სოლომონ II-ის ეკვდერი ტრაპიზონში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოლომონის ეკვდერი ტრაპიზონში

სოლომონ II-ის ეკვდერი ტრაპიზონში — იმერეთის უკანასკნელი მეფის სოლომონ II-ის საძვალე თურქეთში ქალაქ ტრაპიზონში.

1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთს შეუერთდა. იმერეთის მეფე ენერგიულად იბრძოდა დასავლეთ საქართველოს გაერთიანებისა და თავისი პოლიტიკური ძალაუფლების განმტკიცება-შენარჩუნებისათვის. მაგრამ არმოსავლეთ საქართველოში ფეხმოკიდებული რუსეთის იმპერიისათვის არ იყო მისარები დასავლეთ საქართველოში დამოუკიდებელი სამეფოს არსებობა. სოლომონ მეფე გრძნობდა, რომ მისი სამეფოს ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. რუსეთ-თურქეთის ომის დროს სოლომონმა რუსეთის მიმართ ისეთი პოზიცია დაიკავა რომ უნებლიეთ თურქეთის ბანაკში აღმოჩნდა. რუსი მოხელეებიც ნიადაგს ამზადებდნენ მეფის მოსაცილებლად. 1810 წელს მათ შეიპყრეს სოლომონი მაგრამ ის მათ დაუსხლტა და იმავე წლის მაის-ივნისის თვეში სათავეში ჩაუდგა რუსეთის კოლონიური ხელისუფლების დამყარებით უკმაყოფილო იმერელტა აჯანყებას. სოლომონი დამარცხდა და იძულებული გახდა თავი ოსმალეთში შეეფარა. ახალციხე, არზრუმი, ბაიბურთი, ტრაპიზონი ასეთი იყო თურქეთში მისი ყოფნის მარშრუტი. მისმა მრავალმა მცდელობამ ტახტი დაებრუნებინა შედეგი ვერ გამოიღო და 1815 წელს გარდაიცვალა ტრაპიზონში. იგი სათანადო პატივით იქნა დაკრძალული ტრაპიზონის წმინდა გიორგის საკათედრო ტაძრის ეზოში.

სოლომონის საფლავზე ააგეს ეკვდერი. 1912 წელს ტრაპიზონში ჩასულმა პ. შუბინსკიმ საგანგებოდ დაათვალიერა სოლომონ მეორის საფლავზე დადგმული ეკვდერი და დაწვრილებით აღწერა იგი[1].

შუბინსკის აღწერის მიხედვით, საკათედრო ტაძრის მთავარი შესასვლელი კარების პირდაპირ, საკმაოდ დიდი, ოთხკუთხა, ღია კარავის ფორმის ეკვდერი ჩანდა. ზმოთ გუმბათი ჰქონდა, გარეთ და შიგნიტ ადგილ-ადგილ ლამაზი ფრესკული მხატვრობა იყო შემორჩენილი. შიგნით — დიდი თეთრი მარმარილოს ფილა, ერთი შეხედვით სადა ბიზანტიურ ნაგებობათა ტიპური ნიმუშის შთაბეჭდილებას ქმნიდა. საკმაოდ ამაღლებულ გრანიტის კვარცხლბეკზე ოთხი ლამაზი სვეტი იდგა, რომელიც იმავე ქვის გუმბათითაა გადახურული. ნახევარწრიული ამონაკვეთებით, მორთულია ორმაგი კარნიზით, რომელთა შუალაედებით ბიზანტიურ სტილშია მოხატული; გადახურულია კრამიტის სახურავით, რომლის ზემოტაც მოთავსებულია პატარა თლილი ქვის კოშკურა, ლამაზი კარნიზით და დაგვირგვინებულია ლითონის რვაკუთხა ჯვრით.

ამ კოშკურის შიგნით მარად მანათობელი კანდელი ეკიდა სოლომონის საფლავის თავზე. ძეგლის სიმაღლე ჯვრით დაახლოებიტ ათი, სიგანე კი ხუთი არშინია. 1912 წელს მონახულები ძეგლს ემჩნეოდა გაუწაფავი ხელის მიერ რემონტის კვალი, რომლის გამო წარწერების უმრავლესობა წაშლილი იყო. მხატვრობა მხოლოდ გუმბათის შიდა მხარეს იყო კარგად შემორჩენილი, რომელშიც კარგად იკითხებოდა ბაგრატიონთა გერბი, რომელშიც გამოხატული იყო დავითის შურდული, მისი ქნარი, უფლის კვართი, სამეფო სფერო და სასწორი — მეფური სიბრძნის ემბლემა. ღერბი ეყრდნობოდა ორ ლომს, მის ზემოტ კი გამოხაზული იყო სამეფო გვირგვინი. გვირგვინის ქვეშ, ღერბის ზემოთ გამოხატულია გადაჯვარედინებული მახვილი და სკიპტრა, გვერდებზე ორი ფრთოსანი სერაფიმით, გუმბათის შიდა მოპირდაპირე მხარეს გამოხატულია წმინდა გიორგის ტაძარი, მისი პირვანდელი სახით, გადაკეთებამდე.

სოლომონ მეფის საფლავის თეთრ მარმარილოს ფილაზე, ძველი ქართული ხუცურით გაკეთებული იყო შემდეგი წარწერები:

ვიკიციტატა
„განმეძარცვა მე პირველ ქმნილი სიკეთე და მშვენიერება და მდებარე ვარ შიშველ დაკდემულ საფლავსა ამას შინა, ტომისაგან დავითისა, შთამოსრული ბაგრატიონი ძე არჩილისა, სრულიად იმერთა მეფე სოლომონ, რომლისათვისაცა ვითხოვ შენდობასა. თებერვლის 7, ქორონიკონსა ქრისტეს აქეთ ჩყიე.“
ვიკიციტატა
„საჯენ უფალო მავნებელნი ჩემნი და ჰბრძოდე ბრძოლთა მათ ჩემთა; სრცხუენოდენ და კდემებოდენ რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა.“
(ფსალმუნნი, მუხლი 34)

ძეგლის აღმოსავლეთით, მისი კარნიზის გასწვრივ ასეთივე წარწერა იყო შერულებული გამოუცდელი ხელით.

საფლავის ფილის ქვედა ნაწილზე ყვავილებით სავსე დიდი ლარნაკია გამოხატული, რომლის გვერდებზე ორი კიპაროსია. ქართულ და ბერძნულ ენებზე შესრულებული წარწერები და მხატვრობა, რომლითაც დაფარული იყო ძეგლის გარე ნაწილები, დროთა განმავლობაში ჩამოცვივდა.

1920 წელს ძეგლი, მის გერდით არსებულ წმინდა გიორგის ტაძართან ერთად დაანგრიეს.

1990 წლის ოქტომბერში, სოლომონ II-ის ნეშტი საქართველოში გადმოასვენეს და გელათის მეფეთა საძვალეში დაკრძალეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მ. გონიკაშვილი, „იმერეთის უკანასკნელი მეფის სოლომონ II-ის ეკვდერი ტრაპიზონში“, «ძეგლის მეგობარი», №. 36, გვ. 68-71, თბ., 1974 წელი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. П. Шубинский, Гробница имеретинского царя Соломона в Трапезунде, Исторический вестник. I. CXXXII (апрель) 1913, стр. 275-282