შინაარსზე გადასვლა

ადამიანის სექსუალობა

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სექსუალობა)

ადამიანის სექსუალობა — ის, თუ როგორ გრძნობენ და გამოხატავენ საკუთარ თავს ადამიანები სექსუალურად.[1][2] ეს მოიცავს ბიოლოგიურ, ეროტიკულ, ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ემოციურ, სოციალურ და სულიერ შეგრძნებებსა და ქცევებს.[3][4]

ადამიანის სექსუალობის ნაწილია სექსუალური ორიენტაცია, რომელიც გულისხმობს სექსუალურ მიზიდულობას სხვა ადამიანების მიმართ. სექსუალობის განცდა და გამოხატვა შესაძლებელია მრავალი გზით: მათ შორის აზრებით, ფანტაზიებით, სურვილებით, რწმენით, ღირებულებებით, ქცევებით, როლებითა და ურთიერთობებით. ამან შესაძლოა გამოხატულება ჰპოვოს ბიოლოგიურ, ფიზიკურ, ემოციურ, სოციალურ და სულიერ ასპექტებში.

სექსუალობის ბიოლოგიური და ფიზიკური ასპექტები მჭიდრო კავშირშია ადამიანის რეპროდუქციულ ფუნქციასთან, მათ შორის ადამიანის საპასუხო სექსუალურ ციკლსა და ძირითად ბიოლოგიურ ინსტინქტებთან, რომლებიც ყველა სახეობაში გვხვდება. სექსუალობის ფიზიკური და ემოციური ასპექტები მოიცავს იმ ინდივიდუალურ კავშირებს, რომლებიც გამოიხატება ღრმა გრძნობებით ან სიყვარულის, ნდობისა და ზრუნვის ფიზიკური მანიფესტაციით. სოციალური ასპექტი ეხება ადამიანის სექსუალობაზე საზოგადოების გავლენას, ხოლო სპირიტუალური — ადამიანების სულიერ კავშირებს. ორმხრივი კავშირი არსებობს სექსუალობასა და ცხოვრების კულტურულ, პოლიტიკურ, ლეგალურ, ფილოსოფიურ, მორალურ, ეთიკურ და რელიგიურ ასპექტებს შორის. სექსუალური აქტივობა არის ადამიანის ცხოვრების მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც კავშირშია სურვილებთან, სიამოვნებასა და სხეულის ენერგიასთან. ეს საბოლოოდ სრულდება ეროტიკული სიყვარულით, ინტიმური მეგობრობით, ადამიანური კავშირებითა და გამრავლებით.

სექსუალური კავშირებისადმი ინტერესი იზრდება, როდესაც ადამიანი აღწევს სექსუალურ სიმწიფეს. განსხვავებული აზრები არსებობს ადამიანის სექსუალური ორიენტაციისა და ქცევის წარმომავლობის შესახებ. ზოგი ამტკიცებს, რომ სექსუალობა განისაზღვრება გენეტიკურად, ზოგს სჯერა, რომ მისი ჩამოყალიბება ხდება გარემოს გავლენით, სხვების აზრით კი ადამიანის სექსუალურ ორიენტაციაზე ორივე ზემოაღნიშნული ფაქტორი მოქმედებს. ამას მივყავართ დებატებამდე „ბუნება აღზრდის წინააღმდეგ“. პირველის მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ ადამიანის თვისებები უკავშირდება მის ბუნებრივ მემკვიდრეობას, რომელიც ინსტინქტებით გამოიხატება. ხოლო მეორე ნაწილი ემყარება იმ დაშვებას, რომ ადამიანის თვისებები მუდმივად იცვლება მის განვითარებასა და აღზრდასთან ერთად. გენეტიკური კვლევები ეფუძნება იდეას, რომ ადამიანების განსხვავებული ხასიათის ძირითადი მიზეზი ალელების (გენის ერთ-ერთი ალტერნატიული ფორმა) განსხვავებაა. ადამიანის ჰორმონების კვლევებმა აჩვენა, რომ „მოსახლეობის 10%-ს გააჩნია ქრომოსომული ვარიაცია, რომელიც განსხვავდება XX-მდედრობითი და XY-მამრობითი კატეგორიისაგან“.

