საუფლისწულო
საუფლისწულო — ფეოდალური მიწისფლობელობის ფორმა საქართველოში. ერთიანი ქართული ფეოდალური მონარქიის ეპოქაში საუფლისწულო ერქვა მეფის სახასო მამულიდან რომელიმე უფლისწულისათვის გამოყოფილ დროებით სამფლობელოს. XV—XVIII საუკუნეებში სათავადოებში საუფლისწულოს უწოდებდნენ სათავადოს საერთო-სახასო სამფლობელოდან გამოყოფილ ყმა-მამულს, რომელიც ეძლეოდა რომელიმე თავადიშვილის სახლს დროებით მფლობელობაში სარჩოდ და საცხოვრებლად. რამდენიმე ხნის შემდეგ ეს საუფლისწულო შეიძლებოდა სხვა ოჯახს გადასცემოდა. საუფლისწულოს მფლობელს აქედან არც რაიმეს გაყიდვა შეეძლო, არც რაიმე ცვლილების შეტანა ყმა-გლეხის ფეოდალურ ვალდებულებებში (მაგ., გააზატება-გატარხნება და სხვა). თუ ეს მაინც მოხდებოდა, მხოლოდ სათავადოს სხვა წევრების დაკითხვით და საერთო თანხმობით. სათავადოს უფროსი (თავადი) საუფლისწულოს შინაურ საქმეებში ვერ ჩაერეოდა. საუფლისწულო მამულს, როგორც სახასოს ნაწილს, „სახელმწიფო ხარჯი“ ედო.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ასათიანი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 148.