სვიანა-როსტიანის სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სვიანა-როსტიანის სამაროვანი — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სვიანა-როსტიანში. თარიღდება შუა საუკუნეებით.

სოფლისკენ მიმავალი სამანქანე გზის ხელმარცხნივ არსებულ დამრეც ქედზე დაფიქსირდა სხვადასხვა პერიოდის კულტურული ფენები და ნაგებობების ნაშთები. ნამოსახლარი არის მრავალფენიანი. ყველაზე გვიანდელი არქეოლოგიური ობიექტები ამ ნამოსახლარზე, მის ქვედა კალთაზე წარმოდგენილია ქვაყუთებით, რომელთა ასაკის განსაზღვრა გაუთხრელად შეუძლებელია. სამარხები გაშიშვლებულია გასული საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში, ხადის ხეობაში სამანქანე გზის გაყვანის დროს, როდესაც აქ დაუნგრევიათ სამაროვნის ქვედა ნაწილი. გზის კიდეზე დღესაც მოჩანს სამარხები. ნამოსახლარის ფერდობის ზედა ნაწილში, ქართულ-გერმანული ექსპედიციის მიერ 2020 წლის ოქტომბრის დასაწყისში გავლებულ თხრილებში გამოვლინდა ორმო სამარხები, რომლებიც ბოლომდე არ გათხრილა, ვინაიდან თხრილებში სამარხთა მხოლოდ გარკვეული მონაკვეთები მოხვდა. აქედან გამომდინარე ამ სამარხთა ხნოვანების დადგენაც ვერ მოხერხდა. ნამოსახლარის ზედა ნაწილში, იქ სადაც ერთიმეორის დაშორებით იკითხება დიდრონი ქვებით გაწყობილი ტერასები, გაიჭრა თხრილები. თხრილებში დადასტურდა რკინის ხანის თიხის ჭურჭლის ნატეხები. ნამოსახლარი ბორცვის თხემზე დიდი ლოდებით ნაშენი კოშკის და რამდენიმე სათავსოს გეგმა იკითხება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 35096