სერგეი კირიენკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სერგეი კირიენკო

სერგეი კირიენკო (რუს. Серге́й Владиле́нович Кирие́нко; დ. 26 ივლისი, 1962, სოხუმი, საქართველოს სსრ, სსრკ) — რუსი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე. 2016 წლის 5 ოქტომბირდან — რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე. გაზეთ „Коммерсант“-ის ინფორმაციით, 2018 წელს მიენიჭა რუსეთის ფედერაციის გმირის წოდება.

1998 წლის აპრილ-აგვისტოში იკავებდა რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას. იყო ქვეყნის ისტორიაში მთავრობის ყველაზე ახალგაზრდა თავმჯდომარე, 35 წლის ასაკში. 2005-2016 წლებში იკავებდა „როსატომის“ გენერალური დირექტორის პოსტს.

პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრემიერ-მინისტრობამდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1997 წლის აპრილში კირიენკო გადავიდა სამუშაოდ მოსკოვში, სადაც მისმა მეგობარმა, მაშინდელმა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ბორის ნემცოვმა დაარწმუნა პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ჩერნომირდინი დაენიშნა კირიენკო მაღალ თანამდებობაზე საწვავის და ენერგეტიკის სამინისტროში. ჩერნომირდინი თავიდან უარზე იდგა, გამომდინარე იქიდან, რომ კირიენკოს არ ჰქონდა სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება, თუმცა, მოგვიანებით, შეცვალა გადაწყვეტილება, რადგან არ სურდა დიდი კამათი ნაკლებად მნიშვნელოვან საკადრო დანიშვნაზე.[1]

1998 წლის 23 მარტს პრეზიდენტმა ბორის ელცინმა კირიენკო პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა (ჩერნომირდინის კაბინეტის გადადგომის შემდეგ). მრავალი წლის შემდეგ, გახდა ცნობილი, რომ იმ დღეს ელცინი აკეთებდა არჩევანს გენერალ ანდრეი ნიკოლაევსა და კირიენკოს შორის. როგორც თვითონ ელცინმა აღნიშნა, მას პრემიერის პოსტზე ესაჭიროებოდა ახალგაზრდა და ენერგიული პოლიტიკოსი. მისი თქმით, კირიენკო და მართვის მისი სტილი პირველი შეხვედრის შემდეგ მოეწონა.[1]

პრემიერ-მინისტრობა და 1998 წლის დეფოლტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1998 წლის აპრილ-აგვისტოში იკავებდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. ორჯერ, 10 და 17 აპრილს, რუსეთის სახელმწიფო დუმამ უარყო მისი კანდიდატურა. მხოლოდ 24 აპრილს, კირიენკოს კანდიდატურა დამტკიცდა (საჭირო იყო 226 მომხრე, კირიენკოს კი 251 დეპუტატი მიემხრო). აღსანიშნავია, რომ დუმის მესამე უარის შემთხვევაში, პრეზიდენტ ელცინს საკანონმდებლო ორგანოს დათხოვება შეეძლო. დუმის მიერ დამტკიცების დღესვე, ელცინმა მოაწერა ხელი ბრძანებას კირიენკოს მთავრობის თავმჯდომარედ დანიშვნის შესახებ.

კირიენკოს დანიშვნისას, ახლო იყო ფინანსური პირამიდის, „სახელმწიფო მოკლევადიანი ვალდებულებების“ (რუს. Государственные Краткосрочные Обязательства (ГКО)) კრახი. სახელმწიფო დუმაში გამოსვლისას კირიენკომ ხაზი გაუსვა რუსეთში არსებულ რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას და აღნიშნა, რომ საგარეო ვალი 170 მილიარდ დოლარს შეადგენდა.[2][3][4][5] მან აგრეთვე დაამატა, რომ აზიის ფინანსური კრიზისის შედეგები რუსეთში ჯერ კიდევ არ იყო ცხადი, თუმცა, მისი ვარაუდით, ფედერალური ბიუჯეტის დანაკარგი 30 მილიარდი დოლარი იქნებოდა. მუშაობის პირველივე დღეებში, კირიენკომ გააცნობიერა, რომ ფინანსური სიტუაცია ბევრად უფრო ცუდი იყო, ვიდრე ის მოელოდა.