ადამიანთა დაწყვილების, რეპროდუქციის, რეპროდუქციული სტრატეგიის და სოციალური სწავლების თეორიის ევოლუციური პერპექტივა გვთავაზობს სექსუალობის შესახებ კიდევ ერთ მოსაზრებას. სექსუალობის სოციო-კულტური ასპექტები მოიცავს ისტორიულ განვითარებებსა და რელიგიურ რწმენებს. მაგალითს წარმოადგენს ებრაელების მოსაზრება სექსუალური სიამოვნების განცდაზე ქორწინებაში, ასევე რამდენიმე სხვა რელიგიის უარყოფითი დამოკიდებულება სექსუალური სიამოვნების მიღების მიმართ (სიამოვნებისგან თავშეკავება). ზოგიერთი კულტურა სექსუალური რეპრესიებით ხასიათდებოდა. სექსუალობის შესახებ კვლევები ასევე მოიცავს ადამიანთა იდენტობებს სოციალურ ჯგუფში, სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს და შობადობის კონტროლის მეთოდებს.

ბუნება აღზრდის წინააღმდეგ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისევე, როგორც ბიოლოგიის სხვა საკითხებს, არც ამის შესახებ მარტივი პასუხი. სექსუალური ენერგია ჰეტეროსექსუალებს, ჰომოსექსუალებს, ბისექსუალებს და სხვებს შორის ნაწილობრივ დამოკიდებულია მათ გენეტიკაზე, ასევე მენტალურ აქტივობაზე და სოციალურ, კულტურულ, საგანმანათლებლო და ნორმატიულ მახასიათებლებზე, რომლებიც დამკვიდრებულია იმ გარემოში, სადაც სუბიექტები აღიზრდებიან და მათი პიროვნებები ვითარდება.

სექსუალური ცხოვრების ყოველი ეს წესი შემდგომში განსაზღვრავს მათ პიროვნულ იდენტობას, ინდივიდუალობას სოციალურ ევოლუციაში და დიდ გავლენას ახდენს მათ ყველა სოციალურ აქტივობაზე.

დამამტკიცებელი საბუთი ბუნებისთვის

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტყუპებისგან უფრო მოსალოდნელია სექსუალური ორიენტაციის თანაზიარობა, ვიდრე სხვაგვარი გენეტიკური კავშირებისგან. ალბათ ეს გამოწვეულია მათი იდენტური გენებისა და საშვილოსნოში ერთი სახის ქიმიური ნივთიერებებისგან.

დამამტკიცებელი საბუთი აღზრდისათვის

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთი და იმავე სქესის დედმამიშვილთაგან, შემდეგ დაბადებულები უფრო ხშირად არიან ხოლმე ჰომოსექსუალები ან ბისექსუალები მუცლად ყოფნის დროს საშვილოსნოში ქიმიურ ნივთირებათა სხვაობის გამო. ეს ალბათ გამოწვეულია იმით, რომ ორ, ერთსქესიან დედმამიშვილს შორის მეტოქეობა ევოლუციურად არაა წახალისებული.

ბიოლოგია და ფიზიოლოგია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადამიანის სექსუალობის ბიოლოგიური ასპექტები მჭიდროდაა დაკავშირებული ადამიანის რეპროდუქციასთან და იმ ფიზიკურ საშუალებებთან, რომელთა მეშვეობითაც ეს ხდება (სქესობრივი კავშირი) (sexual intercourse). ისინი ასევე უკავშირდება ბიოლოგიური ფაქტორების და სექსუალობის სხვა ასპექტების გავლენას, როგორებიცაა ორგანული და ნევროლოგიური რეაქციები, მემკვიდრეობა, ჰორმონალური საკითხები, გენდერული საკითხები, სექსუალური დისფუნქცია.

რეპროდუქციის მიზნით ნორმალურია, როდესაც მამრი ასტიმულირებს მდედრს, ვიდრე ის მზად იქნება სექსისთვის. შემდეგ ის შეიყვანს თავის პენისს მის ვაგინაში. მისი წელისა და დუნდულების განმეორებითი ბიძგების შედეგად, რაც იწვევს პენისის ვაგინიდან ნაწილობრივ გამოღებას და კვლავ შეღწევას, მამაკაცი გამოყოფს სპერმას. ამან შეიძლება გამოიწვიოს სპერმის დათესვა და შემდეგ შესაძლოა ორსულობაც.

