შინაარსზე გადასვლა

სასიამოვნო ქარი, ნათელი დილა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სასიამოვნო ქარი, ნათელი დილა
凱風快晴, Gaifū kaisei
ავტორი კაცუსიკა ჰოკუსაი
წელი დაახლ. 1830-32 წწ.
ტიპი უკიო-ე ჟანრის გრავიურა
სიმაღლე 25,72
სიგანე 38
მუზეუმი ბრიტანეთის მუზეუმი

სასიამოვნო ქარი, ნათელი დილა (იაპონურად: 凱風快晴, Gaifu kaisei), ასევე საყოველთაოდ ცნობილი, როგორც „წითელი ფუძიამა“ ან „ნათელი დღე, სამხრეთის ნიავით“ - უკიო-ე ჟანრის გრავიურა, შექმნილი იაპონელი მხატვრის და გრავიორის, კაცუსიკა ჰოკუსაის (1760–1849) მიერ, დაახლოებით 1830-32 წლებში. [1]

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს ნამუშევარი სერიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია, „კანაგავას დიდ ტალღასთან“ ერთად, მაგრამ განსხვავებით ამ უკანასკნელისგან, რომელშიც რთულ კომპოზიციებს ვაწყდებით, „წითელი ფუძიამა“ მარტივი კომპოზიციებითაა წარმოდგენილი.

მიუხედავად იმისა, რომ ჰოკუსაის ნამუშევრების უმრავლესობაში ლანდშაპტს და ბუნებას ვხედავთ, როგორც ადამიანების საცხოვრებელ გარემოს, ამ შემთხვევაში ეს ასე არ არის, აქ წარმოდგენილია მხოლოდ ბუნება: ცაზე მიმავალი ღრუბლები, მთა ფუძიამა, მასზე შემორჩენილი ცოტაოდენი თოვლი, ხეები, შიშველი ფერდობები, რომლებსაც მზე წითლად ღებავს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გრავიურა გვიანდელ ზაფხულს ან ადრეულ შემოდგომას ასახავს, რომლისთვისაც ასევე დამახასიათებელია სათაურშივე ნახსენები სამხრეთის ქარი. წითლად შეფერილი მთა ფუძიამა ჰოკუსაის სხვა ნამუშევრებშიც არის წარმოდგენილი, მაგრამ აქ წითელი ფერის ტონი უფრო მეტად მძაფრია, რაც გარშემო ფერებთან კონტრასტს განაპირობებს. [2]

ნამუშევარში თოვლი ქმნის მკვეთრ კონტრასტს თითქმის შავ კონუსთან. გამოსახულების ეს, ყველაზე ბნელი ნაწილი დაბალანსებულია მთის ძირში არსებული ტყეებით. მწვერვალის დაყოფა მუქ, წითელ და მწვანე არეალებად, თავისთავად ფუძიამას ძალიან მიმზიდველ ობიექტად აქცევს. ასევე ყურადღებას იქცევს ცაზე გამოსახულ ღრუბელთა ფორმა, რომელიც იაპონური გრავიურებისთვის უნიკალურია და აშკარად ემსგავსება დასავლურ მოდელებს, სავარაუდოა, რომ ის მომდინარეობს ჰოლანდიური სპილენძის გრავიურებიდან. აღსანიშნავია ისიც, რომ მარცხენა მხარეს გამოსახული ღრუბლები აბალანსებს, მარჯვენა მხარეს გამოსახულ სიმეტრიულ ფუძიამას მდებარეობას. [3]

"წითელი ფუძიამა" და "ვარდისფერი ფუძიამა"[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვარდისფერი ფუძიამა

საგულისხმოა, რომ ამ გრავიურის რამდენიმე ვერსია არსებობს. წითელი ფუძიამა ყველაზე გავრცელებული დიზაინია და ის ბრიტანეთის მუზეუმს ეკუთვნის. მეორე ვარიანტი, ყველაზე იშვიათი ვერსიაა და „წითელ ფუძიამასთან“ შედარებით ჩამქრალი ფერებით არის წარმოდგენილი, მას იხსენიებენ, როგორც „ვარდისფერი ფუძიამა“. მასზე თავად მწვერვალი ყავისფერი და ვარდისფერი ფერებით არის წარმოდგენილი, მის ძირში კი მწვანეს უფრო დიდი სივრცე უკავია, ვიდრე „წითელ ფუძიამაში“, ცა კი შედარებით უფრო ღიაა. აღსანიშნავია ის, რომ „ვარდისფერი ფუძიამა“ უფრო ადრეული ვერსიაა, ვიდრე „წითელი ფუძიამა“, სწორედ მოგვიანებითი ვერსიებისთვის გამოიყენებოდა მუქი მოწითალო ფერები, რომელიც შერწყმული იყო ასევე მუქ ლურჯ ცასთან, ადრინდელი გრავირების ეფექტები კი გამარტივებული იყო, ფუძიამას მოწითალო-ყავისფერ ფერსა და ფერდობის მწვანე ფერს შორის გრადაციის გამოსახვა უფრო ადვილი და სწრაფი გახლდათ.[2] ის აზიური ხელოვნების ეროვნული მუზეუმის კოლექციას (პარიზში) ეკუთვნის. როჯერ კიზი, რომელიც თავისი კარიერის განმავლობაში ჰოკუსაის ნამუშევრებს იკვლევდა, მათ შორის კი „წითელ ფუძიამას“ და მის ვერსიას „ვარდისფერ ფუძიამას“, მიაჩნია, რომ „ვარდისფერი ფუძიამა“ დიზაინის ყველაზე ადრეული ვერსიაა, მისი ფერების პალიტრა კი, ჰოკუსაის მიერ შერჩეული ორიგინალი პალიტრაა, მაგრამ ეს თეორია დღემდე არ არის მეცნიერულად გამოკვლეული. [4]

კაცუსიკას შემოქმედება, როგორც შთაგონება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს ნამუშევარი სწორედ მისი მარტივი და ამავე დროს გასაოცარი კომპოზიციით არის გამორჩეული. კაცუსიკა ჰოკუსაი სერიაში „მთა ფუძიამას ოცდათექვსმეტი ხედი“ გადმოგვცემს თუ როგორ იცვლება მწვერვალის შეფერილობა ამინდთან, სინათლესთან და სეზონთან ერთად. საგულისხმოა, ის რომ კაცუსიკამ თავისი არაორდინალური, სტილიზებული კომპოზიციებითა და ფორმებით, გაჯერებული ფერებით, შთააგონა იმპრესიონისტი და პოსტიმპრესიონისტი მხატვრები, რომლებიც მე-19 საუკუნის ბოლოს ევროპაში მოღვაწეობდნენ. სხვადასხვა ბუნებრივი პირობების ზემოქმედების ასახვის იდეამ, შესაძლოა შთააგონა კლოდ მონე შეექმნა თივის, წყლის შროშანებისა და ლონდონის ხიდების სერია. [3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Katsushika Hokusai, South Wind, Clear Sky,(Gaifū kaisei). The Metropolitan Museum of Art
  2. 2.0 2.1 Katsushika Hokusai, "South Wind, Clear Sky". The British Museum.
  3. 3.0 3.1 Fine Wind, Clear Morning (Gaifū kaisei). Indianapolis Museum of Art
  4. Developing a systematic approach to determine the sequence of impressions of Japanese woodblock prints: the case of Hokusai’s ‘Red Fuji’ SpringerOpen