ტრიესტის ყურე
ტრიესტის ყურე (იტალ. Golfo di Trieste; სლოვენ. Tržaški zaliv, ხორვატ. Tršćanski zaljev) — წყალმარჩხი უბე ადრიატიკის ზღვაში, ხმელთაშუა ზღვის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში. წარმოადგენს ვენეციის ყურის ნაწილს და იყოფა იტალიას, სლოვენიასა და ხორვატიას შორის. სამხრეთიდან ეღობება ისტრიის ნახევარკუნძული, რომელიც უდიდესია ადრიატიკის ზღვაში და სლოვენიასა და ხორვატიას შორის იყოფა.
ყურე შემოსაზღვრულია წარმოსახვითი ხაზით, რომელიც პუნტა ტალიამენტოსა (იტალიის სანაპიროზე) და სავუდრიას (ხორვატიის სანაპიროზე) აერთებს. ფართობი დაახლოებით 550 კმ²-ია, საშუალო სიღრმე 16 მ, მაქსიმალური — 37 მ. ყურეში არაა კუნძულები, გარდა რამდენიმე პატარა ბრტყელი კუნძულისა, რომლებიც ლაგუნა-დი-გრადოში შესასვლელს კეტავენ. მისი აღმოსავლეთი სანაპირო, ტრიესტთან და სლოვენიის ლიტორალის რეგიონთან, უსწორმასწორო რელიეფით გამოირჩევა.
ზღვის დინება ყურეში საათის ისრის საწინააღმდეგოდ მიემართება და 0,8 კვანძის სიჩქარით მოძრაობს. მიქცევა-მოქცევა ერთ-ერთი უდიდესია მთელი ადრიატიკის ზღვის მასშტაბით, მაგრამ არასდროს აჭარბებს 60 სმ-ს. მარილიანობის საშუალო დონეა 37-38‰.
ყურის გამორჩეული მახასიათებლებია:
- პანცანოს უბე (იტალია)
- მუჯიის უბე (იტალია)
- კოპერის უბე (სლოვენია)
- პირანის ყურე, რომელზეც სუვერენიტეტის გავრცელება 1991 წლიდან ხორვატიასა და სლოვენიას შორის დავის საგანია.
სლოვენიის მთლიანი სანაპირო ზოლი ტრიესტის ყურეზე მდებარეობს და მისი სიგრძე 46,6 კმ-ია.[1]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ The World Factbook by CIA დაარქივებული 2020-04-24 საიტზე Wayback Machine. (retrieved 2008-02-12)