კირიენკოს კაბინეტის ფორმირებისას, ვიცე-პრემიერების პორტფელი მიიღეს ბორის ნემცოვმა, ოლეგ სისუევმა და ვიქტორ ხრისტენკომ. კირიენკოს კაბინეტში აგრეთვე მოღვაწეობდა მემარცხენე პოლიტიკოსი, წარმოებისა და ვაჭრობის მინისტრი კომუნისტი იური მასლიუკოვი. კირიენკო თვლიდა, რომ ეს ნაბიჯი შეამსუქებდა მისი მთავრობის კრიტიკას კომუნისტების ფრაქციისგან.[6]

მთავარი მაკროეკონომიკური იდეა, რომელსაც განიხილავდნენ კირიენკოს კაბინეტში, რუბლის დევალვაცია იყო. თუმცა, დევალვაცია არ აწყობდათ კომერციულ ბანკებს, რომლებიც გაუფასურებული რუბლით ვერ მოახერხებდნენ მყარი ვალუტის საკმარისად შეძენას და საგარეო ვალების გასტუმრებას. დაიწყო რუსეთიდან კაპიტალის გაბანდება. პრეზიდენტი ელცინი, რომელიც ეკონომიკაში კარგად ვერ ერკვეოდა, იმედებს კირიენკოზე ამყარებდა. ამ სიტუაციაში, უკანასკნელმა სახელმწიფო დუმას შესთავაზა ანტიკრიზისული გეგმა, რომლის თანახმადაც სახელმწიფო ხარჯები რადიკალურად უნდა შემცირებულიყო. კირიენკომ პარლამენტს გეგმის რეალიზაციის ორი ვარიანტი შესთავაზა: დუმას შეეძლო თავისი აქტით დაედგინა ხარჯების შემცირების ოდენობა, ან კიდევ, თუ საკანონმდებლო ორგანო არ იყო მზად აეღო საკუთარ თავზე ეს პასუხისმგებლობა, მიეცა უფლება მთავრობისთვის საკუთარი ხედვის შესაბამისად ემოქმედა.

სახელმწიფო დუმამ კირიენკოს ანტიკრიზისული გეგმის ორივე ვარიანტი უარყო და სანაცვლოდ არანაირი ალტერნატივა არ შესთავაზა. ამის გამო, მთავრობამ ვერ მოახერხა ხარჯების შემცირება და შესაბამისად, დაეცა ნდობა მის მიმართ; ინვესტორებმა გაყიდეს რუსული ფასიანი ქაღალდები, რამაც რუბლის დევალვაცია განაპირობა. 14 აგვისტოს, რუსული სავალუტო ბაზარი ფაქტობრივად პარალიზებული იყო. კირიენკოს წინაშე დილემა დადგა: ბოლო რეზერვების დახარჯვა, ფულის დაბეჭდვა და „ГКО“-ს მფლობელებთან ანგარიშსწორება, ან რუბლის დევალვაცია და ვალების გასტუმრების შეჩერება. კირიენკომ მეორე ვარიანტი აირჩია.[6]

პირველად რუსეთის ისტორიაში, პრემიერმა გამოაცხადა დეფოლტის შესახებ, რაც ვალების გადახდაზე მორატორიუმის გამოცხადებას გულისხმობდა. მოგვიანებით, კირიენკომ აღნიშნა, რომ „მიიღო ცუდი გადაწყვეტილება, რათა თავიდან უარესი აეცილებინა“.[6]

1998 წლის 21 აგვისტოს, სახელმწიფო დუმის ყველა ფრაქციამ უნდობლობა გამოუცხადა მთავრობას და პრემიერის გადადგომა მოითხოვა. 23 აგვისტოს ელცინმა კირიენკო დაითხოვა. მისი გადადგომის შემდეგ, პრეზიდენტმა ჯერ ჩერნომირდინის დაბრუნება სცადა, თუმცა, მას შემდეგ რაც დუმამ ეს კანდიდატურა უარყო, ელცინმა ევგენი პრიმაკოვი აირჩია (1999 წელს, ის ვლადიმერ პუტინმა ჩაანაცვლა).[6]

პრემიერ-მინისტრობის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1999 წელს კენჭი იყარა მოსკოვის მერობაზე და გავიდა მეორე ადგილზე, მოქმედი იური ლუჟკოვის შემდეგ.

1999-2000 წლებში იყო „მემარჯვენე ძალების კავშირის“ ფრაქციის ლიდერი რუსეთის სახელმწიფო დუმაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Леонид Млечин. Примаков. — М.: Молодая гвардия, 2015. — 528 с. — (ЖЗЛ). — ISBN 978-5-235-03846-2.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]