შინაარსზე გადასვლა

სტეფანწმინდის საცხოვრებელი სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სტეფანწმინდის საცხოვრებელი სახლიარქიტექურული ძეგლი, დგას სტეფანწმინდის ძველ უბანში, ყუროს მთის ძირში. თარიღდება XVII-XVIII საუკუნით.

სახლი ორსართულიანია, გეგმით ტრაპეციული (15 x 9 მეტრი), ნაგებია ნატეხი ქვიშაქვითა და ფიქლით. პირველი სართული საქონლის სადგომია, მეორე - საცხოვრებელი. ქვედა სართულის კედლის სისქე 1-1,2 მეტრია, ზედასი 0,9-1 მეტრი. ორივე სართულს შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. მეორე სართულის შესასვლელი გადის ბანზე. სათავსის გვერდით ქვის კიბეა, რომელიც ტერასაზე ადის. ტერასას ქმნის ნაგებობის წინა ფასადის მთელ სიგრძეზე მიშენებული სათავსის ბრტყელი გადახურვა. სართულების გეგმით ერთმანეთის ანალოგიურია. მეორე სართული (დაახლოებით 90 კვადრატული მეტრი) მოგვიანებით რამდენიმე ოთახად გაუტიხრავთ. გატიხვრისას გაუქმდა სათავსის შუა ადგილზე მოწყობილი კერა. ჩრდილოეთ კედელში სამი სარკმელია, სამხრეთ კედლის ზედა მონაკვეთში - ორი. ორი სარკმელი გაჭრილია აღმოსავლეთ კედელში, მათ შორის ერთმანეთთან ახლოს მყოფი სამეურნეო დანიშნულების ნიშებია. სარკმელები გარეთკენ ვიწროვდება. გადახურვებისათვის დამხმარე საყრდენად გამოყენებულია ქვითა და თიხით ნაგები საგანგბო ბურჯი - კულა და ხის ორი სვეტი, რომლების მწკრივად დგანან პირველი სართულის მიწის იატაკზე, შეჭრილი არიან სართულშუა გადახურვაში და ასრულებენ მეორე სართულის ჭერის მთავარი შეწყვილებული კოჭის დახმარე დგარების დანიშნულებას. სვეტები დასრულებულია მარტივპროფილიანი კაპიტელებით. კულა სვეტებს შორისაა და მათ მსგავსად, პირველი სართულიდან მეორე სართულის ჭერამდე ადის. კულის კვეთის ზომები ქვედა სართულზე ორჯერ მეტია (1,6 x 1,1 მეტრი), ვიდრე ზედა სართულზე. მთავარ კოჭს ეყრდნობა განივი კოჭები, რომლებზეც ძელებია გადებული. ძელებზე გადაწყობილია ფიქლის ფილები. გადახურვის კარგად დატკეპნილი მიწის ფენა საცხოვრებელს იცავს ატმოსფერული ნალექებისაგან. სახლი ეკუთვნის დ. გიგაურს.