ამ პერიოდში ბევრი სხვა ბიოლოგიური ცვლილებაც ხდება, რომელთაც ცოტა რამ, ან არაფერი აქვთ საერთო რეპროდუქციასთან და მათი განზოგადება ნებისმიერ სექსუალურ აქტში შეიძლება, არა მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის. მაგალითად სხეულის ტემპერატურის გაზრდა, სიამოვნების მომგვრელი ჰორმონების დონის მომატება.

სასურველი ორსულობისა და ბავშვის დაბადების გარდა, ადამიანის ჯანმრთელობის მხრივ სექსს ბევრი სასარგებლო დატვირთვაც აქვს. მაგალითად სტრესის შემსუბუქება, იმუნიტეტის გაუმჯობესება იმუნოგლობინ ა-ს (Immunoglobulin A) მეშვეობით. გულის შეტევის და პროსტატის კიბოს რისკის შემცირება.

ფსიქოლოგიური ასპექტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სექსუალობა ადამიანებში წარმოშობს ღრმა ემოციურ და ფსიქოლოგიურ გამოხმაურებებს. ზოგიერთი თეორეტიკოსი სექსუალობას აიგივებს ადამიანის პიროვნული თავისებურებების ცენტრალურ წყაროსთან.

სექსუალობის ფსიქოლოგიური სწავლებები ფოკუსირებულია ფსიქოლოგიურ გავლენებზე, რომლებიც ეფექტს ახდენენ სექსუალურ ქცევასა და გამოცდილებაზე. ადრეული ფსიქოლოგიური ანალიზები განხორციელდა ზიგმუნდ ფროიდის (Zigmund Freud) მიერ, რომელიც ემყარებოდა ფსიქოანალიტიკურ მიდგომას. ის აგრეთვე ვარაუდობდა ეროგენული ზონების, ფსიქოსექსუალური განვითარების, ოიდიპუსის კომპლექსისა და სხვა ცნებების არსებობას.

ბიჰევიორისტები, როგორებიცაა ჯონ ბ. უოტსონი (John B. Watson) და ბ. ფ. სკინერი (B. F. Skinner), ცდებს ატარებენ მოქმედებებზე, შედეგებსა და მათ განშტოებებზე. ეს თეორეტიკოსები შეისწავლიდნენ მაგალითად ბავშვს, რომელიც ისჯებოდა სექსუალური კვლევებისთვის და აკვირდებოდნენ ზრდის პროცესში თუ იგი დაუკავშირებდა ნეგატიურ გრძნობებს საერთოდ სექსს. სოციალური სწავლების თეორეტიკოსები იყენებენ იგივე წარმოდგენებს, მაგრამ ფოკუსირდებიან უფრო შემეცნებით აქტივობებსა და მოდელირებაზე.

გენდერული იდენტობა არის ის თუ როგორ აიგივებს პიროვნება საკუთარ თავს ქალთან, მამაკაცთან, ორივესთან, არცერთთან, ან რაღაც შუალედურთან. გენდერის სოციალური კონსტრუირება განხილულია ბევრ სხვადასხვა სწავლულთა მიერ, ჯუდიტ ბატლერი (Judith Butler) მათ შორის სახელგანთქმულია. თანამედროვე მიღწევები ითვალისწინებს ფემინისტური თეორიის გავლენას და არშიყობის კვლევებს.

