სინუჰეს ამბავი
სინუჰეს ამბავი — ძველეგვიპტური ლიტერატურის ძეგლი შუა სამეფოს ეპოქის მეთორმეტე დინასტიის პერიოდიდან (დაახლ. ძვ. წ. 1900 წ.). ტექსტის ორიგინალი უსათაუროა. პოემის უცნობი ავტორი პირველ პირში მოგვითხრობს სავარაუდოდ გამოგონილ ამბავს სამეფო კარის მსახურის სინუჰეს ცხოვრების შესახებ, რომელიც ფარაონ ამენემჰეტ I-ის გარდაცვალების გამო პანიკაში ვარდება, ეგვიპტიდან გარბის და საბოლოოდ პალესტინის რეგიონში დასახლდება. ხანშიშესულ სინუჰეს ნოსტალგიური გრძნობები უჩნდება. ფარაონი სენუსერტ I მამამისის მკვლელობის საქმეში სინუჰეს ბრალს არ სდებს და სამსობლოში დაბრუნებას სთხოვს. სინუჰე ბრუნდება ეგვიპტეში, სადაც მას სრული პატივით მიიღებენ.
თხზულებაში მკვეთრადაა გამოკვეთილი ფარაონ სენუსერტ I-ის სამეფო კარი, რის გამოც მას ნაწილობრივ განიხილავენ პროპაგანდად, რომელმაც მეფისადმი ერთგულებას უნდა გაუსვას ხაზი. გარდა ამისა, განსაკუთრებით უცხო ქვეყნების შესახებ თხრობაში წინა პლანზეა წამოწეული ეგვიპტელის თვითშეგნება და სურვილი, რომ ეგვიპტელი ეგვიპტელადვე დაიმარხოს.
ეგვიპტოლოგთა უმრავლესობა თანხმდება, რომ სინუჰეს ამბავი ეგვიპტური ლიტერატურის საუკეთესო ნაწარმოებია და, ამავე დროს, ძველი ეგვიპტიდან მომდინარე ყველაზე ცნობილი თხზულებაც;[1][2] თუმცა, რიჩარდ პარკინსონის აზრით, ასეთი შეფასება მხოლოდ სხვა, ნაკლებად ხელმისაწვდომი ნაწარმოებების ხარჯზე შეიძლება გაკეთდეს.[3] სინუჰეს ამბავი მისი შექმნიდან შემდგომაც, თავად ძველეგვიპტურ პერიოდშიც საკმაოდ პოპულარული იყო. თანამედროვეობაში იგი შთაგონებას წარმოადგენს როგორც მხავრულ ლიტერატურაში, ისე კინოხელოვნებაში.[4]
ისტორია და დათარიღება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დღეისათვის ცნობილია სინუჰეს ამბის 36 ხელნაწერი, რომელთაგან რვა პაპირუსზეა შესრულებული, 28 კი ოსტრაკონს წარმოადგენს. ყველა მათგანი ეგვიპტის შუა და ახალი სამეფოს პერიოდით თარიღდება და შესრულებულია საშუალო (კლასიკურ) ეგვიპტურ ენაზე, იერატიკული დამწერლობით. თანამედროვე გამოცემებში იგი, როგორც წესი, იეროგლიფებითაა ჩაწერილი. სტანდარტულ რედაქციად ითვლება რონალდ კოხის 1990 წლის გამოცემა.
შექმნის თარიღი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სინუჰეს ამბის სიუჟეტი წყდება ფარაონ სენუსერტ I-ის მმართველობის (ძვ. წ. 1956–1910 ) ბოლო წლებზე საუბრით; ამდენად, სენუსერტის მმართველობის ბოლო წლები ნაწარმოების დათარიღების ქვედა ზღვარს წარმოადგენს. ზედა ზღვარს კი ქმნის უძველესი შემორჩენილი პაპირუსი, რომელიც 100-150 წლით უფრო გვიანდელია და მე-12 დინასტიის მეორე ნახევარს განეკუთვნება. ნაწარმოების შინაარსიდან გამომდინარე საზოგადოდ მიჩნეულია, რომ იგი უშუალოდ მასში აღწერილი მოვლენების შემდეგ დაიწერა, შესაძლოა ფარაონ სენუსერტის მმართველობის დროსვე ან მისი გარდაცვალებიდან მალევე.
