სენ-ჟერმენის საზავო ხელშეკრულება (1919)
სენ-ჟერმენის ხელშეკრულება
| |
---|---|
სენ-ჟერმენის საზავო ხელშეკრულება
| |
ხელი მოეწერა | 10 სექტემბერი, 1919 |
ადგილი | სენ-ჟერმენ-ან-ლე, საფრანგეთი |
ძალაში შევიდა პირობები |
16 ივლისი, 1920 ავსტრიის დამფუძნებელი კრების მიერ რატიფიცირება |
ვადა გაუვიდა | 1938 |
ხელი მოაწერეს | ავსტრია აშშ დიდი ბრიტანეთი საფრანგეთი იტალია იაპონია |
რატიფიკაცია | 17 ოქტომბერი, 1919 |
მეანაბრე | საფრანგეთის მთავრობა |
ენები | ფრანგული, ინგლისური, იტალიური |
სენ-ჟერმენის საზავო ხელშეკრულება — პირველი მსოფლიო ომის (1914-1918 წწ.) დამამთავრებელი ერთ-ერთი საზავო ხელშეკრულება, დამდები მხარეები იყვნენ: ერთი მხრით, აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, იაპონია და სხვა „მოკავშირე და გაერთიანებული სახელმწიფოები“ და, მეორე მხრით, ავსტრია. ხელი მოაწერეს ქალაქ სენ-ჟერმენ-ან-ლეში (პარიზის მახლობლად).
10 სექტემბერს სენ-ჟერმენის საზავო ხელშეკრულებამ დაადასტურა ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დაშლა და მის ტერიტორიაზე ავსტრიის რესპუბლიკის, უნგრეთის, ჩეხოსლოვაკიის, სერბია-ხორვატია-სლოვენიის (1929 წლიდან — იუგოსლავია) სახელმწიფოს შექმნა.
ავსტრიამ იკისრა მთავარი „მოკავშირე და გაერთიანებული სახელმწიფოების“ მიერ დადგენილი ბულგარეთის, პოლონეთის, რუმინეთის, საბერძნეთის, სერბია-ხორვატია-სლოვენიის სახელმწიფოს და ჩეხოსლოვაკიის საზღვრების ცნობა. მასვე დაეკისრა რეპარაციები, აეკრძალა სამხედრო ავიაციისა და სამხედრო ფლოტის შექმნა. ბუკოვინის სახალხო ვეჩეს 1918 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება ჩრდილოეთ ბუკოვინის საბჭოთა უკრაინასთან შეერთების შესახებ მხედველბაში არ მიიღეს და ბუკოვინა მთლიანად გადაეცა რუმინეთს, იტალიამ მიიღო სამხრეთ ტიროლი და სხვა ტერიტორიები. სენ-ჟერმენის საზავო ხელშეკრულების 88-ე მუხლი კრძალავდა ავსტრიის დამოუკიდებლობის შელახვას, მის შეერთებას გერმანიასთან (ანშლუსი), რაც შეესაბამებოდა 1919 წლის ვერსალის საზავო ხელშეკრულების 80-ე მუხლს. სენ-ჟერმენის საზავო ხელშეკრულება რატიფიცირებულ იქნა ავსტრიის დამფუძნებელი კრების მიერ 1919 წლის 17 ოქტომბერს. ძალაში შევიდა 1920 წლის 16 ივლისს.
1938 წლის მარტში ფაშისტური გერმანიის მიერ ავსტრიის დაპყრობით სენ-ჟერმენის საზავო ხელშეკრულების პირობები მთლიანად გაუქმდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კობახიძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 288.