ბავშვთა სექსუალობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარსულში ხშირად ვარაუდობდნენ, რომ ბავშვებს არ გააჩნიათ სექსუალობა მოგვიანებით განვითარებამდე. ზიგმუნდ ფროიდი იყო ერთ-ერთი პირველი მკვლევარი, რომელმაც ბავშვთა სექსუალობა სერიოზულად აღიქვა. ვიდრე მის იდეებს, ფსიქოსექსუალური განვითარებისა და ოიდიპუსის კონფლიქტის შესახებ უარყოფდნენ, ან მოძველებულის ეტიკეტს აკრავდნენ, ბავშვთა სექსუალობის შეცნობა უმნიშვნელოვანესი ამოცანა ხდებოდა. ალფრედ კინსიმ (Alfred Kinsey) აგრეთვე გამოსცადა ბავშვთა სექსუალობა თავის “კინსის მოხსენებებში” (Kinsey Reports). ბავშვები ბუნებრივად ცნობისმოყვარენი არიან თავიანთი სხეულისა და სექსუალური ფუნქციების მიმართ. მაგალითად, აინტერესებთ საიდან ჩნდებიან ბავშვები, ამჩნევენ ანატომიურ განსხვავებებს ქალებსა და მამაკაცებს შორის, და ბევრი მათგანი მიმართავს გენიტალიურ თამაშს (genital play) (ხშირად შეცდომით აღიქმება მასტურბაციად). საბავშვო სექსუალური თამაში შეიცავს გენიტალიების გამომჟღავნებას, ან კვლევას. ბევრი ბავშვი იღებს მონაწილეობას ზოგიერთ სექსუალურ თამაშში, ძირითადად დედმამიშვილებთან, ან მეგობრებთან.

სექსუალობა ზრდასრულობის გვიანდელ ასაკში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სექსუალურ ქცევაში ცვლილებები ხდება ასაკის მატებასთან ერთად და რადგან მოხუცები შეიძლება დასუსტებული იყვნენ თავიანთი უძლურებით, ურთიერთობა საჭიროა დარჩეს მეგობრული და მგრძნობიარე. ასაკი იწვევს ცვლილებებს სექსუალურ გამოხატვაში. მამაკაცები უფრო ხშირად განიცდიან ამ ცვლილებებს, ვიდრე ქალები. კაცებისთვის ორგაზმი უფრო იშვიათი ხდება და ჩვეულებრივ, სჭირდებათ მეტი პირდაპირი სტიმულაცია ერექციის გამოსაწვევად. ყოველი ოთხი მამაკაციდან ერთს, 65-იდან 80 წლამდე, აღენიშნებოდა ძლიერი პრობლემები ერექციის გამოწვევასთან ან შენარჩუნებასთან დაკავშირებით და ეს პროცენტული მაჩვენებელი იზრდებოდა 80 წელს გადაცილებულ მამაკაცთა შორის. გარდა ამისა, ერექციის დისფუნქციის საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება ასაკოვან ზრდასრულებს სექსის იმედს უსახავს. მიუხედავად სამედიცინო გართულებებისა, და მოსაზრებების, რომ ასაკოვანი ხალხი უნდა იყოს ასექსუალი, ბევრი ასაკოვანი მისდევს შეღწევად სექსუალურ კავშირს. თანამედროვე ინტერვიუს შედეგებმა, რომელშიც მონაწილეობდა 3000 ასაკოვანი, 57-დან 85 წლამდე, აჩვენა, რომ ჯანმრთელობა დიდ როლს თამაშობს ხანდაზმულთა სექსუალურ აქტივობაში. სექსუალურად აქტიურ ასაკოვანთა პროცენტული რაოდენობა მეტია მათ შორის, ვისაც ჯანმრთელობის კარგი მდგომარეობა აქვს იმათზე, ვისაც ამ მხრივ ცუდად აქვს საქმე. ხშირად მოხუცი ქალები სექსუალურად ნაკლებად აქტიურები არიან. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ისინი მეუღლეებზე დიდხანს ცოცხლობენ, ან მამაკაცების ტენდენცია, რომ ახალგაზრდა ქალებზე იქორწინონ. როდესაც ასაკოვანი ზრდასრულები სექსუალურად აქტიურები არიან, ინტიმი და მეგობრობა ხშირად უფრო მნიშვნელოვანია მათთვის, ვიდრე სექსი.

