სერგი დონდუა
სერგი ლევანის ძე დონდუა (დ. 1 ივლისი, 1922, თბილისი — გ. 8 აპრილი, 1999, მოსკოვი ) — ქართველი მეზღვაური, შორეული ნაოსნობის კაპიტანი, საბჭოთა საზღვაო ფლოტის ფლაგმან საკრუიზო ლაინერ „მაქსიმ გორკის“ პირველი კაპიტანი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სერგი დონდუა დაიბადა თბილისში. ბავშვობა დედულეთში, იალტაში გაატარა. 1941 წელს დაამთავრა იალტის მე-3 საშუალო სკოლა. 1945-1948 წლებში სწავლობდა ოდესის საზღვაოსნო სასწავლებელში (დაუსწრებლად) და მიიღო შორეული ნაოსნობის შტურმანის კვალიფიკაცია.
1941 წლიდან მუშაობდა იალტის ნავსადგურის პორტფლოტის ავარიულ-სამაშველო და საბრძოლო კატარღა „კურორტნიკზე“ მესაჭე-მატროსად. ომის დაწყებისთანავე გემი შავი ზღვის ფლოტის ავარიულ-სამაშველო ხომალდად გადაკეთდა, მასზე ტყვიამფრქვევები დააყენეს და საბრძოლველად გაუშვეს. სერგი დონდუა ამ გემის მთავარი მესაჭე იყო. მეორე მსოფლო ომის დამთავრებას იგი რუმინეთში, კონსტანცას პორტში შეხვდა. სამხედრო-საზღვაო ფლოტში დარჩა 1948 წლამდე.
1948 წელს სერგი დონდუა პირველად წავიდა შორეულ ნაოსნობაში ორთქლმავალ „ალექსანდრე პუშკინის“ კაპიტნის მეოთხე თანაშემწის რანგში. მომდევნო წლებში იგი ცურავდა ორთქლმავალ „ნიკოლაევის“ კაპიტნის მეოთხე, მესამე, მეორე და უფროს თანაშემწედ. 1953 წელს კი მას მშრალტვირთა გემ „კარლ მარქსის“ მეთაურობა მიანდეს.
1957 წელს მან დაამთავრა ოდესის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი (დაუსწრებლად). 1958 წელს გახდა სამგზავრო ორთქლმავალ „ბელოოსტროვის“ კაპიტანი, მოგვიანებით საფრანგეთში აგებული ახალი ხომალდი „ნიკოლაი პიროგოვი“ ჩაიბარა. შემდგომ წლებში კი მიიღო საბჭოთა კავშირისათვის გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში აგებული ახალი სამგზავრო გემები „ლიტვა“ (1960) და „ტარას შევჩენკო“ (1966).
1974 წელს სერგი დონდუამ ჩაიბარა იმ დროისათვის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო საკრუიზო ლაინერი, საბჭოთა საზღვაო ფლოტის ფლაგმანი – „მაქსიმ გორკი“. ის იყო ამ ლეგენდარული გემის პირველი და უცვლელი კაპიტანი (1986 წლამდე).
1986 წელს სერგი დონდუა პენსიაზე გავიდა. სიცოცხლის უკანასკნელი წლები მან იალტაში გაატარა. გარდაიცვალა 1999 წლის 8 აპრილს, მოსკოვში. ანდერძის თანახმად, ურნა მისი ნეშტის ფერფლით იალტის შუქურიდან ერთი კაბელტოვის მოშორებით ჩაუშვეს ზღვაში.
სერგი დონდუას 1982 წელს მიენიჭა სოციალისტური შრომის გმირის წოდება. ის მრავალი მედლისა და ორდენის კავალერი იყო. მათ შორის: ლენინის ორდენი, ოქტომბრის რევოლუციის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, წითელი დროშის ორდენი და სხვ.
ოდესის საზღვაოსნო სასწავლებლის ფასადზე სერგი დონდუას ხსოვნის პატივსაცემად მიმაგრებულია მემორიალური დაფა, სადაც მის პროფილთან ერთად გამოსახულია ლეგენდარული თბომავალი „მაქსიმ გორკი“.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზღვისა და ფერფლის ამბავი : სერგი დონდუა, შორეული ნაოსნობის კაპიტანი, 1922-1999 // ანაკლია : Anaklia. – თბილისი, 2018. – N 6 (მაისი). – გვ. 86.