სახელმწიფო აუდიტის სამსახური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
State Audit Office of Georgia - Logo.jpg
უწყების შესახებ
შეიქმნა 1918; 101 წლის წინ (1918)
უწყების ხელმძღვანელი/ები ირაკლი მექვაბიშვილი, (გენერალური აუდიტორი
 
ეკა ღაზაძე,
დავით გოგიჩაიშვილი,
ნოდარ ჯავახიშვილი, (მოადგილეები)
ზემდგომი უწყება საქართველოს პარლამენტი
საიტი
sao.ge

სახელმწიფო აუდიტის სამსახური — სახელმწიფო საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს აუდიტს.[1] აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორია ირაკლი მექვაბიშვილი.

ფუნქცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელმწიფო აუდიტის სამსახური არის უმაღლესი აუდიტორული ორგანო. მისი უფლებამოსილება, საქმიანობის წესი და ორგანიზაცია განისაზღვრება, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.[1]

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიზნებია, ხელი შეუწყოს სახელმწიფო სახსრების, სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვას და ეფექტიანობას, ეროვნული სიმდიდრის, სახელმწიფო ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საკუთრების დაცვას, ასევე საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებას.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ახორციელებს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონებით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კანონს. დაუშვებელია მის საქმიანობაში ჩარევა ან/და მისი საქმიანობის კონტროლი, ამ საქმიანობასთან დაკავშირებით ანგარიშის მოთხოვნა, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული კანონით. აკრძალულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურზე ყოველგვარი პოლიტიკური ზეწოლა, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელმაც შეიძლება ხელყოს მისი დამოუკიდებლობა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური უწყებრივად, ფინანსურად, ფუნქციონალურად და ორგანიზაციულად დამოუკიდებელია.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელმწიფო აუდიტის სამსახური (სახელმწიფო კონტროლიორის ინსტიტუტი) საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად ჩამოყალიბდა.

სახელმწიფო კონტროლიორის ინსტიტუტი (ამჟამინდელი სახელმწიფო აუდიტის სამსახური) 1918 წელს შეიქმნა.

1918-1921 წლებში საქართველოს დამფუძნებელი კრებამ (პარლამენტი) მიიღო რიგი საკანონმდებლო აქტები, რომლითაც ჩამოყალიბდა სახელმწიფო ფინანსური კონტროლის სისტემა და მისი სტატუსი განისაზღვრა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციით.

სახელმწიფო ფინანსურ კონტროლიორს მანდატით მინიჭებული ჰქონდა უფლება, შეემოწმებინა სახელმწიფო ბიუჯეტის სისწორით ასრულება, შეესწავლა სახელმწიფოს შემოსავლები და ხარჯები, მთავრობისა და სხვადასხვა უწყების ხარჯთაღრიცხვა და ანგარიშები, ასევე შეემოწმებინა ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსები.

1921 წლიდან 1991 წლამდე, საბჭოთა ოკუპაციის გამო, სახელმწიფო კონტროლიორის ინსტიტუტი არ ფუნქციონირებდა. კომუნისტური მმართველობის პერიოდში ჩამოყალიბდა სსრკ სახალხო კონტროლის სისტემა, რომელიც დროთა განმავლობაში იცვლიდა სახელწოდებას და ფუნქციას.

1991 წელს ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, შეიქმნა სახელმწიფო ფინანსური კონტროლის ეროვნული სისტემა და დაფუძნდა საქართველოს კონტროლის პალატა.

1991-2012 წლებში საქართველოს კონტროლის პალატის ფუნქცია იყო საკონტროლო-სარევიზიო საქმიანობა და დარღვევებზე ადმინისტრაციულ - ფინანსური სანქციებით რეაგირება.

2012 წლის 1 ივლისიდან „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ კანონით, კონტოლის პალატა სახელმწიფო აუდიტის სამსახურად გარდაიქმნა.

საქართველომ აირჩია უმაღლესი აუდიტორული ორგანოს საპარლამენტო მოდელი, რომელიც აკადემიურად ვესტმინსტერულ მოდელად მოიხსენიება. ამ მოდელით, საქართველოს უმაღლეს აუდიტორულ ორგანოს მართავს ერთპიროვნული ხელმძღვანელი, რომელსაც ირჩევს პარლამენტი და რომელიც ანგარიშვალდებულია მხოლოდ პარლამენტის წინაშე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ჩამოყალიბებას თან მოყვა მანდატის შეცვლა, რომელიც განისაზღვრა როგორც საჯარო სექტორის აუდიტი. ფინანსურ და შესაბამისობის აუდიტორულ საქმიანობას დაემატა ეფექტიანობის აუდიტის ფორმატი, რომლის მიზანია სახელმწიფო პროგრამების განხორციელების შეფასება ეფექტიანობის, პროდუქტიულობისა და ეკონომიურობის პრინციპით; აუდიტების განხორციელების შემდეგ გაიცემა რეკომენდაციები, რომლებიც ხელს უწყობს საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებას.