სოციოკულტურული ასპექტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადამიანის სექსუალობა ასევე შეიძლება გაგებული იქნას, როგორც ადამიანების სოციალური ცხოვრების ნაწილი, რომელსაც მართავს ქცევის ნაგულისხმევი წესები და სტატუს ქვო. ასეთი მოპყრობა ავიწროებს საზოგადოებაში არსებული ჯგუფების ხილვადობას. სოციოკულტურული ასპექტი იკვლევს სოციალურ ნორმებზე და ამ ნორმებისაგან გამოწვეულ გავლენებს პოლიტიკის და მასმედიის ეფექტებთან ერთად. ასეთმა მოქმედებებმა შეიძლება სოციალურ ნორმებში განავითარონ მასობრივი ცვლილებები, როგორებიც იყო მაგალითად სექსუალური რევოლუცია და ფემინიზმის წარმოქმნა.

ისწავლება სექსის კონსტრუირებულ მნიშვნელობებსა და რასობრივ იდეოლოგიებს შორის კავშირი. სექსუალური მნიშვნელობები კონსტრუირებულია რასობრივ-ეთნიკური საზღვრების შესანარჩუნებლად “სხვების” ცილისწამების და ჯგუფის შიგნით სექსუალური ქცევის დარეგულირების ხარჯზე. ორივე მოქმედება: ქცევის ამ დადგენილი წესების ერთგულება ან მათგან გადახვევა, განსაზღვრავს და აძლიერებს რასობრივ, ეთნიკურ და ნაციონალისტურ რეჟიმებს.

ასაკი და ზნე-ჩვეულებები, რომელთა მიხედვითაც ბავშვები არიან ინფორმირებული სექსუალური საკითხების შესახებ, სექსუალური განათლების შედეგია. სასკოლო სისტემებს თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში აქვთ სექსუალური განათლების გარკვეული ფორმა, მაგრამ ამ საკითხების ბუნება ფართოდ ცვალებადია. ზოგიერთ ქვეყანაში (როგორებიცაა ავსტრალია და ევროპის ქვეყნების დიდი ნაწილი) “ასაკის შესაფერისი” სექსუალური განათლება ხშირად სკოლამდელ ასაკში იწყება, მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნებში ასეთ განათლებას მოზარდობის ან მის წინაპერიოდში იწყებენ. სექსუალური განათლება შეიცავს მთელ რიგ თემებს, სექსუალური ქცევის ფიზიკურ, მენტალურ და სოციალურ ასპექტებს.

სექსუალური მორალი რელიგიაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსოფლიოს რელიგიების უმრავლესობა ცდილობდა მორალის საკითხები, რომლებიც აღმოცენდებოდა ადამიანების სექსუალობიდან, მიემართა საზოგადოებისა და ადამიანური ურთიერთქმედებებისკენ. ყველა ძირითადმა რელიგიამ შექმნა მორალური კოდექსი, რომელიც მოიცავდა სექსუალობის, მორალის, ეთიკის და ა.შ. საკითხებს, რომლებიც დადგენილი იყო ადამიანების სექსუალური ქმედებებისა და პრაქტიკების სახელმძღვანელოდ.

სექსუალობა ისტორიაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელოვნება და არტიფაქტები წარსული ეპოქებიდან, ეხმარებიან ადამიანთა მიერ ამა თუ იმ ეპოქის სექსუალური წარმოდგენების გამოხატვას.

უძველესი ცივილიზაციები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბევრი უძველესი ცივილიზაცია უზრუნველყოფს სექსუალობის განვითარების საბუთს. კერძოდ:

1 ეგვიპტე: წყვილი, ხნუმჰოტეპი (Khnumhotep) და ნიანხხნუმი (Niankhkhnum), ამჟამად დაკრძალულები მეხუთე დინასტიის ეპოქის გაერთიანებულ სამარხში, რომელიც მდებარეობს ეგვიპტის ქალაქ საქარაში, ყოფილა უძველესი აღიარებული ერთსქესიანი წყვილი კაცობრიობის ისტორიაში. ძველი ეგვიპტელები ფალოსის კულტს აკავშირებდნენ “ოსირისთან” (Osiris). როდესაც “ოსირისის” სხეული დაჭრეს ცამეტ ნაწილად, “სეთმა” (Set) მიმოფანტა ისინი მთელ ეგვიპტეში და მისმა ცოლმა, “ისისმა” (Isis) მოაგროვა ყველა ნაწილი გარდა ერთისა, მისი პენისისა, რომელიც თევზმა გადაყლაპა (იხილეთ ლეგენდა ოსირისსა და ისისზე). ფალოსი ითვლებოდა ნაყოფიერების სიმბოლოდ და ღმერთი “მინი” ხშირად გამოისახებოდა ერეგირებული პენისით.

