია. ამ პერიოდში „უნიონი“ ღვინის სპირტის რეალიზაციას აწარმოებდა თბილისის, სტავროპოლისა და ჩერნიგოვის გუბერნიებში.

1912 წლიდან „უნიონის“ ქარხანაში ღვინო და კონიაკი ბოთლებში ჩამოისხმებოდა. საზოგადოება ბოთლებს ბორჩალოს მაზრაშივე ყიდულობდა ბარონ ფონ კუჩენბახის მიერ 1882 წელს დაარსებულ მინის საწარმოში.

1941 წელს საზოგადოება „უნიონი“ გაუქმდა და ქარხანა მთლიანად გადაეცა საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას. XX საუკუნის ბოლომდე საწარმოში მზადდებოდა მადერასა და პორტვეინის ტიპის ღვინოები, ვარდისფერი და თეთრი სუფრის ღვინო, საკონიაკე სპირტი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ernst Allmendinger, Katharinenfeld, ein deutsches Dorf im Kaukasus : [1818-1941], Neustadt: [Selbstverlag], 1989