შუა სამეფოს პერიოდის ხელნაწერები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სინუჰეს ამბის ყველაზე სრულყოფილი და ამავე დროს ყველაზე ძველი ხელნაწერია ბერლინის პაპირუსი 3022, რომელიც B ლიტერით აღინიშნება. იგი სავარაუდოდ ნაპოვნია თებეს ერთ-ერთ კერძო სამარხში და თარიღდება მე-12 დინასტიის მეორე ნახევრით. მინაწერი წერილის თავში მოიხსენიებს ფარაონ ამენემჰეტს, რის საფუძველზედაც განიხილება ამენემჰეტ II-ის ან ამენემჰეტ III-ის მმართველობის წლები. აგრეთვე თებეს ერთ-ერთ სამარხში, გვიანდელ რამესეუმთან ახლოსაა ნაპოვნი ბერლინის პაპირუსი 10499, რომელსაც R ლიტერით აღნიშნავენ. ეს ორი პაპირუსი ერთობლიობაში სინუჰეს ამბავს თავიდან ბოლომდე სრულად გადმოგვცემს და, როგორც წესი, სწორედ ამ პაპირუსების მუხლებად დაყოფის მიხედვით ხდება ტექსტის ციტირება (R1–R24, B1–B311). B და R პაპირუსები ერთი საუკუნით უფრო გვიანდელია, ვიდრე თავად ნაწარმოები და მათი ტექსტი დღეისათვის დაკარგული თავდაპირველი ტექსტისაგან განსხვავდება.
სავარაუდოდ აგრეთვე მე-12 დინასტიის გვიანი პერიოდით უნდა დათარიღდეს რამდენიმე წინადადების შემცველი ორი სხვადასხვა პაპირუსის ფრაგმენტები. ეს ფრაგმენტები მომდინარეობენ ელ-ლაჰუნიდან, რომელიც ფიუმის ქვაბულის აღმოსავლეთის შესასვლელთან მდებარეობს და შუა სამეფოს პერიოდის სამეფო ცენტრის უშუალო შემოგარენს წარმოადგენს. ლაჰუნის პაპირუსთა დიდი ნაწილი აღმოაჩინა პეტრი ფლინდერსმა 1888-1889 წლებში. მის მიერ აღმოჩენილ პაპირუსთა შორისაა ასევე UC 32106C, რომლის პოვნის ადგილი მითითებული არაა, თუმცა იგი მიკუთვნებულია ლიტერატურულ და არალიტერატურულ ტექსტთა არქივს. სინუჰეს ამბის ტექსტი ვერსოზეა ნაწერი, რექტო კი შეიცავს სხვა უცნობ ტექსტს, რომელიც აგრთვე ლიტერატურული უნდა იყოს. კიდევ ერთი პაპირუსი UC 32773 (აგრეთვე ცნობილი ჰარაგა 1-ის სახელით, შემოკლებით H), რომელიც სავარაუდოდ სამარხში იყო მოთავსებული, სოფელ ჰარაგას ნეკროპოლში აღმოაჩინა რეგინალდ ენგელბახმა.
პალეოგრფიული ნიშნებით აგრეთვე მე-12 დინასტიით ათარიღებენ BA ლიტერებით აღნიშნულ ბუენოს აირესის პაპირუსს, რომელიც აგრეთვე ფრაგმენტების სახითაა მოღწეული. თუმცა ამ პაპირუსის წარმომავლობისა და აღმოჩენის შესახებ არაფერია ცნობილი.
