სტეფანე ჭრელაშვილი
სტეფანე თევდორეს ძე ჭრელაშვილი (დ. 27 დეკემბერი, 1857, სოფ. მაღარო, სიღნაღის რაიონი, საქართველო — გ. 3 იანვარი, 1917, თბილისი) — ქართველი პუბლიცისტი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, მაგრამ რევოლუციური მოღვაწეობისათვის გარიცხეს. 1876 წლიდან პეტერბურგის უნივერსიტეტის მსმენელია. შემდეგ გადავიდა მოსკოვში, მაგრამ დიდად გაიტაცა რევოლუციონერ-ხალხოსანმა იდეებმა და აქტიურად ჩაება მათი წრეების მუშაობაში. აღნიშნულის გამო მას 1878 წელს სამი თვით პატიმრობა და მუდმივი ზედამხედველობა მიუსაჯეს. ამავე მიზეზით ორჯერ იყო გაციმბირებულიც.
1887 წელს დაბრუნდა სამშობლოში და პუბლიცისტობას მიჰყო ხელი, თანამშრომლობდა „ივერიაში“, „ნოვოე ობოზრენიესა“ და სხვა პერიოდულ გამოცემებში, მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოში აგენტად, მდივნად (1894-1907). 1902 წლიდან გარდაცვალებამდე უწყვეტად იყო ქალაქის სათათბიროს ხმოსანი. წილად ხვდა ყოფილიყო თბილისის ფუნიკულიორის პირველი დირექტორი.
სტეფანე ჭრელაშვილი თავის საინტერესო პუბლიცისტურ წერილებს ქართულ ჟურნალ გაზეთებში „სანოსა“ და „ტატალას“ ფსევდონიმით აქვეყნებდა.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 411, თბ., 1994