2 ინდოეთი: უძველესი ტექსტები ინდუიზმიდან, ბუდიზმიდან და ჯაინიზმიდან, როგორებიცაა “ვედები” (Vedas), ამჟღავნებენ მორალურ პერსპექტივებს სექსუალობის, ქორწინებისა და ნაყოფიერების ლოცვების შესახებ. “რამაიანამ” (Ramayana) და “მაჰაბჰარატამ” (Mahabharata), ანტიკური ინდოეთის, დაახლოებით XIV საუკუნის თქმულებებმა, მოგვიანებით გავლენა იქონიეს ჩინურ, იაპონურ, ტიბეტურ და სამხრეთ-დასავლეთ აზიის კულტურებზე. ისინი აღნიშნავენ, რომ სექსი მიღებული იყო, როგორც ორმხრივი მოვალეობა დაქორწინებულ წყვილს შორის, მაგრამ ამავე დროს იგი მიჩნეული იყო პირად საქმედ. ინდოეთის სახალხოდ ცნობილი სექსუალური ლიტერატურაა “სამოცდაოთხი ხელოვნების” ტექსტი (“კამა-სუტრა”) (Kama Sutra).

3 მესოპოტამია: უძველეს მესოპოტამიაში, “იშტარი” (Ishtar) იყო სიცოცხლის, მამაკაცების და ქალების, ბუნების და ნაყოფიერების, სექსის, სექსუალური ძალის და შობადობის მოწინავე ღმერთი. ის აგრეთვე იყო ომის და იარაღის ღმერთიც. ნებისმიერ გამარჯვებას მის ტაძრებში ზეიმობდნენ. ნადიმებსა და სექსუალურ ორგიებში წმინდა ტაძრის პროსტიტუტებს პროდუქტსა და ფულს სწირავდნენ.

4 ჩინეთი: “ი ჩინგში” (I Ching) (ცვლილებების წიგნი, ჩინური კლასიკური ტექსტების კრებული, რომელიც ეხება დასავლური ტერმინით მეტაფიზიკას), სექსუალური კავშირი არის ორიდან ერთ-ერთი ფუნდამენტური მოდელი, რომლითაც აიხსნება სამყარო. სამოთხე აღწერილია, როგორც სექსუალური კავშირის დამყარება დედამიწასთან. ერთსქესიანი საყვარლები, უძველესი ჩინეთის მკვიდრი მამაკაცები, რომლებსაც ჰქონდათ დიდი პოლიტიკური ძალაუფლება, მოხსენიებული არიან ფილოსოფიის და ლიტერატურის ერთ-ერთ უძველეს და უდიდეს ნაშრომში “ჟუანგ ზი” (Zhuang Zi).

5 იაპონია: ალბათ მსოფლიოს ყველაზე ძველ რომანში, “გენჯი მონოგატარი” (Genji Monogatari) (გენჯის ამბავი), რომელიც თარიღდება დაახლოებით 11-ე საუკუნით, ეროტიციზმი განხილულია, როგორც არისტოკრატთა ესთეტიკური ცხოვრების ცენტრალური ნაწილი.

6 საბერძნეთი: ანტიკურ საბერძნეთში ფალოსი, ხშირად “ჰერმას” (Herma) ფორმით გამოხატული, იყო თაყვანისცემის ობიექტი და ნაყოფიერების სიმბოლო. ანტიკური ბერძენი მამაკაცის ერთ-ერთი აზრი ქალის სექსუალობაზე იყო ის, რომ ქალებს შურდათ მამაკაცის პენისის. ცოლები აღიქმებოდნენ, როგორც საქონელი, ხელსაწყოები კანონიერი შვილების გასაჩენად. ისინი სექსუალურად უნდა შეჯიბრებოდნენ “ერომენოის” (Eromenoi), “ჰეტაერასს” (Hetaeras) და მონებს თავიანთ საკუთარ სახლებში.