ახალი სამეფოს პერიოდის ხელნაწერები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძალიან ფრაგმენტულად მოღწეული მოსკოვის პაპირუსი 4657 (აღინიშნება G ლიტერით) მხოლოდ მცირე პასაჟებს მოიცავს თხზულების დასაწყისიდან. იგი სავარაუდოდ რუსმა ეგვიპტოლოგმა ვლადიმირ გოლენიშჩევმა შეიძინა ლუქსორში, თუმცა მისი აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. შინაარსობრივი ნიშნების გათვალისწინებით იგი ეგვიპტის ჩრდილოეთიდან უნდა მომდინარეობდეს, სავარაუდოდ მემფისიდან, თუმცა დეირ-ელ-მედინას პაპირუსთან მსგავსება მისი თებედან წარმომავლობის სასარგებლოდაც მეტყველებს. პალეოგრაფიულად პაპირუსი მე-18 დინასტიის მიწურულით ან მე-19 დინასტიით თარიღდება.
ახალი სამეფოს პერიოდს განეკუთვნება აგრეთვე ტურინის პაპირუსი CGT 54015, რომელიც ჯერჯერობით გამოქვეყნებული არაა.
დღეისათვის ცნობილი 28 ოსტრაკონი ძირითადად ახალი სამეფოს წერა-კითხვი სკოლის ნამუშევრებია და მომდინარეობს თებეს დასავლეთში, დეირ-ელ-მედინას ნეკროპოლის მუშათა წერა-კითხვის სკოლიდან. თუმცა მათი ნაწილი ნაპოვნია სამარხებშიც, მათ შორის ორი ოსტრაკონი აღმოჩნდა ხელოვანი მშენებლის სენეჯემის სამარხშიც. ოსტრაკონები, სავარაუდოდ, რამესიდების ხანას განეკუთვნება (ძვ. წ. 1292 წლიდან დაახლოებით ძვ. წ. 1070 წლამდე). მათი უმეტესობა მცირე ტექსტებს მოიცავს, ძირითადად სინუჰეს ამბის დასაწყისს. როგორც ჩანს სკოლის მოსწავლეები ამ ოსტრაკონების საშუალებით სწავლობდნენ კალიგრაფიასა და კლასიკური ეგვიპტური ტექსტის განაწილების წესებს. მხოლოდ ეშმოლის ოსტრაკონი (აღინიშნება AOS ლიტერებით) შეიცავს წინა და უკანა მხარეს ნაწერ თხზულების 90%-ს. შესაძლებელია იგი გამოიყენებოდა როგორც ნიმუში წერა-კითხვის სკოლის მოსწავლეთათვის.
მხოლოდ ერთი ოსტრაკონი – სენემუტ 149 (შემოკლებით S) – არის ნაპოვნი სხვაგან, თებეს დასავლეთში, სენენმუტის სამარხში, დეირ-ელ-ბაჰართან. იგი ჰატშეფსუტისა და თუტმოს III-ის პერიოდით თარიღდება (ადრეული მე-18 დინასტია).
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Günter Burkard, Heinz J. Thissen: Einführung in die Altägyptische Literaturgeschichte I. Altes und Mittleres Reich. Berlin 2007, S. 115–116.
- ↑ Elke Blumenthal: Die Erzählung des Sinuhe. In: Otto Kaiser u. a. (Hrsg.): Texte aus der Umwelt des Alten Testaments III. Mythen und Epen. Gütersloh 1995, S. 885.
- ↑ Richard B. Parkinson: Teachings, Discourses and Tales from the Middle Kingdom. In: Stephen Quirke (Hrsg.): Middle Kingdom Studies. New Malden 1991, S. 91–122, hier S. 114.
- ↑ Günter Burkard, Heinz J. Thissen: Einführung in die Altägyptische Literaturgeschichte I. Altes und Mittleres Reich. Berlin 2007, S. 115–116.