სისხლის აღება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სისხლის აღება — გვაროვნულ წყობილებაში, წინაკლასობრივ საზოგადოებაში წარმოქმნილი და საყოველთაოდ გავრცელებული ჩვეულება — სამაგიეროს მიზღვა მკვლელობისათვის (ან დაჭრისათვის). ყველა ხალხსა და ქვეყანაში სისხლის აღება შურისძიების ერთ-ერთი სახეობა იყო. სისხლის აღების ჩვეულება მოითხოვდა, უპირველეს ყოვლისა, დამნაშავის დასჯას (მოკვლას, დაჭრას). შეიძლებოდა მკვლელის ნაცვლად მისი ახლობლის (შვილი, მამა, ძმა, ბიძაშვილი), ზოგან თანამოგვარის მოკვლა, რადგან, სისხლის აღების წესების თანახმად, მოსისხლედ ითვლებოდა მკვლელის მთელი გვარი. ხანდახან მოსისხლეობა გრძელდებოდა მოქიშპე მხარეებს შორის მოკლულთა ან დაჭრილთა რაოდენობის გათანაბრებამდე. სისხლის აღების ჩვეულებას კლასობრივ საზოგადოებაში შეენაცვლა კომპოზიცია. უმთავრეს შემთხვევაში თემის ბჭეები იყენებდნენ კომპოზიციის წესს, დამნაშავეს განსაზღვრულ თანხას (ფულადი ან ნატურით) ახდევონებდნენ დაზარალებულის სასარგებლოდ და მოსისხლეთა შერიგებას აღწევდნენ. სისხლის აღების ჩვეულება და მისი შეზღუდვისა თუ აღმოფხვრისაკენ მიმართული ღონისძიებანი ასახულია ძველი ქართული საკანონმდებლო ძეგლებში, როგორიცაა გიორგი V ბრწყინვალის „ძეგლის დადება მეფეთ-მეფის გიორგის მიერ“, ბექას და აღბუღას სამართალი, ლევან და ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილების „განჩინება ბარისა და მთიურთა ადგილთა“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]