7 რომი: ანტიკურ რომაულ ცივილიზაციაში არსებობდა დღესასწაულები, რომლებიც ასოცირდებოდნენ ადამიანის რეპროდუქციულ ორგანოებთან. დროთა განმავლობაში წამოიჭრა ნებაყოფლობითი სექსის, აგრეთვე პროსტიტუციის ინსტიტუციონალიზაცია. ამის შედეგი იყო ვირტუალური სექსუალური კასტური სისტემა რომაულ ცივილიზაციაში – სექსუალური ურთიერთობების სხვადასხვა წოდებები და საფეხურები. ლეგალურად დაქორწინებული მეუღლეების გარდა, ბევრ მამაკაცს ჰყავდა “დელიკატუები” (Delicatue), მდიდარი და გამოჩენილი მამაკაცების საყვარლები. ზოგიერთები იყვნენ “ფამოსაეები” (Famosae), უმეტესად ქალიშვილები და ცოლებიც კი მდიდარი ოჯახებიდან, რომლებსაც მოსწონდათ სექსი საკუთარი სიამოვნებისთვის. იყო კიდევ ერთ-ერთი კლასი, ცნობილი როგორც “ლუპაე” (Lupae), რომლის წევრებიც მზად იყვნენ ქონოდათ სექსი ნებისმიერთან ვინც ამის საფასურს გადაუხდიდათ. “კოპაეები” (Copae) იყვნენ მსახური გოგონები ტავერნებსა და ფუნდუკებში, რომლებიც არ იყვნენ წინააღმდეგი მოგზაურებისათვის მიექირავებინათ თავი ერთი ღამის გასატარებლად.

თანამედროვე განვითარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანამედროვე აკადმიაში სექსუალობა ისწავლება სექსოლოგიის და “გენდერი და სექსუალობის” (Gender and Sexuality Studies) სწავლების სფეროში ბევრ სხვა სფეროს შორის. სექსოლოგია, სექსუალური ინტერესების, ქცევისა და ფუნქციის სწავლება მოიცავს სექსუალურ განვითარებას და სექსუალურ ურთიერთობებს სქესობრივი კავშირის (შეღწევადი სექსი) ჩათვლით. იგი ასევე ადასტურებს ისეთი ჯგუფების სექსუალობას, როგორებიცაა ინვალიდები (შრომის უნარს მოკლებულები), ბავშვები და მოხუცები.

ალფრედ კინსი დაინტერესდა სექსუალური პრაქტიკების განსხვავებული ფორმებით დაახლოებით 1933 წელს, როდესაც მან აღმოაჩინა კინსის სკალა (Kinslay Scale), რომელიც მწკრივდება 0-დან 6-მდე, სადაც 0 არის უკიდურესად ჰეტეროსექსუალი და 6 კი უკიდურესად ჰომოსექსუალი. მისი “კინსის აღწერები” (Kinsley Reports) დაიწყო მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა “მამრობითი სქესის ადამიანის სექსუალური ქცევა” (Sexual Bbehavior in the Human Male) 1948 წელს და “მდედრობითი სქესის ადამიანის სექსუალური ქცევა” (Sexual Behavior in the Human Female) 1953 წელს, რამაც ხელი შეუწყო 1960-იანი წლების სექსუალურ რევოლუციას.

ადამიანის სექსუალური ქცევა, სტიმულირებული სიამოვნების მიღების სურვილით, შეიცავს პარტნიორის ან პარტნიორების ძიებას, ინდივიდებს შორის ურთიერთქმედებას, ფიზიკურ, ემოციურ ინტიმურობას, და სექსუალურ კონტაქტს, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს წინასექსუალურ თამაშში (foreplay), მასტურბაციაში და საბოლოო ჯამში მიაღწიოს ორგაზმს.

