სეინერი
სეინერი (ინგლ. seiner < seine — ქისისებრი ბადე) — თევზსარეწი გემი, რომელიც ჭერას ახორციელებს სასროლი (ქისისებრი) ბადეებით. ერთანძიანი გემია; აქვს ქიმისკენ გაწეული ზედნაშენი, ბადის ამოსაწევი და დასაკეცი მოწყობილობები, თევზის გასაცივებელი და დასამუშავებელი მანქანები, თევზსაძებნი აპარატურა (მაგ. ექოლოტი). სეინერის კიჩოზე არის ბადის შესანახი და დასამუშავებელი სივრცე და საბრუნი ბაქანი, საიდანაც ბადე წყლიდან ამოაქვთ. თევზის ჭერისას ბადის ერთი ბოლო დამაგრებულია დამხმარე ძრავიან ნავზე.[1] ქისისებრი ბადით თევზჭერის სეზონურობასთან დაკავშირებით, როგორც წესი, სეინერებს იყენებენ სხვა დამხმარე იარაღებით (ტრალი, დრიფტული ბადეები და ა.შ.) თევზჭერაშიც. ქისისებრი სარეწი მოწყობილობების ტრალურთან შეხამებით შესაძლებელი ხდება სეინერის გამოყენება როგორც პელაგური, ისე ფსკერის თევზების ჭერისათვის, იხსნება სეზონური შეზღუდვები, მაღლდება ჭერის ეფექტურობა. როგორც წესი, სეინერის წყალწყვა არ აჭარბებს 500 ტონას, სიგრძე — 50 მეტრს, სიჩქარე — 12 კვანძს.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 270.
- ↑ Сейнер // Большая российская энциклопедия. т. 29. — М., 2015. — стр. 676.