საქართველოს დისიდენტური მოძრაობების კონფერენცია (1990)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

საქართველოს დისიდენტური მოძრაობების კონფერენცია (1990) — დისიდენტური მოძრაობების ერთიანი კონფერენცია თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. კონფერენციის შემდეგ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ორ ბანაკად გაიყო.

1990 წლის 11-13 მარტს თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდა კონფერენცია, რომელზეც მიწვეული იყო იმ დროს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში ჩართული ყველა არაფორმალური გაერთიანება. კონფერენციის მიზანი იყო საკოორდინაციო საბჭოს შექმნა. მასში უნდა ყოფილიყო ორ-ორი წარმომადგენელი ყოველი პარტიიდან და მას კოორდინაცია უნდა გაეწია ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ყველა აქციისათვის.

კონფერენციაზე გამოიკვეთა ორი მკვეთრად განსხვავებული პოლიტიკური პოზიცია:

  • პარტიათა ერთ ნაწილს აუცილებლად მიაჩნდა საბჭოთა კავშირის კანონებით არჩევნების ჩატარება, არჩევნების მოგება და ამ გზით მოპოვებული ხელისუფლების გამოყენება საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან კანონიერი, ლეგიტიმური გასვლისათვის. ამ გზას მაშინ „ლიტვის გზას“ უწოდებდნენ, რამდენადაც ლიტვამ 1990 წლის 11 მარტს სწორედ ასე დაიწყო სსრკ-დან გასვლა.
  • სხვა ძალები არჩევნების გზით პოლიტიკურ განვითარებას შეუძლებლად თვლიდნენ და მოითხოვდნენ საბჭოთა არმიის გაყვანას საქართველოდან. მათი ლოზუნგი იყო: „ჯერ — თავისუფლება: შემდეგ — დამოუკიდებლობა“.

პოზიციებზე შეუთანხმებლობის გამო ზვიად გამსახურდიამ და მისმა მომხრეებმა დატოვეს კონფერენცია. კონფერენციაზე დარჩნენ ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, (გიორგი ჭანტურია), ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია (ირაკლი წერეთელი), კონსერვატორული პარტია (თემურ ჟორჟოლიანი), მხედრიონი (ჯაბა იოსელიანი), რომელთაც ჩამოაყალიბეს „ეროვნული კონგრესი“.

ზვიად გამსახურდიამ კონფერენციაზე დარჩენილ ძალებს უწოდა „ანტიეროვნული მოძრაობა“ და დატოვა კონფერენცია. პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა, რომლებმაც დატოვეს კონფერენცია, შემდგომ შექმნეს პოლიტიკური ალიანსი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველო“. მისი მთავარი პოლიტიკური მიზანი იყო ჯერ დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარება, შემდეგ კი — ამ რეფერენდუმზე დაყრდნობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციის მიღება

გამსახურდიას ბლოკი აპირებდა მონაწილეობა მიეღო 1990 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ არჩევნებში. 1990 წლის მაისის ბოლოს, სპორტის სასახლეში ჩატარდა „ეროვნული ყრილობა“, რომლის მთავარი ორგანიზატორები იყვნენ ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია. ყრილობამ მიიღო გადაწყვეტილება, არ მიეღო არჩევნებში მონაწილეობა. ყრილობამ „მრგვალი მაგიდა“ დაადანაშაულა ეროვნული ინტერესების ღალატში და ქართველი ერის შეცდომაში შეყვანაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]