სექსუალური მიზიდულობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სექსუალური მიზიდულობა მნიშვნელოვანი ასპექტია პიროვნების, როგორც მის სექსუალობაზე დაკვირვებისა და ასევე მასზე დამკვირვებლისაც. ყოველი ადამიანი განსაზღვრავს თვისებებს, რომლებსაც თვლის მიმზიდველად. ეს თვისებები და მათი აღქმის უნარი ყოველ პიროვნებას საკუთარი აქვს. ადამიანის სექსუალურ ორიენტაციას საყურადღებო გავლენა აქვს იმაზე, თუ რა თვისებები მიაჩნია მას მიმზიდველად. თვისებები, რომლებიც ადამიანებს შეიძლება მიაჩნდეთ სექსუალურად მიმზიდველად, შეიძლება დამოკიდებული იყოს ფიზიკურ თვისებებზე, ადამიანის გარეგნობის და მოძრაობების ჩათვლით, მაგრამ ასევე შეიძლება გავლენა ჰქონდეს მის ხმას, ან სუნს, აგრეთვე ინდივიდუალურ უპირატესობებს, რაც სხვადასხვა გენეტიკური, ფსიქოლოგიური და კულტურული ფაქტორების ზემოქმედების შედეგია.

ურთიერთობის აწყობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადამიანები ცნობიერად თუ ქვეცნობიერად ცდილობენ მიიზიდონ სხვები. ისინი, ვისთანაც შეძლებენ უფრო ღრმა ურთიერთობის ფორმირებას. ამის მიზანი შეიძლება იყოს ამხანაგობა, შობადობა, ინტიმური ურთიერთობა და სხვა. ეს მოქმედება შეიცავს ინტერაქტიულ პროცესებს, რისი საშუალებითაც ადამიანები იზიდავენ პოტენციურ პარტნიორებს და ამყარებენ ურთიერთობას. ის პროცესები, რომლებშიც შედის პარტნიორის მიზიდვა და სექსუალური ინტერესის გამყარება, შეიძლება შეიცავდეს შემდეგ ეტაპებს:

1 ფლირტი შეიძლება იქნას გამოყენებული იმისთვის, რომ მიიზიდონ სხვისი სექსუალური ყურადღება, რათა აღძრან რომანტიკული ან სექსუალური დამოკიდებულებები და შეიძლება შეიცავდეს ჟესტების ენას, საუბარს, ხუმრობას, ან მცირე ფიზიკურ კონტაქტს.

2 ცდუნება არის პროცესი, რომლის მეშვეობითაც ერთი ადამიანი განზრახ ხიბლავს მეორეს, რომ შეიტყუოს იგი გარკვეული სახის სექსუალურ ქცევაში. სექსუალური ინტერესის საკომუნიკაციო საშუალება შეიძლება იყოს ვერბალური, ან ვიზუალური.

3 პაემანი არის შეხვედრა, ან პიკნიკი პოტენციურ პარტნიორთან და ემსახურება მასთან სიახლოვისა და შესაფერისობის გაუმჯობესებას ინტიმური პარტნიორობისთვის.

4 ხანდახან ფიზიკური ინტიმის მოლოდინი არის სექსუალური მიზიდულობის ყველაზე ეფექტიანი საშუალება. ეს შეიძლება გამოიხატოს ისეთი გრძნობებით, როგორებიცაა ახლო მეგობრობა, ან სიყვარული. ინტიმის გამოხატვის საშუალებებია აგრეთვე ხელჩაკიდებული ყოფნა, ჩახუტება, კოცნა, ან მოფერება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. (2010) Sex and Society, Volume 2. Marshall Cavendish, გვ. 384. ISBN 978-0-7614-7907-9. „The term human sexuality broadly refers to how people experience and express themselves as sexual beings.“ 
  2. Joan Ferrante (2014). Sociology: A Global Perspective. Cengage Learning, გვ. 207. ISBN 978-1-285-74646-3. „Sexuality encompasses all the ways people experience and express themselves as sexual beings.“ 
  3. Greenberg, Jerrold S.; Bruess, Clint E.; Oswalt, Sara B. (2016) Exploring the Dimensions of Human Sexuality. Jones & Bartlett Publishers, გვ. 4–10. ISBN 978-1-284-08154-1. „Human sexuality is a part of your total personality. It involves the interrelationship of biological, psychological, and sociocultural dimensions. [...] It is the total of our physical, emotional, and spiritual responses, thoughts, and feelings.“ 
  4. Bolin, Anne; Whelehan, Patricia (2009) Human Sexuality: Biological, Psychological, and Cultural Perspectives. Taylor & Francis, გვ. 32–42. ISBN 978-0-7890-2671-2.