აუდიტის სამსახურში საქმიანობენ საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიებში — „Big 4; PricewaterhouseCoopers; Ernst & Young“ და „Deloitte & Touche“, აგრეთვე კერძო და საჯარო სექტორის აუდიტის სფეროებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე აუდიტორები.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური თანამშრომლობს საერთაშორისო ინსტიტუციებსა და სხვადასხვა ქვეყნის უმაღლეს აუდიტორულ ორგანოებთან.

2009 წლიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარტნიორები არიან საერთაშორისო ორგანიზაციები GIZ, SIGMA, UNDP, USAID, მსოფლიო ბანკი და ა. შ. ასევე ორმხრივი ურთიერთობები დამყარდა შვედეთის, ლატვიის, ლიტვის, ჩეხეთის, პოლონეთისა და სხვა ქვეყნების უმაღლეს აუდიტორულ ორგანოებთან.

1992 წლიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახური — უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციის (INTOSAI), 1993 წლიდან — ევროპული ორგანიზაციის (EUROSAI), ხოლო 2004 წლიდან — აზიური ორგანიზაციის (ASOSAI) წევრია.[2]

2011 წლიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ამოქმედდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა, დაინერგა მართვის თანამედროვე ინსტიტუციური პოლიტიკა, დაიწყო საინფორმაციო ტექნოლოგიებთან ინტეგრირების უწყვეტი პროცესი და სხვა.[3]

2017 წლიდან გაფართოვდა აუდიტის მოცვის სფეროები და დაიწყო საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) აუდიტორული საქმიანობა.

2017 წელს პირველად განხორციელდა საერთაშორისო დონორის მიერ დაფინანსებული პროექტის პირველი დამოუკიდებელი ეფექტიანობის აუდიტი — მსოფლიო ბანკის პროექტში — „შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვა“ (SRAMP).

2017 წლიდან დაიწყო ჰორიზონტალური აუდიტის განხორციელება.

ინსტიტუციური განვითარება უწყვეტი პროცესია. ყოველი ახალი ეტაპის მიღწევისას, მდგრადი პროგრესის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური განსაზღვრავს ახალ სტრატეგიულ ამოცანებს.

სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრუქტურა 2018 წლის მონაცემებით

ხელმძღვანელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ირაკლი მექვაბიშვილი — გენერალური აუდიტორი (დღემდე — 2017 წლის 14 სექტემბერი)[4]
  • ლაშა თორდია — გენერალური აუდიტორი (2017 წლის ივნისი — 2012 წლის ივლისი)
  • ლევან ბეჟაშვილი — გენერალური აუდიტორი (2012 წლის ივლისი), კონტროლის პალატის თავმჯდომარე (2012 წლის ივნისი — 2008 წლის ივლისი)
  • ლევან ჭოლაძე — კონტროლის პალატის თავმჯდომარე (2008 წლის ივლისი — 2007 წლის მაისი)
  • ზურაბ სოსელია — კონტროლის პალატის თავმჯდომარე (2007 წლის მარტი — 2004 წლის ივნისი)
  • სულხან მოლაშვილი — კონტროლის პალატის თავმჯდომარე (2004 წლის იანვარი — 2000 წლის მაისი )
  • რევაზ შავიშვილი — კონტროლის პალატის თავმჯდომარე (2000 წლის მაისი — 1992 წლის ნოემბერი)
  • ავთანდილ სილაგაძე — კონტროლის პალატის თავმჯდომარე (1992 წლის ნოემბერი — 1992 წლის მარტი)

რეკვიზიტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მისამართი: წმ. ქეთევან დედოფლის გამზირი, 96, თბილისი, საქართველო.
  • ტელეფონი: 243 81 31 243 81 78
  • ცხელი ხაზი 243 81 81
  • ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტი
    • მისამართი: ქ. ქუთაისი, 4600,ირაკლი აბაშიძის ქ N22
  • აუდიტის დეპარტამენტი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში
    • მისამართი: ქ. ბათუმი, 6000, შერიფ ხიმშიაშვილის ქ. N7

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. წაკითხვის თარიღი: 11 ივლისი, 2018.
  2. სახელმწიოფ აუდიტის ისტორია. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ოფიციალური საიტი. წაკითხვის თარიღი: 11 ივლისი, 2018.
  3. სახელმწიფო აუდიტის სამსახური. Work.ge. წაკითხვის თარიღი: 11 ივლისი, 2018.
  4. ირაკლი მექვაბიშვილი გენერალურ აუდიტორად დაამტკიცეს. „იმედინიუსი“ (20 სექტემბერი). წაკითხვის თარიღი: 11 ივლისი, 2018.