საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია — პირთა წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის კორპორაცია, რომელიც შექმნილია „ადვოკატთა შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე. ადვოკატთა ასოციაციის მისიაა, ხელი შეუწყოს საქართველოში ხარისხიანი და სანდო მართლმსაჯულების სისტემის დამკვიდრებას, იურიდიული პროფესიის დამოუკიდებლობისა და საადვოკატო საქმიანობაში მაღალი პროფესიული სტანდარტების უზრუნველყოფის გზით.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის უმაღლესი ორგანოა ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება, რომელიც ირჩევს ასოციაციის თავმჯდომარეს, ასევე აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის და სარევიზიო კომისიის წევრებს.
ადვოკატთა ასოციაციის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებასა და ასოციაციის ყოველდღიურ საქმიანობას უზრუნველყოფს ასოციაციის აპარატი, რომელსაც ხელმძღვანელობს აღმასრულებელი მდივანი.[1] ასოციაციის აპარატის შემადგენლობაში შედის ადმინისტრაციული დეპარტამენტი, სასწავლო ცენტრი და ეთიკის კომისიის აპარატი.
სასამართლო პრაქტიკის განზოგადების, კონკრეტული სამართლის დარგის განვითარებისა და იურიდიულ პროფესიაში არსებული პრობლემატური საკითხების გადაჭრის მიზნით, აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, ასოციაციაში შექმნილია კომიტეტები და სამუშაო ჯგუფები. ამჟამად, ასოციაციაში ფუნქციონირებს 26 კომიტეტი (13 თბილისში და 13 რეგიონში) და 1 სამუშაო ჯგუფი.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს ადვოკატთა ასოციაციის წევრთაგან ირჩევს ასოციაციის საერთო კრება 4 წლის ვადით. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე იმავდროულად არის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს ასოციაციას.
2017 წლის 21 დეკემბერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრებამ ასოციაციის თავმჯდომარედ დავით ასათიანი აირჩია.[2]
ხოლო, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2021 წლის 11 დეკემბრის საერთო კრების გადაწყვეტილებით დავით ასათიანი მეორე ვადით დღემდე იკავებს თავმჯდომარის პოზიციას.
ასოციაციის მართვის ორგანოა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო. აღმასრულებელი საბჭო შედგება 12 წევრისაგან, რომელთაგან 11-ს ოთხი წლის ვადით, ფარული კენჭისყრით, ირჩევს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება, ადვოკატთა ასოციაციის სიითი შემადგენლობიდან. ასოციაციის თავმჯდომარე თანამდებობრივად შედის აღმასრულებელი საბჭოს შემადგენლობაში.
„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ეთიკის კომისია დამოუკიდებელია და თავის საქმიანობას ახორციელებს აღნიშნული კანონისა და პროფესიული ეთიკის ნორმების საფუძველზე. ეთიკის კომისიის კომპეტენციაა შეამოწმოს ადვოკატზე შემოსული ინფორმაცია, შეისწავლოს მისი საფუძვლიანობა და გადაწყვიტოს ადვოკატის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი. ეთიკის კომისია შედგება 15 წევრისაგან, რომელთაგან არანაკლებ 12 ადვოკატია, ხოლო ეთიკის კომისიის საქმიანობის ეფექტიანობისა და საზოგადოებრივი ნდობის ამაღლების მიზნით, 3 წევრი არის საზოგადოების სხვადასხვა წრეების წარმომადგენელი.
სარევიზიო კომისია ახორციელებს კონტროლს ასოციაციის თავმჯდომარის, აღმასრულებელი საბჭოს, აღმასრულებელი მდივნისა და მათ მიერ დანიშნული (დამტკიცებული) პირების კანონის, ასოციაციის წესდების შესრულებისა და ფინანსური სახსრების თუ სხვა ქონების საწესდებო მიზნების შესაბამისად გამოყენებაზე. სარევიზიო კომისია შედგება ასოციაციის საერთო კრების მიერ 4 წლის ვადით, ფარული კენჭისყრით, არჩეული 5 წევრისგან.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი
- საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია - facebook-ზე
- საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია - youtubze-ზე
- საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია - linkedin-ზე