სტენ სტურე უფროსი
სტენ სტურე უფროსი (დ. დაახლ. 1440 — გ. 14 დეკემბერი, 1503) — 1470 წლის 16 მაისიდან 1497 წლის 18 ოქტომბრამდე და მეორედ 1501 წლის ნოემბრიდან გარდაცვალებამდე — შვედეთის რეგენტი, რომელმაც თავისი მოღვაწეობით კალმარის უნიის დაშლისა და შვედეთის სახელმწიფოებრიობის აღდგენისთვის მოამზადა ნიადაგი.
წარმოშობით შვედეთის ფეოდალური ფენიდან იყო. კარლ კნუტსონის გარდაცვალების შემდეგ 1470 წელს შვედეთის რეგენტად აირჩიეს. გლეხობასა და ბიურგერებზე დამყარებულმა 26 წელიწადი გასძლო თანამდებობაზე კალმარის უნიის მომხრე სახელმწიფო საბჭოს ზეწოლის მიუხედავად.
ბევრი რამ გააკეთა ქვეყანაში კეთილდღეობისა და განათლების ასამაღლებლად, ასევე მმართველობითი აპარატის ცენტრალიზაციისა და გამაგრების საქმეში. 1477 წელს მან უფსალაში უნივერსიტეტი დააარსა, იმავე წელს შვედეთში წიგნის ბეჭდვას ჩაეყარა საფუძველი. 1483 წელს, მართალია კალმარის უნიის განახლებისთვის ხელის შეშლა ვერ შესძლო, მაგრამ, აღდგენა 1497 წლამდე მაინც გადაიტანა. მაშინ დანიის მეფე ჰანსმა, რომელიც შვედეთის სახელმწიფო საბჭომ იწვია, როტებროსთან შვედური მხედრობა დაამარცხა და სტურე სტოკჰოლმში გამოკეტა.
იგი ამის შემდეგაც პირველ ადგილს იკავებდა ქვეყანაში, სახელმწიფო საბჭოსაც შეურიგდა, რომელიც მოგვიანებით დარწმუნდა უნიის მიუღებლობაში, და როდესაც 1501 წელს შვედეთში საერთო ამბოხება დაიწყო იგი ისევ რეგენტად აირჩიეს.
გარდაცვალებისთანავე სტურეს ერესში დასდეს ბრალი, ამოთხარეს საფლავიდან და მისი ცხედარი კოცონზე დაწვეს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „სტენ სტურე უფროსი“ ვიკისაწყობში.